"სარბიელი"
# 91
ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2008 წელი

გაზაფხულმა მარკოიშვილს ტრავმა გაახსენა: ელისმა პრიმერა შეინარჩუნა

ირაკლი პერტაია

გასულ კვირაში მთავარი ლეგიონერული ამბავი გიორგი ცინცაძის საევროთასო ოთხთა ფინალში თამაში იყო, თუმცა ამ საქმიდან საჩვენო არაფერი გამოვიდა. ესტონურმა "როკმა" ჯერ ნახევარფინალი წააგო ლატვიურ "ბარონსთან", შემდეგ კი მესამე ადგილისთვის მატჩიც დათმო კვიპროსულ აელ-თან.

ეს ამბები "სარბიელის" წინა ნომრებიდან გეცოდინებათ, აქ კი დანარჩენი ლეგიონერების შესახებ მოგითხრობთ, თუმც სალაპარაკოც ბევრი არაფერია.

მოვიდა გაზაფხული და მანოს ტრავმები მოეძალა - დაიჩივლა მანუჩარ მარკოიშვილის მამამ იმ დღეს. საქმე ის გახლავთ, რომ მარკოიშვილს ტერფზე ოპერაცია აქვს გაკეთებული, რომელიც გაზაფხულობით უმიზეზდება ხოლმე და ბოლო წლებია, ამ პერიოდში მას ტრავმები სტანჯავს.

"ბკ კიევი" გასულ კვირაში პლეი ოფში ჩაება და პირველი ბარიერიც წარმატებით გადალახა - "დნეპრს" 2:0 (82:66, 73:67) მოუგო, თუმც ეს ქართველი უკანახაზელის გარეშე მოახერხა. როდის ჩადგება მანუჩარი მწყობრში, ჯერ უცნობია, თუმც გადამწყვეტი მატჩებისთვის კიეველებს მისიც ეიმედებათ.

რაც ბერძნულ "არისში" გადაბარგდა, ვლადიმერ ბოისამ საუკეთესო მატჩი გასულ შაბათს ითამაშა. მისი გუნდი "ეგალეოს" შეხვდა და იოლადაც დაამარცხა, ბოისამ კი 25 წუთში 15 ქულა, 1 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

დაბოლოს, ტაირონ ელისზეც ვთქვათ, ვისმა "კახასოლმაც" "გრანადას" დამარცხებით ესპანურ პრიმერადივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. საქართველოს ნაკრების ამერიკელმა უკანახაზელმა 23 წუთი ითამაშა და 10 ქულასთან ერთად თითო ჩაჭრა-პასიც მიითვალა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com