"სარბიელი"
# 91
ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2008 წელი

ჯინობილი ჩრდილშიც ბრწყინავს: სათადარიგო, რომელიც ძირითადებს სჯობია

ივანე კობიაშვილი

2007-08 რეგულარული ჩემპიონატის პირველი ჯილდო "სან ანტონიო სფურზის" არგენტინელ მსროლელ ემანუელ ჯინობილის ერგო. ნბა-ზე მწერალ-მოსაუბრე ამერიკელმა და კანადელმა ჟურნალისტებმა ის სეზონის საუკეთესო სათადარიგო მოთამაშედ დაასახელეს. ჯინობილიმ 124 შესაძლებელიდან 123 პირველი ხმა მიიღო და გამოკითხვაში უზარმაზარი უპირატესობით აჯობა ფინიქსელ ლეანდრო ბარბოსას და დალასელ ჯეირონ ტერის.

ცოტა გასაკვირია, მაგრამ ამერიკაში ჯინობილის ბევრი "სან ანტონიოს" საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს. არგენტინელს ტონი პარკერზე და ხშირად თვით ტიმ დანკანზე წინაც კი აყენებენ, მაგრამ გუნდის ტაქტიკური მონახაზების გამო ჯინობილი მაინც სათადარიგოდაა გამწესებული. თითქმის ყველა შეხვედრას მსროლელის პოზიციაზე ვეტერანი მაიკლ ფინლი იწყებს, ჯინობილი კი აგრძელებს და ამთავრებს (თან ძალზე ბასრადაც). ასე გადაწყვიტა ოთხგზის ჩემპიონთა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა და არგენტინელ სუპერვარსკვლავს, რომელსაც ერთი შეხედვით ხასიათში არც სითამამე აკლია და არც თავისის გატანის უნარი, კრინტიც არ დაუძრავს პროტესტის ნიშნად.

"მანუ ის ადამიანია, რომელიც დიდი ხნის წინ მიხვდა, რა არის ჩვენს საქმეში ყალბი და რა ნამდვილი. მან პირად და გუნდურ წარმატებას შორის არჩევანი მეორეს სასარგებლოდ გააკეთა და მე ვთვლი, რომ ის ბევრად უფრო მოგებული დარჩა, ვიდრე სასტარტო ხუთეულზე გადამკვდარი ბევრი პირველხარისხოვანი მოთამაშე. ჩვენს ლიგაში ბევრი ვარსკვლავი არ მეგულება, ვისაც მწვრთნელი სათადარიგოდ გამწესებას გაუბედავს. ამ მხრივ მე ძალიან გამიმართლა" - გრეგ პოპოვიჩს იშვიათად თუ წასცდება ამდენი დადებითი თავის შეგირდებზე.

პოპმა კარგა ხნის წინ ჩასვა ბებერი და მუხლებგაცვეთილი ფინლი ხუთეულში, ჯინობილის კი წლეულს ნათამაშები 74 მატჩიდან მხოლოდ 23 დააწყებინა, მაგრამ ამან მხოლოდ არგო "სან ანტონიოს", გუნდს, რომელიც რაციონალიზმის განსახიერებაა და ჩემპიონიც ამიტომ ხდება ასე ხშირად. ფინლიც კმაყოფილია, რომელიც კარგა ხნის წინ ამოვარდა 20-ქულიანთა კლუბიდან, მაგრამ არ ჩაკარგულა პოპის გამჭრიახობის და მანუს დიდსულოვნების გამო.

ორგზის ოლსტარელი ფინლი ჯინობილიზე ამბობს - "ის ნბა-ში საუკეთესო მოთამაშეა, სკამიდან რომ ერთვება თამაშში. ნებისმიერ სხვა გუნდში ის ძირითადი იქნებოდა, მაგრამ მის მიერ საკუთარი "ეგოს" ძლევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, როგორი გუნდი გვყავს და პირველ რიგში, როგორი მოთამაშეა თავად მანუ."

ეს სეზონიც გამორჩეული გამოდგა არგენტინელისთვის. მან საშუალოდ 19,5 ქულა აგროვა და მართალია, ნბა-ს ბომბარდირთა ოცეულშიც კი ვერ შევიდა, მაგრამ, სამაგიეროდ, იმ გუნდში გახდა საუკეთესო (დანკანსაც აჯობა და პარკერსაც), რომელმაც ბოლო 9 წელიწადში ოთხჯერ იჩემპიონა და ახლაც რეალური ფავორიტია. ისე, ეს მაჩვენებელი საუკეთესოა ჯინობილის ექვსწლიან კარიერაში. "სან ანტონიოს" ის დაეხმარა 2003, 05 და 07 წლებში სამი ტიტულის მოპოვებაში.

"აი, ამას დავიმახსოვრებ მე სიცოცხლის ბოლომდე, ჩემს ტიტულებს და არა იმას, 28 წუთი მიწევდა თამაში თუ 38. 10 წლის შემდეგ საჩემპიონო ბეჭდებით განვსაჯოთ, რამდენად წარმატებული გამოვიდა ჩემი თამაში ამ ლიგაში. ახლა ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მატჩის დაწყების დროს მოედანზე ვიქნები თუ სკამზე. მწვრთნელი მენდობა და მამთავრებინებს თამაშს, ეს უფრო მნიშვნელოვანი მგონია."

"საუკეთესო სათადარიგო. - ხელებს გაოცებით შლის შარშანდელი ფინალის უძვირფასესი მოთამაშე ტონი პარკერი - სათადარიგო კი არა, მთელი რეგულარული ჩემპიონატის განმავლობაში ის ჩვენი საუკეთესო მოთამაშე იყო."



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com