"სარბიელი"
# 91
ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2008 წელი

ბოსტონური ჟულიენი მონრეალში ჩავარდა

კახა ლომაშვილი

"მონრეალმა" სერიის მეშვიდე მატჩში "ბოსტონისგან" ქვა ქვაზე არ დატოვა და პლეი ოფის მეორე წრეს დაგეგმილზე უფრო მეტი წვალებით, მაგრამ მაინც უწია. ამ წყვილის ფავორიტად თავიდანვე კანადური გუნდი ითვლებოდა - ჯერ ერთი, რომ თავის ისტორიაში "დათვებთან" გამართული 30 სათასო სერიიდან 23 ჰქონდა მოგებული, მეორეც, წლევანდელ რეგულარულ სეზონში "კანადიენსმა" ყველა შეხვედრაში აჯობა "ბოსტონს". თავად ეს სერიაც ნჰლ-ის ყველაზე ტიტულიანი გუნდის აშკარა უპირატესობით დაიწყო და "მონრეალიც" მალე 3:1 დაწინაურდა. თითქოს აქ ყველაფერი უნდა მორჩენილიყო, მაგრამ...

ბევრს გადაავიწყდა, რომ "ბოსტონს" კლოდ ჟულიენი თავკაცობს, რომლისთვისაც სერიის 1:3-დან ამოქაჩვა არახალი ამბავია - საინტერესო კი ის არის, რომ ჟულიენმა ასეთი რამ ოთხი წლის წინ "კანადიენის" მწვრთნელის რანგში გააკეთა და თანაც თავისი ამჟამინდელი გუნდის, "ბოსტონის" წინააღმდეგ. თუმც ამჯერად ლამაზი ზღაპარი აღარ განმეორდა და ჟულიენმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა.

გუშინდელ შეხვედრაში "მონრეალმა" თავისი საფირმო სწრაფი ჰოკეით პირწმინდად დაჩაგრა მომხვდური "დათვები" და ხუთი უპასუხო შაიბით გაისტუმრა მშობლიური "ბელ ცენტრიდან". ბრწყინვალე იყო ახალგაზრდა კერი პრაისი, რომელმაც რამდენიმე ასპროცენტიანი მომენტი არ გამოაყენებინა სტუმრებს და ამით წინა შეხვედრებში დაშვებული შეცდომები გამოისყიდა - პრაისისთვის ეს მეორე პლეიფური შატაუტი გახლდათ.

შეტევაში კი თავი ჯერ მცვლებმა გამოჩინეს - მაიკ კომისარეკმა და შვეიცარიელმა მარკ შტრაიტმა ისე ითამაშეს, ნებსიმიერ ბომბარდირს შეშურდებოდა. ამის შემდეგ ბელარუსი ძმების კოსტიცინების დრო დადგა და ჯერ უფროსმა ანდრეიმ შეასრულა დუბლი, შემდეგ კი უმცროსმა სერგეიმ გამოიჩინა თავი.

"ჩვენ ძალიან სტაბილური გუნდი ვართ. წაგებული შეხვედრების შემდეგ საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ ხოლმე და ამიტომ იყო, წლეულს ზედიზედ სამ მატჩში ერთხელაც რომ არ დავმარცხებულვართ და ამ შეხვედრის წინ ნაკლებად ვნერვიულობდი" - ამაყად განაცხადა ნამატჩევს "მონრეალის" ახალგაზრდა დამრიგებელმა გი კარბონემ.

დღის მეორე შეხვედრაში კი "ვაშინგტონმა" გასვლაზე მოუგო "ფილადელფიას" და ამით "ბოსტონის" გმირობა გაიმეორა, რადგანაც სერიაში ანგარიში გააყაიმა (არადა, 1:3-ს აგებდა). თუმც "დედაქალაქელები" "დათვებივით" მეშვიდე შეხვედრის ჩაგდებას სულაც არ გეგმავენ და "მფრინავებს" ნამდვილი ჯოჯოხეთის მოწყობას ჰპირდებიან.

გუშინდელი მატჩის გმირად კი აწ მიწურული რეგულარული სეზონის საუკეთესო ჰოკეისტი ალექსანდრ ოვეჩკინი იქცა - ამ შეხვედრამდე "ფილადელფიამ" თითქმის მთლიანად შეძლო რუსი ვარსკვალვის თამაშიდან გათიშვა, მაგრამ ოვეჩკინმა გუშინ მესამე პერიოდში გაილაღა და ჯერ ვიქტორ კოზლოვის სუპერპასი შეირგო, შემდეგ კი ჩვეულ სტილში გაისროლა ათიოდ მეტრიდან და პირთამდე გავსებული ფილადელფიური ტრიბუნები, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში, მას შაიბაზე ყოველი შეხებისთანავე უსტვენდნენ, უცბად გააჩუმა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com