|
|
"სარბიელი"
ჯოკოვიჩმა მეგობარი კორტს მიღმა იცის
კახა ლომაშვილი
სათიხნარო სეზონი სულ უფრო და უფრო ხურდება - აგერ ამ კვირაში პირველი საგრუნტო მასტერსიც დაიწყო, რომელიც ტრადიციისამებრ მონტე კარლოში იმართება. ამდაგვარ ტურნირებს, როგორც წესი, არც ერთი ბობოლა არ ტოვებს და წლეულსაც ასე მოხდა, როცა მონაკოს სათავადოს მთელი საჩოგბურთო ელიტა ეწვია. გამონაკლისს ისევ და ისევ ამერიკელები წარმოადგენენ, რომლებიც მაქსიმალურად არიდებენ თავს საძულველ თიხნრაზე ჩოგნაობას და "როლან გაროსამდე" იშვიათად იწუხებენ ხოლმე თავს. უკვე დამკვიდრებული წესისამებრ, ტურნირზე პირველ რვა ნომრად განთესილი მეჩოგენეები მხოლოდ მეორე წრიდან გადიან კორტზე. თუმც ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მონტე კარლოში საინტერესო არაფერი მომხდარა - ბევრი დაძაბული ჯახიც ვნახეთ და ერთი-ორი მოულოდნელობის მომსწრენიც გავხდით. მოდით, სწორედ მოულოდნელობებით დავიწყოთ - მონაკოდან დაგეგმილზე ადრე მოუწევთ აბარგება პოლ-ანრი მატიოსა და კარლოს მოიას. ფრანგი მეცხრე ნომრად იყო განთესილი და ამიტომ იანკო ტიპსარევიჩთან შეხვედრაში ფავორიტადაც მოიაზრებოდა. მაგრამ ეს სერბი წლეულს საკმაოდ კარგ ფორმაშია, არც ავტორიტეტებს უფრთხის და ბევრის გამწარებაც შეუძლია. ამჯერად ბალკანელმა მატიოს გამოუყვანა წირვა, თუმც საამისოდ სამი სეტი ჯახირი კი დასჭირდა. კიდევ უფრო ნაკლებ სავარაუდო იყო გამოცდილი მოიას მარცხი - ძირითადად იმიტომ, რომ პირინეელს სემ ქუერეისთან უწევდა თამაში. ხოლო, როგორც ზემოთ ითქვა, ამერიკელები თიხნარზე ღმერთს არ უქნია და თითქოს ქუერეიც უშანსოდ იყო, მაგრამ... სამაგიეროდ, ესპანელები გაახარა ტომი რობრედომ, რომელმაც სტანისლას ვავრინკას ორ სეტში მოუთავა საქმე და ახლა მესამე წრის საგზურისთვის რობინ სოდერლინგს დაეჯახება. იმარჯვა კიდევ ერთმა პირინეელმა ნიკოლას ალმაგრომაც, რომელმაც საკმაოდ ადვილად მოინელა, ორიოდ დღის წინ ფაქტობრივად მოგებული ვალენსიური ტიტული ხელიდან რომ გამოაცალეს და მასპინძელი ჟან-რენო ლისნარი ადვილად მიჩოგნა. სეზონში მეოთხე მატჩი მოიგო მარატ საფინმა - რუს გოლიათს "პროგრესი" შეენიშნება, რადგანაც აგერ ზედიზედ მეორე ტურნირია, პირველი წრის გადალახვას ახერხებს. არადა, აქამდე თითო შეხვედრის მოგებაც კი უჭირდა. მარატმა ქსავიე მალისი გააკრა ბეჭებზე და ამასთან საკმაოდ დამაჯერებლადაც ითამაშა, რადგანაც ოთხიდან ოთხივე ბრეიკ პოინტი გამოიყენა, თავისი მოწოდება კი ერთხელაც არ დაუთმია. თუმც საეჭვოა, საფინი ამაზე შორს გაფრინდეს, რადგანაც მეორე წრეში დავიდ ფერერს ხვდება - ამ პირინეელს კი რუსი მხოლოდ სასწაულის წყალობით თუ მოერევა, თორემ ისე განწირული. გუშინ მეორე წრეც გაიხსნა და თან როგორ - ბალკანური დერბით ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ივან ლიუბიჩიჩს შორის. თუმც მოსალოდნელი ჯახი არ შედგა, რადგანაც ახალგაზრდა სერბმა ძალიან ადვილად მიჩოგნა გამოცდილი ხორვატი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის თითქმის სულ ერთია, როგორ საფარზე უწევს თამაში - ნებისმიერზე თავის შემტევ ჩოგბურთს ქადაგებს და ყოველთვის ფავორიტთა მარაქაში უნდა მოვიაზროთ. ნამატჩევს ნოვაკი, რომელიც ლიუბიჩიჩთან ერთად ხშირად ვარჯიშობს, ამბობდა, მეგობრის წინააღმდეგ თამაში იოლი სულაც არ არისო: "მეგობრობის ფაქტორის გათვალისწინებით, მოგებაზე კონცენტრაცია გაცილებით ძნელია, მაგრამ მე ნამდვილი პროფსიონალიზმი გამოვავლინე. ივანს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ კორტზე ყველაფერი უნდა დაივიწყო, რადგანაც აქ ყველა გასამარჯვებლად იბრძვის". მესამე წრეში გავიდა ენდი მიურეიც, რომელიც ჯერჯერობით საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. ახალგაზრდა სქოთმა ჯერ ფელიაჩონო ლოპესი არ გაახარა, გუშინ კი კიდევ უფრო ადვილად გაუმკლავდა ფილიპო ვოლანდრის. თუმც ენდიბიჭს ძალები სერიოზული გამოცდა ახლა ელის, რადგანაც ჯოკოვიჩთან მოუწევს დატაკება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |