|
|
"სარბიელი"
ადამსი საბავშვო ბაღში
ლაშა გეგეჭკორი
მასპინძელთა მთავარიმედმა შაჰრიარ მამედიაროვმა პირველმა დაასრულა პარტია და გულშემატკივრებს იმედი გაუცრუა. არადა, თამაში წინ იქადნებოდა, წარუმატებლობები დავივიწყე და ახლა ჩემს კედლებში ყველას ბდღვირს ვადენო. მისდა სამწუხაროდ, ბაქიაობა ბაქიაობად დარჩა და პეტერ სვიდლერს 25-ე სვლაზე დაუზავდა. მამედიაროვმა ლაზიერის გამბიტით დაიწყო პარტია, ოთხი პაიკი ცენტრში, მეოთხე ზოლზე განალაგა და უკან მხედრები მიუშვა. სვიდლერმა იერიშებს მიმართა, მე-8 სვლაზე ლაზიერი გაუცვალა მეტოქეს და მსუბუქი ფიგურები გამოიყვანა. რუსმა ქიშებით გასაქანი არ მისცა თეთრ ხელმწიფეს და ქულა გააყოფინა. გრან პრის ყველაზე უხუცესმა და გამოცდილმა მოჭადრაკემ მაიკლ ადამსმა მეორე მასპინძელ თეიმურ რაჯაბოვს გაუყო ქულა. 36 წლის ინგლისელი მოჭადრაკე, რომელსაც ადრე ადამიანი-ობობა შეარქვეს, ტურნირზე ყველაზე უფროსია და ახლა ამ თიკუნით მოიხსენიებენ. პარტია კი ალბიონელის მცირე უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ 39-ე სვლაზე დასრულდა. შეჯიბრის გამარჯვებული 30 ათასი ევროთი დასაჩუქრდება და აქტივში 140 ქულასაც დაიწერს. ექვსივე ტურნირის საუკეთესო კი ბონუსად 75 ათასს მიიღებს და მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშებს. ბაქოში ქართველი დიდოსტატი და ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილიც იმყოფება, იგი არბიტრს დაეხმარება და ყაიმების გადაწყვეტის საკითხში საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |