"სარბიელი"
# 91
ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2008 წელი

ჩერიოტის მეოთხე ბოსტონური ვალსი

ივანე კობიაშვილი

შტატელების ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ბოსტონი მრავალ ტრადიციასთან ერთად ერთ სამძლეოსნოსაც ატარებს, უკვე 112 წელია, იქ მარათონული გარბენი იმართება, რომელიც თანამედროვე ტრადიციულ მარათონებში ერთ-ერთი უძველესია. ომამდე იქ უცხოელები იშვიათად ჩადიოდნენ და ძირითადად ამერიკელები იმარჯვებდნენ. მერე, როგორც მთელი მსოფლიო, ისე ეს მარათონიც აღმოსავლეთ აფრიკელებმა დაიპყრეს. სასწაული არც წლეულს მომხდარა, ამერიკელი ვერც ახლა შევიდა პირველ ათეულში. გამარჯვება კი - რა გასაკვირია და - კენიელს დარჩა: რობერტ ჩერიოტი 2:07.46 შედეგით რეკორდს და მსგავს რამერუმეებს ვერ შესწვდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მეოთხედ მოიგო ახალი ინგლისის მთავარ ქალაქში და იქ ასევე ოთჯხერ გამარჯვებულ ბილ როჯერსს გაუტოლდა. ესეც ხომ რეკორდია.

მარათონელის კვალობაზე საკმაოდ მაღალი, ბოსტონური ქვაფენილიდან 1,86 მეტრზე ატყორცნილი ჩერიოტი სხვა დიდრონ მარათონებზე იშვიათად ჩნდება და შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრება მოსტონში დარბის. ალბათ ამიტომაც, კენიელი სელექტორები მას იგნორირების უკეთებენ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის თუ ოლიმპიადისთვის გუნდის შერჩევის დროს. რომ გაიმარჯვა, ცხადია, კმაყოფილი იყო, მაგრამ ჩერიოტს მაინც პესიმიზმმა გადაუარა, პეკინის ოლიმპიადაზე რომ დაეკითხნენ, თქვა: "შარშან ჩვენი ფედერაცია კი შემპირდა, ერთ მარათონელს 2008 წლის ბოსტონური გარბენიდან ავარჩევთო, მაგრამ რა ვიცი, რა ვიცი..."

კენიელი სპორტული ჩინოვნიკები, ან ერთი ჩინოვნიკი მაინც უეჭველად დაესწრებაოდა ამ გარბენს, სადაც რობერტ ჩერიოტს არაკაცი არ დაუეჭვებია თავის გამარჯვებასა და მაღალ კლასში და მაინც, როგორც ჩანს, მისი შედეგი, 2 საათი და 8 წუთი არ უწევს მაინცდამაინც კარგ რეკომენდაციას. ისე, მას ბოსტონის ქუჩებში რომ ვერავინ შეედრება, აგერ მერამდენედ გამოჩნდა.

ჩერიოტს მაინცდამაინც არ უსარგებლია პეისმეიკერების "მომსახურეობით", თავად იწევდა წინ და პეისმეიკერის მოვალეობასაც სწევდა და მოწინავე გუნდსაც ამხნევებდა. ის სიმაღლითაც, სირბილის მანერითაც და წითელი ტანსაცმლითაც კი გამორჩეოდა.

დისტანციას ნახევარს მოწინავე ჯგუფმა ექვსი მორბენლით უწია და ბოსტონის მარათონისთვის სარეკორდო დროც კი დაფიქსირდა 21,1 კილომეტრი 1 საათში, 3 წუთსა და 7 წამში. მერე კი ორი მალევე ჩამოშორდა გამარჯვების მსურველებს და ჩერიოტმაც - ალბათ იმ ფიქრში, რომ ვინმე სხვამ არ დამასწროსო - უკვე 25 კილომეტრის გარბენის შემდეგ სცადა სხვათაგან მოწყვეტა. სცადა და გამოუვიდა კიდეც, ვერც ორი მაროკოელი აბდერაჰიმ ბურამდანე და ხალიდ ელ ბუმლილი მიჰყვნენ და ვერც ეთიოპიელი კარიმე ადილო. ჩერიოტი გახურებულ თავზე მალიმალ ივლებდა გზის პირებზე გამწკრივებული მაყურებლებისგან მოწოდებულ წყალს და ყოველ კილომეტრზე რამდენიმე წამს უგებდა მდევრებს. საბოლოო ოდ, როგორც გითხართ, 2:07.46 შედეგით დაასრულა სირბილი და ბურამდანეს თითქმის წუთნახევრით აჯობა, ელ ბუმლილს კი სამი წუთითაც კი შეასწრო ფინიშზე.

ქალთა გარბენში კი გამარჯვება ეთიოპიელ დარე თიუნს დარჩა, ვინც 2:25.25 შედეგით იმარჯვა და სულ რაღაც 2 წამით აჯობა რუს ალევტინა ბიკტიმაროვას.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com