"სარბიელი"
# 91
ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2008 წელი

ბედისწერა: ხელშეუხებელი აურელიო რიისემ შეცვალა...

გიორგი კაკაბაძე

62-ე წუთზე ლივერპულის მცველს ფაბიო აურელიოს არავინ შეხებია, მაგრამ მან საკმაოდ სერიზული ტრავმა მიიღო და რაფაელ ბენიტესმა იგი იონ არნე რიისეთი შეცვალა. იმ მომენტში ვინ იფიქრებდა, რომ ნორვეგიელი მცველი მეხუთე წამატებულ წუთზე ბურთს ვარდნაში თავურით საკუთარ კარში ჩაჭრიდა და შეხვედრის ანტიგმირად იქცეოდა...

თამაში "ჩელსიმ" უკეთ დაიწყო და პირველი 30-35 წუთი ლონდონელები გადაჭედილ "ენფილდზე" თავს სტუმრებად სულაც არ გრძნობდნენ. მხოლოდ ჯო კოულს ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ...

"ლივერპულმა" ნელ-ნელა გამოიღვიძა და მწვავედაც შეუტია. ერთ ეპიზოდში, მთელი მატჩის მანძილზე ჩინებულად მოთამაშე მერსისაიდელთა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა კარგად უპასა ფერნანდო ტორესს და პეტრ ჩეხთან ფაქტობრივად პირისპირ დარჩენილმა ესპანელმა ფორვარდმა დარტყმაც მოახერხა, მაგრამ ჩეხმა თავისი გუნდი იხსნა.

ტაიმის მიწურულს კი მასპინძლებმა მაინც შეძლეს წინ გასვლა - ფრენკ ლამპარდმა "ჩელსის" საჯარიმოსთან ბურთი დაკარგა, რომელიც ხავიერ მასკერანოს მიუვიდა. არგენტინელი აშკარად სხვა რაღაცას აპირებდა, მაგრამ დირკ კუიტისთვის ჩინებული პასი გამოუვიდა, ლონდონელთა მცველები დაიბნენ, კუიტმა კი ჩეხს დაასწრო და ფეხებშუა გაუტარა ბურთი. ისე, კუიტი მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

მეორე ნახევარი "ლივერპულმა" ყოჩაღად დაიწყო, დებიუტში ერთი-ორი მწვავე მომენტიც შექმნა, მერე კი კვლავ კარგად ჩაკეტა თამაში. "ჩელსი" ცდილობდა, მაგრამ ლონდონელებს თითქმის არაფერი გამოსდიოდათ.

ბოლო 20 წუთში კი თამაში უფრო გაიხსნა და სახიფათო ეპიზოდებიც ვნახეთ. სტუმართაგან მომენტები ლამპარდსა და ფლორენ მალუდას ჰქონდათ. მასპინძელთაგან კი ორჯერ ჯერარდს შეეძლო გატანა, აქედან ერთხელ ჩეხმა საოცრად აუღო ბურთი. ხოლო უკვე წამატებულ წუთებზე, ტორესის დარტყმისას ჩეხმა კიდევ ერთხელ იხსნა "ჩელსი".

თამაშის მთლიანი მსვლელობიდან გამომდინარე, თითქოს ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა, "ლივერპულს" დამსახურებულად უნდა მოეგო და მიუხედავად მინიმალური უპირატესობისა, მაინც ფავორიტის რანგში უნდა ჩასულიყო "სტემფორდ ბრიჯზე", მაგრამ რიისემ ლონდონელებს გოლი აჩუქა და ყველაფერი რადიკალურად შეცვალა.

მატჩისთვის წამატებული ოთხი წუთი უკვე ამოწურულიც კი გახლდათ, როცა სალომონ კალუმ ნიკოლა ანელკას მისამართით ჩააწოდა, ნორვეგიელი მცველი კი საკუთარი კარიდან დაახლოებით 5 მეტრში რაღაც უხერხულად ჩაუწვა ბურთს და ისეთი თავური გამოუვიდა, რომ ხოსე რეინას წინასწარაც რომ სცოდნოდა რაც მოხდებოდა, მაინც ძალიან გაუჭირდებოდა ამ ბურთის მოგერიება.

დაბოლოს, ეს დაძაბული მატჩი სულაც არ გახლდათ ადვილი სამსაჯო, მაგრამ ავსტრიელი კონრად პლაუცის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას ფაქტობრივად ერთი შეცდომაც არ დაუშვია და თავისი საქმე ფრიადზე შეასრულა. სხვათა შორის, პლაუცს მხოლოდ ერთხელ მოუხდა ყვითელი ბარათის აფრიალება, ისიც 93-ე წუთზე, როცა ჯონ ტერიმ იუხეშა, ლივერპულელთათვის სწრაფი კონტრშეტევა რომ ჩაეშალა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com