"სარბიელი"
# 91
ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2008 წელი

მე არ ვარ ვეტერანი?! გელა ინალიშვილი: ქართულ ფეხბურთს სწორი გზა უნდა

ნუკრი ლოლაძე

ქართული ფეხბურთის ქომაგს ემახსოვრება 90-იანი წლების თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გელა ინალიშვილი.

მაშინდელ "დინამოში" ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობდა - ინალიშვილი მოუღლელი ნახევარმცველი იყო და ერთ დროს დინამოელთა ლიდერიც გახლდათ. ფეხბურთელის კარიერა რაც დაასრულა, მას შემდეგ საფეხბურთო წრეებში იშვიათად ჩნდებოდა.

ერთხანს საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელიც იყო...

გელა ინალიშვილი გუშინწინ ჭადრაკის სასახლეში გამართულ ფორუმზე შევნიშნეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ...

- კარგა ხანია, არ ჩანდით. რას საქმიანობთ.

- სამწუხაროდ, ახლა უმუშევარი ვარ. მანამდე გარკვეულ ხანს საბაჟოში და კონტროლის პალატაში ვიმუშავე. სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონულ ფედერაციასაც ვხელმძღვანელობდი 4 წლის წინ.

- ფორუმზე რატომ მოხვედით, მათ მოთხოვნებს იზიარებთ.

- ყველანი ვხედავთ, რა საზოგადოებაც შეიკრიბა აქ. ყველამ იცის, მანუჩარ მაჩაიძე, საშა ჩივაძე და ვოვა გუცაევი რასაც წარმოადგენენ ქართული ფეხბურთისთვის. ერთი თაობის ფეხბურთელები ვიყავით მე, ჯამარაული და ყაველაშვილი. ესენი პროფესიონალები არიან და ამათ გვერდით ამიტომ ვდგავარ. ჩვენ არავის ვუპირისპირდებით, ვითხოვთ რიგგარეშე სამართლიან არჩევნებს. ხომ ხედავთ, რა დღეშიცაა დღეს ქართული ფეხბურთი. ყველანი ამიტომ ვერთიანდებით, გვინდა, კრიზისიდან გამოვიყვანოთ...

- გიორგი ნემსაძეს თუ უჭერდით მხარს წინა საპრეზიდენტო არჩევნებში.

- ობიექტური მიზეზების გამო არჩევნებზე ვერ მივედი, მაგრამ გიორგის გვერდით ვიდექი.

- ამბობთ, რომ უმუშევარი ხართ. დღევანდელი ფეხბურთის ფედერაციიდან არავინ დაგკავშირებიათ და დახმარება არ შემოუთავაზებიათ.

- დახმარება კი არა, ისე არავის მოვუკითხივარ. მე არ ვარ ვეტერანი ფეხბურთელი. რაც შემეძლო, ვემსახურე ქართულ ფეხბურთს და უბრალო ყურადღების ღირსიც არ ვარ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, ყოველ ღამე სიზმარში ფეხბურთს ვთამაშობ...

- დავუშვათ, დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები და თქვენმა გუნდმა მოიგო. პირველად რას გააკეთებთ.

- ბავშვთა ფეხბურთი უნდა ავაღორძინოთ, რაიონებს უნდა მივხედოთ... ადრე რეგიონებიდან მოდიოდა დიდი შევსება, დღეს კი ჩამკვდარია იქ ფეხბურთი. მწვრთნელთა განათლება მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა დავაყენოთ, 4 დღეში კი არ უნდა მისცე ლიცენზია, ბევრი ცოდნა უნდა ჰქონდეს მწვრთნელს, სხვანაირად არაფერი გამოვა. ბალახისსაფარიანი მოედნები უნდა გავაკეთოთ, ჩემპიონატს სათანადო ყურადღება უნდა დავუთმოთ და კიდევ ძალიან ბევრი რამეა გამოსასწორებელი.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე რას იტყვით.

- ბოლო წლებში ჩვენი ნაკრების თამაში უსახურია. რა აზრი ჰქონდა კლაუს ტოპმიოლერის მოყვანას, თუ ასეთი მაჩანჩალები ვიქნებოდით. ამ ნაკრებს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს და გული მტკივა, ასეთ დღეში რომ ვართ.

- ისევ უცხოელი უნდა მოიყვანონ მწვრთნელად თუ ქართველს ემხრობით.

- რატომ მაინცდამაინც უცხოელი, თემურ ქეცბაია ცუდი კანდიდატურაა. როცა თამაშობდა, ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო, ახლა წარმატებული მწვრთნელია უცხოეთში, კარგი განათლებაც აქვს, ქართული ფეხბურთის ყველაფერი იცის. მთავარია, მწვრთნელის საქმეში არავინ ჩაერიოს, მას სრული თავისუფლება უნდა ჰქონდეს.

- ანუ ქართული ფეხბურთის პოტენციალის დღესაც გჯერათ.

- ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებიდან ქართველები ყველაზე ნიჭიერები არიან. მათ სწორ გზაზე დაყენება უნდათ და ქართული ფეხბურთიც გაბრწყინდება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com