"სარბიელი"
# 91
ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2008 წელი

რაგბით გადმოდებული დინამო - მესხეთი: რას იზამს უჰრინი უმერებაშვილოდ?

ნუკრი ლოლაძე

ოთხი ტურიც და, საქართველოს მე-19 ეროვნული ჩემპიონატი დასრულდება.

"დინამო" - "მესხეთის" მატჩი 26 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ, ვინაიდან ამ დღეს "ეროვნულზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანელებს დაუხვდება, პროფესიული ფეხბურთის ლიგამ მატჩი სადღეისოდ გადმოიტანა.

დინამოელებმა წინა ტურში მცხეთაში დიდი ბრძოლა გააჩაღეს უშუალო კონკურენტ "ვიტ ჯორჯიასთან". შეხვედრამ უგოლოდ კი ჩაიარა, მაგრამ ვიტელებს რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ჰქონდათ და ლუკა რაზმაძემ პენალტიც ვერ გამოიყენა. 

"დინამოს" მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე კი მსაჯობით დარჩა უკმაყოფილო და მათ დასჯას ითხოვდა, თუმც გუშინ თავად დაისაჯა...

პირველ წრეში ახალციხეში ისე მოიგეს (2:0) დინამოელებმა, ოფლიც არ გამოსვლიათ. მაშინ "მესხეთის" მეკარე გიორგი სომხიშვილმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და მსაჯს წითელი ბარათიც დასტყუა.

ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში მყოფი თბილისელები ალბათ არც ამჯერად დაუტოვებენ შანსს უმაღლესი ლიგის დებიუტანტებს, თუმცა, რა იცი, ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com