|
|
"სარბიელი"
ვილაპარაკოთ მსაჯებზე: ამოწიეთ თავი პრობლემების ქვიშიდან
კობა ინასარიძე
საქართველოს ჩემპიონატის 22-ე ტურის შემდეგ ისევ სალაპარაკო გახდა მსაჯობის თემა. ზოგადად ასეც არის ხოლმე, ეს საკითხი პერიოდულად აქტუალური ხდება, მერე კი, თითქოს ყველაფერი აწყობილიაო, მიჩუმათდება და მსაჯობის პრობლემაზე კაციშვილი აღარაფერს ამბობს. არადა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითქმის ყოველი მატჩის შემდეგ იგრძნობა, რომ თემიდელთაგან ქართულ ფეხბურთს დიდი ჩრდილი ადგება და თუ რამ მისახედ-გამოსასწორებელია, ერთი მათგანი მსაჯობის ხარისხიცაა. ...ფეხბურთი რომ მოიგონეს, მსაჯობაზე კამათიც იმ დღიდან დაიწყო და ვიდრე ფეხბურთი იქნება, ვეჭვობთ, ამ საქმით ვინმე კმაყოფილი დარჩეს. მსაჯი ცდება ყველგან - ინგლისურ პრემიერლიგაში თუ სერია ფ-ში, ესპანურ პრიმერაში, გერმანულ ბუნდესლიგაში თუ არგენტინულ აპერტურა-კლაუსურაში, ცდებიან აფრიკაშიც და ყველგან, სადაც კი ბურთი დაგორავს. ცხადია, შეცდომები არის ჩვენთანაც და რადგან ქართული ჩვენთან ყველაზე ახლოსაა, სხვებზე ხშირად ვაწყდებით პროლემებს არბიტრთა საქმიანობაში. ამას წინათ ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელმა თქვა, ქართულ ფეხბურთში ორმაგი სტანდარტებიაო, მსაჯი თუ ფეხბურთელს მაყურებლის შეურაცხყოფისთვის აძევებს, მაყურებელიც უნდა დაისაჯოსო. პრობლემაა ესეც, როცა მწვრთნელმა არ იცის, რომ მსაჯს მაყურებელთან საქმე არ აქვს, მაგრამ კიდევ უფრო საყურადღებოა ის, რაც იმ მატჩიდან ერთ კვირაში მოხდა და მართლაც ორმაგი სტანდარტის კლასიკური ნიმუში იყო. სათადარიგო მსაჯმა, რომელმაც არბიტრს ფეხბურთელი მაყურებლის შეურაცხყოფისთვის გააძევებინა და სწორადაც მოიქცა, უკვე თავისი არბიტრობისას ანალოგიურ ვითარებაში სხვა გუნდის ფეხბურთელი არ გააძევა. მოხდება ასეთი ფაქტი და, მერე ეჭვებიც თავისთავად ჩნდება, ზოგიერთი გუნდი მსაჯების სიმპათიით სარგებლობსო. დაგვეთანხმებით, რომ ასეთი შემთხვევებისას, ეს ეჭვებიც საფუძვლიანი ჩანს. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა არბიტრმა პირდაპირ მოედნიდან შეაგინა მაყურებელს. დასაძრახი საქმეა, თუმცა ფეხბურთის ფედერაციამ, რომლის მფარველობის ქვეშ არის მსაჯთა და დამკვირვებელთა განყოფილება, ის მსაჯი სულ ერთი მატჩით დასაჯა, ასე ვთქვათ, მას ხელი დააფარა და ამით ერთგვარი პრეცედენტი შექმნა იმისა, რომ მსაჯმა რაც უნდა აკეთოს, შესაბამის პასუხს არავინ მოსთხოვს. მსაჯი თამაშისას ნებით თუ უნებლიეთაც შეცდება და ესეც რეაგირების გარეშე რჩება. ფირს ვნახავთო, არის სტანდარტული პასუხი ფედერაციიდან, ფირის ნახვის შემდეგ კი, არაფერი მომხდარაო... მოკლედ, რაღაც დაუსჯელობის სინდრომის მაგვარი იკვეთება და თუ ასევე გაგრძელდა, კარგს არაფერს ველოდოთ. ადრე ხშირად ისმოდა, მსაჯები დაუცველები არიან და მატჩიდან შინ ცოცხლები თუ დაბრუნდებიან, საკითხავიაო. კეთილი და პატიოსანი, ადრე მართლაც ხშირად ყოფილა, მსაჯი გავეშებულ ბრბოს იღბლად რომ დასხლტომია, მაგრამ ახლა... ახლა უკვე მეორე უკიდურესობასთან გვაქვს საქმე - მსაჯები ფეხბურთის ფედერაციის ლმობიერებით არიან განებივრებულნი და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რაც უნდა მოიმოქმედონ, მათთვის საყვედურის მთქმელი არავინ არის. სამაგიეროდ, საყვედურები და პრეტენზიები, იცოცხლეთ, კლუბების ხელმძღვანელთა და ფეხბურთელთა მხრიდან ისმის, მაგრამ განმკითხავი არც აქ ჩანს... ისე, კარგი იქნება, კლუბთა ხელმძღვანელები მსაჯობაზე, ცხადია, როცა საბაბი აქვთ, კიდევ მეტს და ხმამაღლა ილაპარაკებენ. თუმცა ზოგი ამას ერიდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კონკრეტულმა მსაჯმა მათი სიტყვები გულში არ ჩაიდოს და... არის კიდევ მსაჯთა სოლიდარობის ამბავიც და ზოგ-ზოგი ამასაც ითვალისწინებს. ამ ყველაფერს კი ისევ ფედერაციასთან და შესაბამის განყოფილებამდე მივყავართ, მსაჯი იქნებ გამიზნულად შეცდეს, მაგრამ ისიც იცის, რომ "იქ" პასუხს არ მოკითხავენ, კლუბების უფროსებიც თავს აღარ იტკიებენ და დინებას მიჰყვებიან. ბავშვთა ფეხბურთში აუტანელი ვითარებააო, ინფრასტრუქტურა არ ვარგაო, ეროვნულ გუნდს უცხოელი მწვრთნელი რაში სჭირდებაო... ლაპარაკობენ ათას პრობლემაზე და, ცხადია, ეს პრობლემები ჩვენც გულთან მიგვაქვს, მაგრამ როცა ამ საჭირბოროტო საქმეებზეა ლაპარაკი, სამწუხაროდ, ყველაზე ნაკლებად ისმის მსაჯობის იმ აუტანელ ხარისხზე, რაც ჩვენს ჩემპიონატსა და ზოგადად ფეხბურთს მნიშვნელოვნად აკნინებს. მოდით, უფრო მეტი ვისაუბროთ მსაჯებზე, მსაჯობაზე, მაგრამ ცუდია ისიც, რომ არ გვაქვს საშუალება, ვისაუბროთ თავად მსაჯებთან და მათ უსტაბაშებთან. საქმე ისაა, რომ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ერთი მორიგი სამსაჯო სკანდალის მერე საგაზეთო სიტყვა აუკრძალა ყველას, ვისაც კი მსაჯობასთან რაიმე კავშირი აქვს. ჩვენი აზრით, ფედერაციამ თემიდელებს პირში წყალი ჩაუგუბა და გართულებებს მოერიდა, რადგანაც რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა, როცა მსაჯი ალთას ლაპარაკობდა, დამკვირვებელი - ბალთას, კონკრეტული სათამაშო ეპიზოდის შეფასებისას კი საზოგადო აზრი აბსოლუტურად სხვანაირი ყოფილა. ჰოდა, ნუ მოერიდებით პრობლემებზე ლაპარაკს, ნუ გადაუსვამთ მსაჯებს თავზე ხელს და ნუ დაემსგავსებით იმ ყბადაღებულ და საწყალ სირაქლემას, რომელიც ყველას პირზე აკერია... ვილაპარაკოთ მსაჯების კვალიფიკაციაზეც...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |