|
|
"სარბიელი"
მოიგეთ და განითესეთ! ვისთან დაგვაწყვილებს წილისყრა ზაფხულში? გიორგი დარჯანია
ჩემპიონთა ლიგისა და უეფას თასის საპასუხო ნახევარფინალ-ფინალები და, საამსეზონო ევროტურნირები ჩამთავრდება, რის მერეც უეფა კოეფიციენტების ახალ ცხრილს გამოაქვეყნებს. ოღონდ ისიც არის, რომ საქართველოს ამ ახალ რეიტინგში ქულები აღარ მიემატება - ქართულმა კლუბებმა ხომ თავიანთი მონაგარი ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში შეივსეს და დაითვალეს, ანუ ჩვენი ადგილი რეიტინგში ახლავე შეგვიძლია გამოვთვალოთ და თუ ინგლისს ან გერმანიას კიდევ შეემატება სარეიტინგო ქულები, ეს ჩვენ მაინცდამაინც აღარ უნდა გვაღელვებდეს... თავდაპირველად კი ის გავიხსენოთ, როგორ ითვლება ქულები. სისტემა კონკრეტული მაგალითის საფუძველზე განვიხილოთ. ამ სეზონში საქართველოს ევროთასებზე სამი გუნდი ჰყავდა: "ოლიმპი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო "დინამო" და "ამერი" უეფას თასისაზე. საკვალიფიკაციო ეტაპებზე მოგებისთვის კლუბს 1 ქულა ემატება, ფრისთვის - 0,5 ქულა. რუსთაველებმა ერთი მატჩი წააგეს, ერთიც ფრედ ითამაშეს, ანუ ნახევარი ქულა შემატეს ქართულ რეიტინგს. "ამერმა" ერთი თამაში მოიგო, ერთი წააგო და ესეც - 1 ქულა. "დინამომ" ოთხი მატჩიდან ერთი მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და ორში დამარცხდა, რითაც აქტივს 1,5 ქულა შემატა. შევაჯამოთ და, 3,0 ქულას მივიღებთ, რომელიც გუნდების რაოდენობაზე იყოფა და საბოლოოდ, საქართველო 2007-2008 წლების სეზონში 1,0 ქულის ამარა რჩება. ამის მერე უეფა გამოთვლის წესს ართულებს, ფორმულების და პროცენტების გამოყენებით ბოლო ხუთი სეზონის საშუალო ქულა გამოჰყავს და რეიტინგიც მზად არის. ეს რთული პროცედურა გამოვტოვოთ და ქართული კლუბების ბოლო ხუთი წლის მონაგარი გავიხსენოთ... 2007-2008 დინამო 1,5 ამერი 1,0 ოლიმპი 0,5 საშუალო: 1,000 2006-2007 ამერი 1,5 ვიტ ჯორჯია 1,0 სიონი 1,0 საშუალო: 1,166 2005-2006 ლოკომოტივი 1,0 დინამო 1,0 ტორპედო 0,0 საშუალო: 0,666 2004-2005 დინამო 5,0 თბილისი 2,0 ვიტ ჯორჯია 1,0 საშუალო: 2,666 2003-2004 დინამო 1,0 სიონი 0,0 ტორპედო 0,0 საშუალო: 0,333
ფორმულების გამოყენებით, ამ დროისთვის საქართველოს კოეფიციენტი უეფას რეიტინგში 1,925-ია. თუმცა უეფას ერთი წესიც აქვს: თუ კლუბის პირადი კოეფიციენტი ქვეყნის კოეფიციენტზე მაღალია, ის კლუბი საკუთარი კოეფიციენტის მიხედვით იკავებს ადგილს რეიტინგში. ასე მაგალითად, წინა სეზონში საქართველოდან უეფას თასზე "ამერი" და "დინამო" რომ გავიდნენ, "ამერი" ქვეყნის იმდროინდელი კოეფიციენტით (2,035) პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე განუთესავთა შორის იყო, "დინამო" კი საკუთარი კოეფიციენტით (4,035) განთესილთა შორის მოხვდა. ახლა სიტუაცია ასეთია: ქვეყნის კოეფიციენტი, როგორც მოგახსენეთ, 1,925-ია, ხოლო "დინამოს" კოეფიციენტი 3,925 გახლავთ. შეამჩნევდით, რომ შარშანდელთან შედარებით ორივე მაჩვენებელმა დაიკლო. ახლა კი მთავარზე ვთქვათ: ამგვარი კოეფიციენტებით როგორ განითესებიან ქართული კლუბები 2008-2009 წლების ევროსეზონისთვის. ჩემპიონი, გინდათ, "დინამო" გახდეს, რისი ალბათობაც ძალიან დიდია, და გინდათ, რომელიმე სხვა, საუკეთესო ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უეჭველად განთესილთა შორის იქნება. თუ ჩემპიონი "დინამო" გახდა, განთესილთა შორის მე-6 ადგილს დაიკავებს და მასზე უკეთესი კოეფიციენტი ზაგრების "დინამოს", შვედურ "გიოტებორგს", თემურ ქეცბაიას "ანორთოსის", ფინურ "ტამპერეს" და სლოვაკეთის ჩემპიონს ექნება. ხოლო თუ ჩემპიონი სხვა გუნდი გახდა, განთესილთა შორის ბოლო ადგილს დაიკავებს. ოღონდ შევნიშნოთ, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. და ვინ შეიძლება იყოს საქართველოს ჩემპიონის პირველი მეტოქე. ვარიანტები ასეთია: ბელარუსული ბატე, ესტონური "ლევადია", აზერბაიჯანის, ალბანეთის, მალტის, ჩერნოგორიის და სან მარინოს ჩემპიონები, სომხური "პიუნიკი", ყაზახური "აქტობე", ჩრდილოირლანდიური "ლინფილდი", უელსური "ლანელი", ფარერული "რუნავიკი", ლუქსემბურგული "დუდელანჟი" ან ანდორული "სანტა კოლომა". ხოლო თუ საქართველოს ჩემპიონმა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა, მეორე ეტაპზე ყველა ვარიანტში განუთესავთა შორის აღმოჩნდება. ახლა უეფას თასზე გადავიდეთ. "ვიტ ჯორჯია", "ზესტაფონი" და "ამერი" - საქართველოდან ამ სამეულიდან ორი ითამაშებს (თუ "დინამომ" ჩემპიონობა არ დაკარგა, ან "ამერმა" თასის ნახევარფინალში "ბორჯომთან" სამი უპასუხო ბურთით არ წააგო). თუ უეფამ გეოგრაფიული გადაადგილებები არ მოახდინა, ცენტრალურ-აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც ორივე ქართული გუნდი მოხვდება, ორივენი განუთესავები იქნებიან. საქართველოს ახლანდელი კოეფიციენტი საუეფასთასოდ განთესვას ვერ "ქაჩავს". სავარაუდო მეტოქეები კი არიან: ავსტრიული "აუსტრია" და "ზალცბურგი", შვეიცარიის, სლოვაკეთის, პოლონეთის, უნგრეთის და მოლდოვის ჯერაც უცნობი გუნდები. და ბოლოს: უეფას საკლუბო რეიტინგში საქართველო 38-ე ადგილზეა ისლანდიასა და ლიხტენშტაინს შორის.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |