|
|
"სარბიელი"
რა დაშლის ოპოზიციას და, რიგგარეშე არჩევნები
მიხეილ ჟორჟოლიანი
გუშინ თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი გელა კეტაშვილი და უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ... კვარაცხელია პირველი წარუდგა სტუდენტებს და კეტაშვილის პროგრამის ნაწილი გააცნო. აღნიშნა, რომ მისი გუნდი ოპოზიციასთანაა გაერთიანებული და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ, თუმც დასძინა, რომ არჩევნების დანიშვნის შემდეგ ოპოზიცია ისევ გაიყოფა და ყველა თავისი გზით ივლის. კვარაცხელიას არც ის დაუმალავს, რომ სურს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი ისევ იყაროს. "ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ქართული ფეხბურთის გადარჩენის ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნებია. ფედერაციის ხელმძღვანელობა უნდა გადადგეს. უამრავი თანხა წყალს გაატანეს, მარტო ჰერბერტ ცანკერს იმდენი აქვს აღებული, ყველა ქართველ მწვრთნელს 16 წლის განმავლობაში რომ არ აუღია... ...სად წავიდა რეგიონალური ფედერაციების ოფისების ფული. ერთი გუცაევმა წაართვა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ფული და ააშენა, თორემ დანარჩენი თანხა ჯიბეში აქვთ ჩადებული... ...ეროვნულ ჩემპიონატში საჭიროა გუნდების რაოდენობის შემცირება და ფეხბურთის ბიზნესად გადაქცევა. ბიზნესმენებს ჩვენ კი არ უნდა ვეხვეწებოდეთ, თავად უნდა დგებოდნენ რიგში. არც სახელმწიფოს ფულებით არ უნდა ტარდებოდეს ჩემპიონატი. თუმცა რომელი ბიზნესმენი მოვა საქართველოში. კალაძემ არ იცის, აქ რა ხდება. ამიტომაა, "ტორპედო", "კოლხეთი", ან სხვა ქართული კლუბი კი არ იყიდა, ლატვიურ "დინაბურგში" დააბანდა ფული... ...არაპროფესიონალიზმია ბავშვთა მწვრთნელებში, ხშირია ჩაწყობილი თამაშები. ორი თვეა, პროკურატურა იძიებს ჩაწყობილ თამაშებს. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ფედერაციაში დილეტანტიზმია. ვინ არის გოგი ქავთარაძე.! რა უნდა მას ფედერაციაში.! დღეს ფედერაციაში ბევრი ვალოდია ჯინჭარაძეა" - განაცხადა კვარაცხელიამ. მან იმის პირობაც დადო, რომ არჩევის შემთხვევაში შეეცდება, იჩივლოს და ტოპმიოლერს წაღებული ხელფასი დააბრუნებინოს. თითქმის ანალოგიური ტექსტი ჰქონდა კეტაშვილს. ისიც სპონსორების მოძიებას, ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებასა და საქმისადმი გულიან მიდგომას შეჰპირდა სტუდენტებს. აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 10 მაისს არის დანიშნული. კანდიდატი ჯერ ორია - გელა კეტაშვილი და გრიგოლ ცაავა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა დღეს საღამომდეა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |