|
|
"სარბიელი"
არასაარჩევნო სიის პირველი ნომერი: რა ხდება რაიკარდის თავში? ვაჟა ხუციშვილი
"ბარსელონა" ზედიზედ ოთხ მატჩში გოლს რომ ვერ გაიტანს, ჭაკად ჰქონია საქმე. "მანჩესტერმა" ჩემპიონთა ლიგაში მიჯრით მეთორმეტე საშინაო შეხვედრა მოიგო და ცხრა წლის შემდეგ კვლავ ფინალში გავიდა. ძამბროტა პასისას შეცდა, ბურთი სქოულზს მიუვიდა, ვინც იმ ადგილიდან დაარტყა, საიდანაც არაერთხელ გაუტანია. ეს იყო მისი მეორე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი გოლი ამ სეზონში. მოკლედ, სქოულზმა პირადად იზრუნა ფინალში გასვლაზე. მან ხომ 1999 წლის, "ბაიერნთან" უდრამატულესი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. "პოლი პირველი იქნება იმ ფეხბურთელთა სიაში, რომლებსაც მოსკოვში წავიყვან - თქვა ალექს ფერგიუსონმა - იგი ამ გუნდის ერთ-ერთი უდიადესი მოთამაშეა. 33 წლისაა და მისგან სეზონში ადრინდელივით 10-15 გოლს აღარ ველი, მაგრამ ეს გოლი ფატასტიკური და უძვირფასესია. ძალიან გახარებულები ვართ. დიდებულ გუნდს ვეთამაშეთ, მაგრამ ჩვენი დაცვა არანაკლებ კარგი იყო. ჩემთვის სულერთია, მეტოქედ "ჩელსი" გვეყოლება თუ "ლივერპული". ალბათ, ბედია ისიც, რომ მიუნხენის ტრაგედიის 50 წლის თავზე ფინალში გავედით". ფრანკ რაიკარდმა განაცხადა, რომ ცუდი სეზონის მიუხედავად, გუნდიდან წასვლას არ აპირებს: "მსგავსი რამ აზრადაც არ გამივლია. სხვა საქმე იქნებოდა, ფეხბურთელებს რომ მოეთხოვათ ჩემი გაშვება. "ბარსელონა" დიდი კლუბია და ამ კლუბს ჰყავს პატრონი, რომელიც მწვრთნელის ბედს გადაწყვეტს. დრო მოვა და ის სათანადო დასკვნას გამოიტანს, მაგრამ გადაჭარბებული იქნება იმის თქმა, რომ "ბარსამ" სეზონი ჩააგდო. პრემიერლიგის კლუბები აშკარად გაძლიერდნენ და მათ წინააღმდეგ თამაში უფრო და უფრო რთულდება. წინა სეზონშიც ნახევარფინალში სამი ინგლისური გუნდი გავიდა, წლეულს კი სულაც ინგლისური ფინალი გაიმართება. პრემიერლიგაში ფიზიკურ მომზადებას დიდ ყურადღებას უთმობენ. მეტად ჯანიანი ბიჭები თამაშობენ, რომლებსაც 90 წუთის განმავლობაში შეუძლიათ ბურთის დევნა. ასეთების დამარცხება კი იოლი არაა. მეოთხედფინალში ერთმანეთს რომ არ ხვდებოდნენ, ალბათ ნახევარფინალში ოთხი პრემიერლიგელი ითამაშებდა. თავს ისე იცავენ, თითქოს ამაზე იყოს დამოკიდებული მათი სიცოცხლე, თუმც ასეთ ფეხბურთს საყურებლად სასიამოვნოს ვერ ვუწოდებ. დღეს გოლის გარდა ყველაფერი გამოგვივიდა. უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ამისგან ვერ ვიხეირეთ. ძალიან გულდასაწყვეტი მარცხია, თუმც ცხვირის ჩამოშვების დრო არაა. პრიმერადივიზიონში დარჩენილი მატჩების მოსაგებად უნდა ვიზრუნოთ". კარლეს პუიოლი: "ეს წაგება გუნდს ვერ ავნებს და კვლავაც ერთად ვიბრძოლებთ. "ბარსას" რთული პერიოდი არართხელ გამოუვლია და კრიტიკაც არასოდეს აკლდა. გულშემატკივრებს ერთგულება მომდევნო მატჩებში კარგი თამაშით უნდა დავუფასოთ". რიო ფერდინანდი: "ამ სიხარულის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. საოცარი ქომაგობა იყო და პოლ სქოულზმა კი სულაც ფანტასტიკური გოლი გაიტანა".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |