|
|
"სარბიელი"
მუქი ტრანს-ფერები
მუდამ ასეა და გასული სატრანსაფერო ზაფხული რად იქნებოდა გამონაკლისი. მიდგნენ ინგლისური პრემიერლიგის გუნდები და ასობით მილიონი მიახარჯეს ახალი ფეხბურთელების ყიდვას. შედმეგ, ჩემპიონატი გახურდა და დღეს, როდესაც სადაცაა გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა, უკვე შეიძლება ითქვას, ნაყიდთაგან ვინ გამოდგა და ვინ ვერა. აი, მაგალითად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" კარლოს ტევესის, ოუენ ჰარგრივზის, ანდერსონისა და ნანის ყიდვაში 65 მილიონი გირვანქა სტერლიგი დახარჯა და როგორც გაირკვა, სწორადაც მოიქცა. საერთოდაც, პრემიერლიგის მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, რასაკვირველია, ნასყიდობის მეტი წილი გამოდგა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ახალი გარემო ვერ შეიშვნეს და სწორედ მათ ათეულს გვთავაზობს გაზეთ "სანის" ათეულების რუბრიკა. ერთი სიტყვით, ქვემოთ, ამ გაზეთის ვერსიით, ათ ყველაზე უხეირო ტრანსფერს გთავაზობთ10 ფრედი ლიუნგბერგი შვედმა ვარსკვლავმა "არსენალში" გატარებული 9 სეზონის განმავლობაში დიდი ფეხბურთი ითამაშა და, როგორც ჩანს, მთელი ნიჭი და პოტენციალი იქ დახარჯა. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ მოუვიდა "ვესტ ჰემს" თავში აზრად, ამ ვეტერანზე 3 მილიონი გირვანქა დაეხარჯა. ნუთუ ამ კლუბში არ იცოდნენ, რომ ლიუნგბერგს უამრავი ტრავმა აწუხებს, ხოლო ასაკი კი არ აკლდება, არამედ ემატება.
9 რობერტ ერნშოუ წლეულს ინგლისურ ფეხბურთში საქმე ისე წავიდა, რომ ოთხივე დივიზიონში, ორივე თასსა და ევროშეჯიბრებებში ერთადერთი კაცი, ვინც ჰეთ თრიქი შეასრულა, "დერბის" 3,5-მილიონიანი უელსელი შენაძენი რობერტ ერნშოუ გახლდათ, მაგრამ რად გინდა, მეტი გოლის გატანა ვეღარაფრით შეძლო.
8 დავიდ როზეჰნალი სხვათაშორის, ათეულის შემდგენელთა აზრით "ნიუკასლ იუნაიტედს" თქვენს სამსჯავროზე გამოტანილი სიითვის კიდევ ჰყავდა რამდენიმე კანდიდატი, მაგრამ როზეჰნალს ვერავინ შეედარა. ის იმდენად ცუდად მოერგო "კაჭკაჭთა" დაცვას, რომ იანვარში "ლაციოში" გააქირავეს.
7 იუნეს ქაბული ეს ახალგაზრდა "სფურზმა" "ოსერისგან" ამომავალი ვარსკვლავის სტატუსით იყიდა და პირდაპირ შემადგენლობაშიც ჩართო, მაგრამ გავიდა ცოტა ხანი და ქაბული სათადარიგოთა სკამზე დამკვიდრდა. დღეს ფრანგი ყმაწვილი ისეთ ცუდ ფორმაშია, რომ საეჭვოა, 8 მილიონადვე გაიყიდოს.
6 დევიდ ნაგენტი ერთი წლის წინ ნაგენტმა ინგლისის ნაკრებში დებიუტი გოლით აღნიშნა და აბა, მაშინ ატყდა თუ ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ მერე ყველაფერი ყირაზე დადგა: დღეს ეს ფორვარდი "პორტსმუთში" ვერა და ვერ პოულობს ადგილს შემადგენლობაში. ჟურნალისტები კითხულობენ, ასე რატომ შეცდა ისეთი გამოცდილი მწვრთნელი, როგორიც ჰარი რედნაპია, და რატომ გადაყარა 6 მილიონი გირვანქა.
5 დიომანსი კამარა შარშან ზაფხულზე "ფულემი" გაგიჟდა და ლორი სანჩესმა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ნახევარი იყიდა, თუმცა კამარაში 6 მილიონის გადაყრა გაგიჟებათა შორის ყველაზე მსხვილტანიანი რამ გახლდათ.
4 აჰმედ ჰოსამ მიდო ისეთი ვარსკვლავების დაკარგვის შემდეგ, როგორებიც იაკუბუ აიეგბენი და მარკ ვიდუკა იყვნენ, "მიდლსბროს" მწვრთნელის გარეთ საუთგეიტის მხრიდან მიდოს საყიდლად "შასვლა" სრულიად გაუგებარი და დამაბნეველი რამ გახლდათ. კაცმა, რომელშიც 6 მილიონი გადაიხადეს, პირველ ორ თამაშში მართლაც გაიტანა გოლი და თითქოს იმედების გამართლებასაც აპირებდა, მაგრამ მას მერე 15 შეხვედრის განმავლობაში ეგვიპტელის ყველა დარტყმა მეტოქეთა კარისკენ ამაო გამოდგა.
3 დარენ ბენტი მართალია, მასში 17 მილიონი გადაიხადეს, მაგრამ ბენტმა სათადარიგოდაც კი ვერ ივარგა. მან დიმიტარ ბერბატოვის და რობი კინის წყვილში "ჩაჩხერვა" ვერაფრით მოახერხა, თუმცა მთლად წყალწაღებული იმიტომ არ არის, რომ 8 გოლი აქა-იქ მაინც შეაგდო.
2 როლანდო ბიანკი "რეჯინადან" "მანჩესტერ სიტიში" ამ კაცის 9 მილიონად გადაბირება, ალბათ, სვენ-გორან ერიკსონის თავისტკივილია და მეტი არაფერი. იტალიელმა თავდამსხმელმა ხელთათმანებიც ჩაიცვა, შარფიც შემოიხვია, მაგრამ მაინც ვერ ივარგა.
1 ფლორან მალუდა "ჩელსის" ბევრი ჰყავს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდნენ და მათ შორისაა ფლორან მალუდაც. არადა, ამ ფრანგში 15 მილიონი გადაიხადეს...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |