|
|
"სარბიელი"
იუვეში ზეიმია: კლაუდიო რანიერი
გიორგი კაკაბაძე
"იუვენტუსის" ბანაკში ზეიმია, კლუბმა კალჩოპოლის სკანდალი და სერია ი უკან მოიტოვა და სამეულში ადგილი დაიბევა. საუკეთესო შემთხვევაში, ტურინელები სეზონს მეორე ადგილზე, უარეს შემთხვევაში კი, მესამეზე ჩაამთავრებენ. "სამეულში ადგილს უფრო მალე ვერ გავინაღდებდით. სერია ი-დან ჩემპიონთა ლიგამდე რთული გზაა, მაგრამ ძალიან გვსიამოვნებს, რომ ეს მოგზაურობა წარმატებით გავიარეთ. თუმცა სეზონის ბოლომდე კიდევ სამი მატჩია და სანამ მეორე ადგილზე გასვლის მცირე შანსი მაინც გვაქვს, ამისთვის ვიბრძოლებთ, "იუვეს" სხვანაირად არ შეუძლია. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს. ეჭვი არასდროს მეპარებოდა, რადგან თავდაუზოგავი შრომა დაუფასებელი არასდროს რჩება. აგრეთვე დიდი მადლობა ფანებს, რომლებიც საოცარ სიყვარულს იჩენენ და მუდამ გვერდით გვიდგანან" - თქვა "ბებერი ქალბატონის" გენერალურმა დირექტორმა ჟან-კლოდ ბლანმა. "ბიანკონერის" წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გუნდის ვეტერანის ალესანდრო დელ პიეროს წარმატებული თამაშია. "პინტურიკიო" ბრწყინვალე სეზონს ატარებს და თანაგუნდელ დავიდ ტრეზეგესთან ერთად, სერია ფ-ს საუკეთესო ბომბარდირობისთვისაც იბრძვის. "იყო თუ არა, ალექსთან კონტრაქტის გახანგრძლივება კარგი შეთანხმება. დიახ, ორივე მხარისთვის. მერე რა, რომ მოლაპარაკებები გაიწელა. დელ პიერო გუნდის სიმბოლოა და მან ის გააკეთა, რასაც ველოდით, ჩვენ კი ჩვენი საქმე შევასრულეთ. წაიყვანენ თუ არა ალექსს ევრო 2008-ზე. ნამდვილად არ მინდა, რობერტო დონადონის ადგილას ვიყო. რთული იქნება ასეთი ჩემპიონის ნაკრებს მიღმა დატოვება. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მანაც დაიმსახურა და დავიდ ტრეზეგემაც" - დასძინა ბლანმა. "იუვეს" მწვრთნელი კლაუდიო რანიერი: "ამ გუნდმა იცის, როგორ მოიქცეს წარუმატებლობის შემდეგ. დროთა განმავლობაში, უფრო შეკრულ და მებრძოლ კოლექტივად ვყალიბდებით. სეზონის ყველაზე რთული მომენტი. ალბათ, "ფიორენტინასთან" წაგებული საშინაო შეხვედრა. საუკეთესო მომენტი იყო, როცა "სან სიროზე" "ინტერს" მოვუგეთ. რა უნდა შეიცვალოს მომავალი სეზონისთვის. ფაქტობრივად, არაფერი, მცირე დეტალებს თუ არ ჩავთვლით. რამდენიმე ახალი მოთამაშე გვჭირდება. წარმატებით თამაშში ისიც დაგვეხმარა, რომ ევროსარბიელზე არ ვიყავით. მომავალ სეზონში კი ჩემპიონთა ლიგაშიც მოგვიწევს თამაში, რაც ძალიან კარგია. სწორ გზას ვადგავართ. კლუბში მთავარი როლი ფეხბურთელებს ენიჭება და როგორც მწვრთნელს, მევალება, დავრწმუნდე, რომ მათ შენი ესმით და გეთანამშრომლებიან. მე ის საქმე გავაკეთე, რომელსაც ყოველთვის ვაკეთებდი. მოთამაშეთაგან ყველაზე მეტად დელ პიერომ აღმაფრთოვანა. დეკემბრამდე სათანადოდ ვერ ირჯებოდა, რადგან ტრავმები აწუხებდა. მერე კი ფორმაში ჩადგა და..."
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |