|
|
"სარბიელი"
საფეხბურთო ლეგენდები
გიორგი კაკაბაძე
ლეგენდა #22 ჩაწყობილი 2:0 ფეხბურთში ფინანსურ მაქინაციებსა და მატჩების ჩაწყობის ფაქტებს დიდი ისტორია აქვს. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და სკანდალური შემთხვევა 1915 წლის 2 აპრილს დაფიქსირდა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოლდ ტრეფორდზე" "ლივერპულს" 2:0 მოუგო. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ შეხვედრის ანგარიში წინასწარ იყო შეთანხმებული და ამით ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ისარგებლეს ფინანსური თვალსაზრისით. იმ დროისთვის "მანჩესტერი" უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოდა, უმოტივაციო "ლივერპული" კი ცხრილის შუაგულში იმყოფებოდა. მერსისაიდელებს ორივე გოლი ჯორჯ ანდერსონმა გაუტანა. თუმცა მატჩის მსაჯმა და მიმომხილველებმა შენიშნეს, რომ ლივერპულელებს აშკარად აკლდათ მოტივაცია და საეჭვოდ გამოიყურებოდნენ: პენალტიც კი გააცუდეს. მატჩის მერე გირკვა, რომ "მანჩესტერის" მიერ ანგარიშით 2:0 მოგებაზე ბევრი ფსონი გაკეთდა, რაზეც კოეფიციენტი 7,0 იყო. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ კი დაადგინა, რომ გარიგებაში გარეულები იყვნენ მანჩესტერელები - სანდი ტერნბული, არტურ ვოლეი და ენოხ ვესტი, ასევე ლივერპულელები - ჯეკი შელდონი, ტომ მილერი, ბობ პერსელი და ტომ ფეირფული. შელდონი ექსმანჩესტერელი გახლდათ და შეთქმულების ორგანიზატორადაც შეირაცხა. სასჯელს გადაურჩნენ ლივერპულელი ფრედ პაგნემი და მანჩესტერელი ანდერსონი, რომლებმაც განაცხადეს, ამ თაღლითობაში მონაწილებისგან თავი შორს დავიჭირეთო. როგორც გაირკვა, პაგნემი გამალებით ცდილობდა გოლის გატანას, რათა მათჩი 2:0 არ დასრულებულიყო. ხოლო ანდესრსონმა თანაგუნდელების წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ზემოთ ჩამოთვლილი შვიდივე მოთამაშე ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთეს. ამ გადაწყვეტილებას ვერაფრით შეეგუა ვესტი, რომელმაც თავისი სიმართლის დამტკიცება ფეხბურთის ასოციაციისთვის ჩივილითაც კი სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ტერნბული პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა. ვესტის გარდა, დანარჩენ მოთამაშეებს დისკვალიფიკაციები 1919 წელს მოუხსნეს ომში ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. ვესტს ლოდინი 1945 წლამდე მოუხდა: როცა მასაც გაუუქმეს დისკვალიფიკაცია, იგი 59 წლის გახლდათ... დამტკიცდა, რომ ეს მაქინაცია მხოლოდ ფეხბურთელებმა განახორციელეს. ამიტომ, არცერთი კლუბი და არც მათი ჩინოვნიკები არ დასჯილან. მიუხედავად იმისა, რომ გარიგების მიზანი მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღება იყო, ამ სამმა ქულამ "მანჩესტერს" უმაღლეს ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა. "წითელმა ეშმაკებმა" სულ რაღაც ერთი ქულით გაასწრეს ლონდონის "ჩელსის". თუმცა 1919 წელს, როცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონატი განახლდა, გუნდების რაოდენობის ორით გაზრდა გადაწყდა და "ჩელსი", მის თანაქალაქელ "არსენალთან" ერთად, უმაღლეს ლიგაში დააბრუნეს.
ლეგენდა #23 პირველი სათვალიანი ბელგიელი არმან ჟოზეფ ჟურიონი, მეტსახელად "ჯეფი", საოცარი ნიჭით დაჯილდოებული და განსაკუთრებული ფეხბურთელი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ საშუალო დონის, კარგი მოთამაშე კი იყო და ერთი რამით გამოირჩეოდა... როგორც პროფესიული ფეხბურთის ისტორიაშია ცნობილი, 1937 წლის 24 თებერვალს დაბადებული ჟურიონი პირველი ფეხბურთელი გახლდათ, რომელიც სათვალით თამაშობდა. სხვათა შორის, მან ფაქტობრივად მთელი კარიერა ასე გაატარა. ჟურიონმა თამაში "რუისბროკში" დაიწყო, 17 წლისა კი ბელგიის საუკეთესო კლუბ "ანდერლეხტში" გადაბარგდა და იქ 16 წელი გაატარა. ბრიუსელელთა რიგებში მან ცხრაჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული და ერთხელაც თასი მოიპოვა. 1962 წელს "ანდერლეხტმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალთან" ფრედ, 3:3 ითამაშა, ბრიუსელში კი "ჯეფის" დასამახსოვრებელი გოლით 1:0 მოიგო და ჩემპიონთა თასის მეორე ეტაპზე გავიდა. ამის მერე ჟურიონს ერთი ხანობა, "მისტერ ევროპასაც" კი ეძახდნენ. "ანდერლეხტიდან" ჟურიონი "გენტში" გადაბარგდა მოთამაშე-მწვრთნელად. შემდგომში, საკმაოდ წარმატებით წვრთნიდა "ლოკერენს", "ბევერენსა" და "ლა ლუვიეს". ეროვნულ ნაკრებში "ჯეფმა" 1955-67 წლებში 64 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. ამ ხნის განმავლობაში შვიდ სხვადასხვა პოზიციაზე ითამაშა. ჟოზეფ ჟურიონს გასული საუკუნის 60-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო პლეიმეიკერად იხსენიებენ. არადა, ეს კაცი კარიერას მარჯვენა შემტევ ნახევარმცველად იწყებდა, საერთოდ კი უნივერსალი გახლდათ.
ლეგენდა #24 დეგენერატი ბანდიტი 1950 წლის ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე მასპინძლები იუგოსლავიის ნაკრებს ხვდებოდნენ. ამ მატჩის არბიტრი ინგლისელი მერვინ გრიფსტი იყო. თამაშის დაწყებამდე მას ჰოლანდიელმა კოლეგამ ვან მეერმა ხუმრობით უთხრა: "გემრიელად ისადილე. ბრაზილიამ რომ წააგოს, ეს შენი უკანასკნელი სადილი იქნება". ეს ხუმრობა კინაღამ სიმართლედ იქცა, როცა გრიფსტმა ბრაზილიელთა გოლი არ ჩათვალა და ქომაგების საშინელი უკმაყოფილება გამოიწვია. ხოლო ერთ-ერთმა აღფოთებულმა და ემოციებს აყოლილმა ბრაზილიელმა კომენტატორმა ინგლისელ მსაჯს საინტერესო რამ უწოდა: "დეგენერატი ბანდიტი". კიდევ კარგი, ბრაზილიამ ის მატჩი მოიგო...
ლეგენდა #25 თამბაქო და ზამორა ლეგენდარული ესპანელი მეკარე რიკარდო ზამორა დისციპლინას ყოველთვის იცავდა, მაგრამ ერთი ახირება მასაც ჰქონდა - თამბაქოს გამუდებით ეწეოდა. თურმე ხშირად დღეში 60 ღერზე მეტსაც უღებდა ბოლოს. ამბობდა, თამბაქო ნერვებს ამშვიდებსო. ზოგჯერ ზამორა მათჩის მსლელობისასაც ვერ იკავებდა თავს და ტაიმებს შორის შესვენებაზე 2-3 ღერის მოწევას ასწრებდა, სიგარეტს საშხაპეშიც არ იშორებდაო...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |