|
|
"სარბიელი"
ქართული ოქროებიც რუსულად გაჟღერდა
ლექსო მაისურაძე
სპორტის სასახლეში მიმდინარე სამბისტთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე ქართველთათვის უფრო შედეგიანი გამოდგა - 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი. აქედან ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო გოგონებს ეკუთვნით. თინათინ ქულოსაშვილს (60კგ) მოლდოველ ანა რეპიდასთან გამარჯვებაც შეეძლო, მაგრამ დიდი მონდომების მიუხედავად, ვერას გახდა. არადა, გოგონებში ევროპის ჩემპიონობა გამორჩეული ამბავი იქნებოდა. ბიჭებმა, წინა დღისგან განსხვავებით, ხასიათი თავადაც გამოიკეთეს და სასახლეში შეკრებილი მცირერიცხოვანი გულშემატკივრებიც გაახარეს. ორივე ჩემპიონმა - ლევან წიკლაურმა (82კგ) და მირიან პავლიაშვილმა (100კგ) - რუსი სამბისტები წააქციეს. წიკლაურმა ალექსეი ხარიტონოვთან პატარა გმირობა ჩაიდინა. მთელი შეხვედრის მანძილზე დამაჯერებლად კი იგებდა და ანგარიშიც 5:0 მიჰყავდა, მაგრამ ბოლოსკენ რუსმა შებოჭა და წიკლაურმა 36 წამის განმავლობაში აუტანელ ტკივილს გაუძლო, ხელი არაფრის დიდებით არ დაარტყა დანებების ნიშნად და ჩემპიონიც გახდა. მირიან პავლიაშვილმა სერგეი სამოლოვიჩს მცირე შანსიც არ დაუტოვა, შეხვედრის შუისკენ ლამაზი გდებით 4 ქულა აუღო და დარჩენილი დროც დამაჯერებლად ჩაამთავრა. ქართველებმა გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავეს რუსეთისა და ბელარუსის შემდეგ. სხვა რა. პირველი დღის მსგავსად, სპორტის სასახლეში რუსეთის ჰიმნი იმდენჯერ აჟღერდა, ზოგიერთი სტუმარი ჩვენი მეზობლების ჰიმნს ღიღინებდა კიდეც... კიდევ, წამყვანი ისევ რუსულად გვაცნობდა ინფორმაციას. ჟურნალისტების ატეხილი ალიაქოთი ამ ამბავთან დაკავშირებით დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ეჰ, რას ვიზამთ, სამბოს გარდა, სხვაც ბევრი რამ გვაქვს სასწავლი ქართველებს... საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. დღეს კი ხალიჩა საბრძოლო სამბოს მიმდევრებს დაეთმობათ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |