|
|
"სარბიელი"
ახალი თაობის ვნებანი: პოლმა კიდი წაშალა, პარკერმა ნეში ჩააქრო
ივანე კობიაშვილი
29 აპრილი აღმოსავლეთი დეტროიტი 3:2 ფილადელფია დეტროიტი 98:81 ფილადელფია დეტროიტი: ბილაფსი (21 ქულა, 12 პასი), ჰამილტონი (20), ვოლესი (19 ქულა, 6 მოხსნა, 6 დაფარება), პრინსი (17) ფილადელფია: იგუდალა (21), უილიამსი (16), მილერი (13) რაც სერია დაიწყო, "დეტროიტს" ერთთავად მდევრის როლში ყოფნა უწევდა და ამ ნერვიულ სიტუაციას მეხუთე თამაშის შემდეგღა დააღწია თავი, როცა შინ დაამარცხა "ფილადელფია" და პროგნოზებში მინიჭებული ფავორიტის სტატუსი ბოლოს და ბოლოს გაამართლა. მასპინძლებს იოლად კი გამოუვიდათ გამარჯვება, რადგან ფილადელფიელებისგან ნაწვნევი მწარე ალიყურების შემდეგ თავი აიტკივეს და მთელი ძალით თამაში იკადრეს. შედეგად სტუმრები პირველივე მეოთხედში გატყდნენ, როცა 14 ქულით ჩამორჩნენ და მერეც ათ ქულაზე მეტად ვეღარ შეამცირეს სხვაობა. "ეს გადამწყვეტი თამაში იყო და თავს ვერ მივცემდით ჩაძინების უფლებას" - ამბობდა ნამატჩევს "დეტროიტის" თავკაცი ფლიპ სანდერსი. მისმა ფილადელფიელმა ოპონენტმა მორის ჩიკსმა კი "ტერმინატორის" შემდეგ ამერიკაში უსაზღვრო პოპულარობამოხვეჭილი ფრაზა დატოვა - "მე დავბრუნდები!" დასავლეთი ნიუ ორლეანი 4:1 დალასი ნიუ ორლეანი 99:94 დალასი ნიუ ორლეანი: ვესტი (25), პოლი (24 ქულა, 15 პასი, 11 მოხსნა), პარგო (17), სტოიაკოვიჩი (11), ჩანდლერი (10 ქულა, 14 მოხსნა) დალასი: ნოვიცკი (22 ქულა, 13 მოხსნა, 6 პასი), კიდი (14 ქულა, 9 პასი), ტერი (13), ჰოვარდი (12), ბასი (11), სტეკჰაუსი (11), ჯორჯი (11) ნიუ ორლეანმა წლეულს ოლ სტარსაც უმასპინძლა და ნბა-ს ყველა მოქმედი ვარსკვლავი ერთად იხილა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ "კატრინას" მიერ მიწისაგან პირისა აღგვილი ეს ქალაქი მაშინაც კი არ ყოფილა კალათბურთით ისე "დაკმაყოფილებული", როგორც ამ დღეებში. "დალასთან" სერიის მეხუთე მატჩის დაწყებამდე "ნიუ ორლეან ჰორნეთსის" თავკაც ბაირონ სკოტს სეზონის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი გადასცეს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, მთავარი თვითონ თამაში და მისი შედეგი გახლდათ: "კრაზანებმა" ხუთ ცდაში მეოთხედ დაამარცხეს "დალასი" და ნიუ ორლეანში გადმობარგების, ანუ 2002 წლის შემდეგ პირველად დაძლიეს პლეი ოფის პირველი წრე. ცხადია, ბაირონ სკოტს ამ წარმატებაში ლომის წილი უდევს, მაგრამ მოედანზე მთავარი კრის პოლი გახლდათ, ვისსაც მისისიპისპირელებმა ძეგლი უნდა დაუდგან. ციცქნა პოლმა მთელი სერიის განმავლობაშიც და ასევე ამ თამაშშიც ბავშვივით დაჩაგრა არცთუ შორეულ წარსულში ასოციაციის გაუსაჩივრებლად უძლიერესი გამთამაშებელი ჯეისონ კიდი და კიდევ ერთხელ აგრძნობინა, შენმა მატარებელმა ჩაიარა, ახლა მე ვარ საუკეთესოო. სერიაც მოხდენილად დაასრულა მთავარმა "კრაზანამ" - სამმაგი დუბლი შეასრულა, რაშიც კიდს ადრე ბადალი არ მოეძევებოდა, მაგრამ პოლთან გადახდილ ხუთ საპლეიოფო დუელში ახლოსაც კი არ მდგარა სამმაგთან, ორმაგიც კი არ გაუკეთებია. სან ანტონიო 4:1 ფინიქსი სან ანტონიო 92:87 ფინიქსი სან ანტონიო: პარკერი (31 ქულა, 8 პასი), დანკანი (29 ქულა, 17 მოხსნა) ფინიქსი: დიაუ (22 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი), სტუდემაიერი (15 ქულა, 11 მოხსნა), ბელი (14), ონილი (13), ნეში (11) პლეი ოფი ასევე უსახელოდ დაასრულა კიდევ ერთმა დიდმა გამთამაშებელმა, ფინიქსელმა სტივ ნეშმა, რომელსაც, ასევე მასზე ახალგაზრდა ოპონენტმა მოუღო ბოლო. "სან ანტონიოს" ფრანგ გამთამაშებელ ტონი პარკერს სეზონი ვერ გამოუვიდა მთლად ვასრკვლავური, მაგრამ პლეი ოფში კი სრულად გაიბრწყინა და თვით ნეშის ვარსკვლავიც კი ჩააქრო. "სან ანტონიო" და "ფინიქსი" იმდენად დიდი და პლეი ოფებში გათქვეფილი გუნდები არიან, რომ თამაშს ერთ კაცზე არ ააწყობენ, მაგრამ ამ სერიაში პარკერ-ნეშის დუელი მაინც თვალს იტაცებდა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს ბლომად ჰყავს სხვა კაშკაშებიც. და პარკერმა აშკარად აჯობა ნეშს. გადამწყვეტი ფაქტორის როლი ვერც "ფინიქსში" წლეულს გადასულმა შაკილ ონილმა შეასრულა და ვერც ძველმა ფინიქსელმა ამარე სტუდემაიერმა. "სან ანტონიოს" დაცვამ ეს ორივე გოლიათი ჩაყლაპა. იუტა 3:2 ჰიუსტონი ჰიუსტონი 95:69 იუტა ჰიუსტონი: მაკგრეიდი (29), სკოლა (18 ქულა, 12 მოხსნა), ელსტონი (14) იუტა: ბუზერი (19 ქულა, 10 მოხსნა), ოქური (14 ქულა, 10 მოხსნა), უილიამსი (13) მანამდე "ჰიუსტონი" შინ ორივე შეხვედრაში ჩაფლავებულიყო და ახლა ესეც რომ დაეთმო "იუტასთვის", მეორე წრეში გასეირნების ოცნებას უნდა გამოთხოვებოდა, მაგრამ შეძლო და კერკეტი მეტოქე პირველივე ტაიმში გატეხა. ტრეისი მაკგრეიდიმ კიდევ ერთი კარგი თამაში ჩაატარა. ისე კი, მას ცუდის უფლება აღარც აქვს, გასვლაც უნდა მოაგებინოს "რაკეტებს" და შემდეგ მეშვიდე შინაური შეხვედრაც, თორემ "რაკეტას" კი არა, ისევ მეორეკლასელის შურდულს დაუძახებენ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |