"სარბიელი"
# 97
ხუთშაბათი, 1 მაისი, 2008 წელი

პატ რაილი საბოლოოდ დაიღალა

ივანე კობიაშვილი

დიდი პატ რაილი მგონი მართლა დაიღალა და საბოლოოდ გადადგა. და მისი ყველას ესმის. ძნელია ერთდროულად იყო კლუბის პრეზიდენტიც და მწვრთნელიც, მით უმეტეს, როცა 63 წლის ხარ და მით უმეტეს, რომ შენს გუნდს ჰქონდა არსებობის მანძილზე ყველაზე ცუდი სეზონი.

5 წლის წინაც კი გადადგა მწვრთნელობიდან და გუნდი პირველ ასისტენტ სტენ ვან განდის ჩააბარა, მაგრამ მოთმინება არ ეყო, წელიწადნახევარის შემდეგ ისევ დანიშნა საკუთარი თავი მთავარ მწვრთნელად და "მაიამი" 2006 წელს გააჩემპიონა.

პატ რაილი 1995 წლიდანაა "მაიამი ჰითის" პრეზიდენტიც და თავკაციც და გუნდი მთელი ეს ხანი დიდი ჩავარდნების გარეშე გამოატარა, მაგრამ ბოლო სეზონი პირდაპირ კატასტროფული გამოვიდა და პატ მასწავლებელიც მიხვდა, რომ წასვლის დროა.

"მთლიანად" არ წასულა, პრეზიდენტად დარჩა და გუნდი ჩააბარა ვინმე ერიკ სპოლსტრას. ორი სიტყვა ამ ახალბედაზე: სპოლსტრა, ანუ "სპო", როგორც მას მაიამიში ეძახიან, "ჰითში" რაილის მისვლის დღიდან მუშაობს, მაგრამ თავიდან ისეთი უმნიშვნელო "ვინმე" გახლდათ, რომ რაილის ყურადღების არეში მხოლოდ სამი წლის შემდეგ მოექცა, შემდეგ კი კლუბის და საქმის მიმართ გამოჩენილი ერთგულების წყალობით თანდათან წაიწია კარიერის კიბეზე და ასისტენტობამდე დაწინაურდა. სპოლსტრა ახლა მხოლოდ 36 წლისაა, მაგრამ მისი ასაკით შეფიქრიანებულ ხალხს რაილი ამშვიდებს, მერე რა მოხდა, მეც მაგხელა ვიყავი, "ლოს ალჯელეს ლეიკერსი" რომ ჩამაბარეს თავის მეჯიქ ჯონსონიანად და ქარიმ აბდულ-ჯაბარიანადო. მოკლედ, ამ შავტუხა "ყმაწვილს" თავად პატ რაილი უცხადებს ნდობას და ვნახოთ, როგორ უშველის სპოლსტრა "მაიამის".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com