|
|
"სარბიელი"
სია ცნობილია! შოთა არველაძემ ვარსკვლავები ჩამოგვითვალა
ილია ნანობაშვილი
შოთა არველაძე ყოველთვის აქტუალური თემა იყო ქართულ ფეხბურთში და დღესაც, როცა იცი, რომ მდიდარ კარიერას ასრულებს... 3 ივნისს შოთას გამოსამშვიდობებელი მატჩია თბილისში, ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იქნება და, შეიძლება ითქვას, უნიკალური მოვლენაა - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ქართველი თავდამსხმელი ფეერიულად დაემშვიდობება საყვარელ ქომაგებს. ამ მატჩისთვის უკვე დაწყებულია საორგანიზაციო სამუშაოები. რაც შეეხება თამაშს - გეცოდინებათ, ტყუპისცალის უცხოელ მეგობართა ნაკრებს საქართველოს შერეული ნაკრები (ვეტერანები და მოქმედი ფეხბურთელები) შეხვდება: თავიდან სწორედ ვეტერანები დაიწყებენ, მერე კი მოქმედი ფეხბურთელები გააგრძელებენ. ისიც არახალია, რომ საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე და რევაზ ძოძუაშვილი გაწვრთნიან, უცხოელებს კი ლუის ვან გაალი, მორტენ ოლსენი და შენოლ გიუნეში. და კიდევ, შოთას გუშინ ვალენსიაში რომ დავუკავშირდით, იმ უცხოელი ვარსკვლავების საბოლოო სია მოგვაწოდა, რომლებიც 3 ივნისს ბურთს გააგორებენ "ეროვნულზე". თუმც "ლევანტეს" ფეხბურთელმა დაამატა, შესაძლოა, ერთი-ორი ცვლილება მოხდეს, კერძოდ, სიას ჰოლანდიელები, პატრიკ კლუივერტი და ედგარ დავიდსი დაემატონო. სამაგიეროდ, გუშინ გადაწყდა, რომ 3 ივნისს ანდრეი კანჩელსკისიც ჩამოვა - "მანჩესტერ იუნაიტედის", "ევერტონის", "ფიორენტინას" და "რეინჯერსის" ყოფილი გარემარბი. სანამ სიას გაგაცნობდეთ, შოთასთან სხვა საკითხებზე ნაუბარს შემოგთავაზებთ... - პრიმერადივიზიონის წინა ტურში ისევ ვერ ითამაშე... - ფეხი გამისივდა და ვერ ვიყავი ჯანზე. ახლა ორი დღეა, ვვარჯიშობ და ვნახოთ... ალბათ, მომდევნო ტურში შევძლებ თამაშს. - ამასწინათ გვითხარი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის ასისტენტობის გარდა, სხვა შემოთავაზებებიც მაქვსო. შეგიძლია, ახლა დააკონკრეტო. - არასერიოზული გამოვა. რამდენიმე კარგი წინადადება მაქვს და ჯერ არჩევანის წინაშე ვდგავარ. - ყველა წინადადება მწვრთნელობას უკავშირდება. - არა. თუმც ყველა საფეხბურთო სფეროდანაა...
ჩამომსვლელთა სია ფრედ გრიმი (ჰოლანდია, 1965) - თითქმის მთელი კარიერა "აიაქსში" აქვს გატარებული, თუმც ედ დე გუიმდე და ედვინ ვან დერ სარამდე ვერ მივიდოდა, ამიტომაც ჰოლანდიის ნაკრებში ფეხი ვერ მოიკიდა. ხალიდ სინუ (მაროკო, 1975) - ერთი სეზონი გაატარა "ალკმაარში" შოთა არველაძესთან ერთად. ახლა თურქული "კასიმფაშას" მეკარეა. ფრანკ დე ბური (ჰოლანდია, 1970) - წლების მანძილზე ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანი გახლდათ. მდიდარი კარიერა მოილია: "აიაქსში" და "ბარსელონაში" ერთ-ერთი წამყვანი მცველი იყო. რონალდ დე ბური (ჰოლანდია, 1970) - ფრანკის ტყუპისცალმაც "აიაქსში" გაითქვა სახელი, ძმებმა ერთად მოიგეს ჩემპიონთა ლიგა 1995 წელს. რონალდი "გლაზგო რეინჯერსში" შოთას ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორი გახლდათ. აარონ ვინტერი (ჰოლანდია, 1967) - რუუდ გულიტის, ფრანკ რაიკარდის და სხვა "ასების" დარად, ვინტერიც წარმოშობით სურინამელია. ჰოლანდიის ნაკრებში 84 მატჩში 5 გოლი გაუტანია, მუშა და ამავდროულად შემქმნელი ნახევარმცველი გახლდათ. "აიაქსში", "ლაციოსა" და "ინტერში" მშვენიერი სეზონები ჰქონდა. არტურ ნუმანი (ჰოლანდია, 1969) - ჰოლანდიის ნაკრების ერთ დროს შეუცვლელი მარცხენა მცველი. 5 წლის წინ დაასრულა ფეხბურთე-ლის კარიერა, რომლის უმეტესი ნაწილი პსვ-ში გაატარა, თუმც "რეინჯერსშიც" იყო შოთას დროს. დანი ბლინდი (ჰოლანდია, 1961) - ჩემპიონთა ლიგის მომგები "აიაქსის" (1995) კაპიტანი. მთელი კარიერა ამსტერდამულ გრანდში გაატარა, 1999 წელს დაასრულა ფეხბურთის თამაში და ერთი წელი საყვარელი გუნდის მთავარი მწვრთნელიც გახლდათ. ბარი ოპდამი (ჰოლანდია, 1976) - "ალკმაარის" ლიდერი, ამ კლუბში 300-ზე მეტი მატჩი ჩაუტარებია, ჰოლანდიის ნაკრებში კი 8-ჯერ უთამაშია. ერედივიზიონის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება. ლუის რუბიალესი (ესპანეთი, 1977) - "ლევანტეს" კაპიტანი, ამპლუით მარცხენა მცველი, არცთუ სახელიანი კარიერა აქვს. დამიანო ტომაზი (იტალია, 1974) - იტალიის ნაკრებში 25 მატჩი ჩაუტარებია და 2 გოლი გაუტანია. ბრწყინვალე სეზონები ჰქონდა "რომაში". "ლევანტეში" შარშანწინ გადავიდა და გუნდის საუკეთესო ნახევარმცველია, თუმც საუკეთესო წლები უკან მოიტოვა. მორის როსი (შოტლანდია, 1981) - შოთა მას "რეინჯერსიდან" იცნობს. ნიჭიერ ნახევარმცველად ითვლებოდა, თუმც მერე დაღმასვლა დაეწყო, ინგლისის არცთუ სახელიან გუნდებში იბურთავა, ახლა კი ნორვეგიულ "ვიკინგში" თამაშობს. სქოთთა ნაკრებში 13-ჯერ უთამაშია. რიხარდ ვიჩგე (ჰოლანდია, 1969) - "აიაქსი", "ბარსელონა", "ბორდო"... ამ გუნდების გარდა, უმცროსი ვიჩგე სხვაგანაც იყო, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავად ამ სამ კლუბში ითამაშა. 2004 წელს იაპონურ გუნდში დაასრულა კარიერა. ძალიან ტექნიკური გამთამაშებელი გახლდათ, ნაკრებში 31-ჯერ უთამაშია. ამჟამად ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელია და შარშან თბილისშიც იყო ჩამოსული ევროშესარჩევ ციკლში. ტიჯანი ბაბანგიდა (ნიგერია, 1973) - სწრაფი მარჯვენა გარემარბი, ვინაც "აიაქსში" გაატარა საუკეთესო წლები, თამაშს სამი წლის წინ შეეშვა, ბოლოს ჩინეთის ერთ-ერთ კლუბში იბურთავა. ნიგერიის ნაკრებში 1995 წლის ოლიმპიადა მოიგო. ანდრეი კანჩელსკისი (რუსეთი, 1969) - ჯერ კიდევ საბჭოეთის ჩემპიონატის დროს გადავიდა დონეცკის "შახტიორიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში", რაც უსენსაციურეს ტრანსფერად მონათლეს, თუმც კანჩელსკისმა ჩინებულად ითამაშა "მანჩესტერშიც", "ევერტონშიც", "ფიორენტინაშიც" და შოთას დროინდელ "რეინჯერსშიც". ამჟამად რუსეთის პირველლიგელ "ნოსტას" სპორტული დირექტორია. კენეტ პერესი (დანია, 1974) - კარიერის უმეტესი ნაწილი ჰოლანდიის ერედივიზიონში გაატარა და ახლაც იქაა - "აიაქსში". ადრე "ალკმაარსა" და პსვ-შიც უთამაშია, დანიის ნაკრებში კი 20 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. თოლუნაი ქაფქასი (თურქეთი, 1968) - ზუსტად იმ წლებში ითამაშა "ტრაბზონსფორში", როცა იქ შოთა და არჩილი შოუებს დგამდნენ. თურქეთის ნაკრების ყოფილი მცველია, ამჟამად კი იქაურ "ქაისერს" თავკაცობს. ოგიუნ თემიზქანოღლუ (თურქეთი, 1969) - თითქმის მთელი კარიერა "ტრაბზონსფორში" გაატარა და თურქეთის ნაკრების წამყვანი მცველიც გახლდათ. მიხაელ მოლსი (ჰოლანდია, 1970) - 37 წლის თავდამსხმელი "ფეინოორდში" დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმც გაცილებით უკეთ თამაშობდა "რეინჯერსსა" და "უტრეხტში". ტექნიკური, რბილი მანერის ფორვარდია. ბრაიან ლაუდრუპი (1969, დანია) - 1992 წლის ევროპის ჩემპიონმა კარიერა 2000 წელს დაასრულა. ტრავმები რომ არა, გაცილებით ფასეული კარიერა ექნებოდა. "ბაიერნი", "ფიორენტინა", "მილანი" და "აიაქსი" მოიარა, ყველაზე დიდხანს (ოთხი წელი) კი "რეინჯერსში" ითამაშა. 1992-ში "ოქროს ბურთის" ნომინაციაში მეხუთე ადგილზე გავიდა. მიქაელ ლაუდრუპი (დანია, 1964) - ალბათ, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც 3 ივნისს თბილისში ჩამოვა. ძნელია, მისი მდიდარი საფეხბურთო კარიერა მოკლედ ჩაატიო, ფეხბურთელი ხომ დიდებული იყო და მწვრთნელადაც ვერავინ დაიწუნებს - მისი პატარა "ხეტაფე" ევროსარბიელზეც რიგიანად გამოჩნდა. კლაუდიო კანიჯა (არგენტინა, 1967) - მიქაელ ლაუდრუპის დარად, კანიჯაზე მოკლედ მოყოლა ძალიან საძნელო საქმეა. დიეგო მარადონას უახლოესი მეგობარი... მოკლედ, კანიჯაა და ამით ყველაფერი ნათქვამია...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |