|
|
"სარბიელი"
ივანე განრისხდა
ლაშა გეგეჭკორი
ლიდერთა სამეულში არაფერი შეცვლილა, მოწინავეებმა ყაიმებით დაასრულეს პარტიები და თავიანთი ადგილები შეინარჩუნეს. მათი დაწევის კარგი შანსი აქვთ მაგნუს კარლსენს და გატა კამსკის. პატარა ნორვეგიელმა წლეულს სუპერტურნირებზე გამოიჩინა თავი, ამერიკელმა კი დეკემბერში მსოფლიოს თასი მოიგო. მერვე ტურში კარლსენი ივან ჩეპარინოვს შეხვდა და 51-ე სვლაზე დაუზავდა. 21 წლის ბულგარელი დიდოსტატი ამომავალ ვარსკვლავად ითვლება, თუმც ტურნირი საშინლად დაიწყო და ზედიზედ ოთხი პარტია წააგო. მან მდგომარეობა მომდევნო ტურებში შედარებით გაიუმჯობესა, სამი ქულა აიღო და ბოლო ადგილსაც ასცდა. კარლსენთან შეხვედრისას სლავს ფავორიტად არავინ მიიჩნევდა, თუმც ივანმა ბოლომდე იბრძოლა და ყველას დაუმტკიცა რომ ჩამოსაწერი არაა. მოჭადრაკეებმა ინგლისური დებიუტი გაითამაშეს. ორთავემ მხედრები გამოაჭენა წინ, როქი გააკეთა და ერთმანეთის ჯარს დაერია. კარლსენმა მარცხენა ფლანგზე გადმოიტანა ყურადღება, ლაზიერ-ეტლი საომრად შეამზადა და იერიშებს მიმართა. ჩეპარინოვმა მომხვდურს დიდი წინააღმდეგობა დაახვედრა, თავის ტერიტორიაზე არ შეუშვა და ქულაც გააყოფინა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |