"სარბიელი"
# 97
ხუთშაბათი, 1 მაისი, 2008 წელი

147 კარტერმაც დათვალა

შეფილდში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე არნახული ამბები ხდება. აღიარებული ფავორიტების წარუმატებლობებზე ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენთ და ამ ჯერზე სულ სხვა საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას.

ამ მსოფლიოს ჩემპიონატამდე სნუკერის ისტორიამ 61 მაქსიმალური, ანუ 147-ქულიანი ბრეიკი იცოდა და აქედან, საკუთრივ მსოფლიოს ჩემპიონატებზე, მხოლოდ 6 მაქსიმალური ბრეიკი იყო ნაჩვენები.

ორ დღეში ეს მონაცემები მნიშვნელოვნად შეიცვალა და ამ წუთისთვის 63-ს და 8-ს შეადგენს. დიახ, ჯერ იყო და სნუკერის ჯადოქარმა რონი ოსალივანმა შეასრულა კარიერაში მეცხრე 147-ქულიანი სერია და მეორე დღეს კი იგივე, თანაც კარიერაში პირველად, ალისტერ კარტერმა შეძლო.

ეს კარტერისა და მეორე ინგლისელის, მსოფლიოს ექსჩემპიონ პიტერ ებდონის მეოთხედფინალურ მატჩში მოხდა. ეს იყო უმაღლესი დონის სნუკერი - კარტერის მაქსიმუმამდე ებდონმა 143-ქულიანი ბრეიკი გააკეთა და შემდეგ მაქსიმუმზეც გაიწია, მაგრამ მე-15 შავ ბურთულაზე მოეცარა ხელი. აი, ამის შემდეგ კარტერის ჯერი დადგა და მაქსიმალური ბრეიკიც გამოცხვა.

როდესაც ორი სესიის შემდეგ შესვენება გამოცხადდა კარტერი 9:7-ს იგებდა. ამის შემდეგ ებდონმა მინიმუმამდე კი შეამცირა სხვაობა, მაგრამ შემდეგ კარტერმა მიყოლებით სამი ფრეიმი მოიგო და ფაქტობრივად, გადაწყვიტა მატჩის ბედი.

პრაქტიკულად ყველაფერი გარკვეულია კიდევ ორ მეოთხედფინალურ შეხვედრაში და სნუკერის ქომაგთა სასიხარულოდ, სატურნირო ბადის ზედა ნახევარში ოცნების ნახევარფინალს მივიღებთ - ოსალივანი შვიდგზის ჩემპიონ სტივ ჰენდრის წინააღმდეგ.

ჩინელ ლიან ვენბოსთან მატჩი რონიმ საკმაოდ უხეროდ დაიწყო, 0:2 ჩამორჩა, თუმც პირველი სესიის ბოლოს ანგარიში, უკვე თანაბარი იყო - 4:4. მეორე სესიაში კი ინგლისელმა ზედიზედ ექვსი ფრეიმი მოიგო, თანაც მორიგი სუპერდიდოსტატური, 140-ქულიანი ბრეიკი გააკეთა და ყველაფერი ნათელი გახადა.

ჰენდრიმ კი თავიდანვე დაანოკაუტა რაიან დეი - სქოთმა უელსელს პირველ სესიაში რვიდან შვიდი ფრეიმი მოუგო, მეორეში კი ექვსქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. თანაც, სტივმა მორიგი ასქულიანი ბრეიკები გააკეთა და საკარიერო მონაგარი სარეკორდო ციფრამდე, 717-მდე აიყვანა.

კიდევ ერთ მეოთხედფინალში სტივ მაგუაერი 0:4-ს აგებდა ჯო პერისთან, თუმცა ფავორიტმა შეძლო მდგომარეობის გამოსწორება და პირველი სესია ფრედ - 4:4 დასრულდა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com