|
|
"სარბიელი"
რენოში დამწვრისას ჰკვირობენ
კახა ლომაძე
წლევანდელი საპირველფორმულო ჩემპიონატის მეოთხე, და ამავდროულად, პირველი ევროპული ეტაპი, რომელიც გასულ უქმეებზე ბარსელონაში, "კატალუნია მონტმელოს" ავტოდრომზე გაიმართა, უაღრესად არაერთგვაროვანი აღმოჩნდა "რენოსთვის". ფრანგული საჯინიბოს იტალიელი შეფი ფლავიო ბრიატორე ჯერ კიდევ სამი კვირის წინ, ბაჰრეინული დიდი პრიზის შემდეგ ამბობდა, ევროპაში სულ სხვა "რენოს" იხილავთ, ჩვენ პროგრესის გზას ვადგავართ, თანაც გუნდში ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო გვყავს და მალე, ისევ ტოპ-გუნდებს შორის მოგვიხსენიებენო. "რენომ" რომ პროგრესი განიცადა, ბარსელონურ სარბოლო უიქენდის ზუსტად მეორე დღეს, ანუ შაბათს, კვალიფიფიკაციისას ნათლად გამოჩნდა. გუნდის ორივე პილოტი - ალონსოცა და ნელსონ პიკე უმცროსიც კვალიფიკაციის მესამე წრეში გავიდნენ და ეგ კი არა, ნანდოს სულ მცირედი დააკლდა პოულამდე - მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, "ფერარის" ფინელმა პილოტმა კიმი რაიკონენმა უკანასკნელ წრეზე წამის ერთი მეასედით გააუმჯობესა ესპანელის შედეგი. შესაბამისად, სტარტზე ალონსო მეორე, ანუ პირველ რიგში იყო და, მართალია, პირველივე მოსახვევში ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა, "რენოს" ბოსებს პოდიუმის იმედი ჰქონდათ. ამ იმედებს ცივი წყალი შუა გზაზე გადაესხა, როდესაც ესპანელის "რენოს" ძრავამ ბოლი გაუშვა. ამ გაუთვალისწინებელმა ინციდენტმა "რენოს" შეფებში სამწუხარო გაკვირვება გამოიწვია, რაც მოხდა, არანაირად არ უნდა მომხდარიყო, რაღაც გაუგებრობა მოხდა და ყველაფერს დაწვრილებით გამოვიკვლევთო. ძრავების განხრით "რენოს" ტექნიკური დირექტორი რობ უაიტი: "სანამ დაიწვებოდა, ფერნანდოს მანქანის ძრავა განგაშის არანაირ ნიშანს არ იძლეოდა. ახლა სპეციალურ ტესტს ჩავატარებთ იმავე პირობებში და რეჟიმში, როგორშიც ძრავა მუშაობდა და ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს". გუნდის მთავარმა სარბოლო ინჟინერმა დენი შევრიმ კი შემდეგი ბრძანა: "ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელი იყო და ჩვენ არაფრის შეცვლა აღარ შეგვეძლო. ამ ძრავას საკმაოდ მცირე კილომეტრაჟი ჰქონდა გავლილი საიმისოდ, რომ მის ზღვრულ ნორმაზე გვქონდეს საუბარი. ეს რაღაც უცნაური იყო, მიზეზი ჯერ არ ვიცით და ამ მიზეზის პოვნას ვცდილობთ. ახლა მთავარი სწორედ ეს არის - უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიმოქმედოთ მომავალში".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |