|
|
"სარბიელი"
ქართულ-ანჟური ამბები რუსეთიდან: ნავალოვსკი საუკეთესოა
კობა ინასარიძე
ქართული ამბებით დატვირთული გამოდგა რუსეთის პირველი დივიზიონის მატჩი პიატიგორსკის "მაშუკსა" და მახაჩყალის "ანჟის" შორის. ჯერ ის ვთქვათ, რომ მოედანზე ერთბაშად ექვსი ქართველი იყო - მასპინძელთა რიგებში რუსეთის მოქალაქენი, სახვაძე და გოგბერაშვილი თამაშობდნენ, ხოლო სტუმრებს ვალერი აბრამიძე, გოჩა ხოჯავა, მიხეილ აშვეთია და გიორგი ნავალოვსკი ჰყავდათ. ანჟელი ქართველებიდან აშვეთიასა და ხოჯავას ნაადრევად მოუხდათ მოედნის დატოვება - აშვეთია მატჩის დამთავრებამდე 13 წუთით ადრე შეცვალეს, ხოჯავა კი შეხვედრის ბოლოსკენ მეორე გაფრთხილების გამო გააძევეს, მის გარდა, ყვითელ ბარათს აშვეთიამაც გამოჰკრა ხელი. ჩვენები მხოლოდ უდისციპლინობით არ გამორჩეულან, რუსმა ჟურნალისტებმა ნავალოვსკი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სწორედ გიორგის აქტიურობას მოჰყვა ის ჯარიმაც, რომელიც აგალაროვმა ზუსტად შეასრულა და "ანჟი" დააწინაურა. სტუმრებმა პიატიგორსკიდან სამი ქულის წაღება კი მაინც ვერ მოახერხეს, მატჩი ფრედ დამთავრდა - 1:1. მახაჩყალელები შეხვედრის ბოლო წუთზე პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ და ამის გამო ერთი ამბავიც ატეხეს, მაგრამ არბიტრს, ცხადია, არაფერი შეუცვლია. რუსეთის პირველ დივიზიონში ქართველებით ყველაზე მდიდარი "ანჟი" სადღეისოდ მეხუთე ადგილზეა და პრემიერლიგისკენ მიიწევს, მაგრამ თავად მახაჩყალელთა მწვრთნელ ომარ თეთრაძესაც ეეჭვება, მისი გუნდი უძლიერესთა შორის ამ სეზონშივე აღზევდეს. თეთრაძე ამბობს, რომ პრემიერლიგაში გადასასვლელად "ანჟი" კიდევ უნდა გაძლიერდეს და ამ მიზნის მიღწევას ორი სეზონი დასჭირდება. ჯერჯერობით თეთრაძეც გამოუცდელი მწვრთნელია...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |