|
|
"სარბიელი"
გამეორებას ნუ ელი: ფეხბურთი, რომელმაც ტექნიკას გაუსწრო - აი, ეს იყო ფეხბურთი - მომენტების გამეორებას რომ ვერ ასწრებდენენ?
ვაჟა ხუციშვილი
ოცი კაცი ბურთს ისე სწრაფად დააჭენებდა, თითქოს მოედნის ცენტრი გაქრა და საჯარიმოები ერთმანეთს მიადგესო. და დროგბა. როგორ გააძვრინა ორჯერ ბურთი რეინასა და ძელს შორის, გეგონება, ფეხის მაგივრად თოფი აბია და ისვრის. კიდევ მიკაელ ესიენი - ვითომ მარჯვენა მცველი, რომელმაც "ლივერპულის" კარში ეგებ უფრო მეტჯერ დაარტყა, ვიდრე თვით დროგბამ. კინაღამ "ხეტაფე" - "ბაიერნი" გამეორდა, მაგრამ "ჩელსი" არაა "ხეტაფე", იღბალი კი ავრაამ გრანტის მეგობარია. ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ჩელსის" გასაყვანად სულაც არ ყოფილა თურმე საჭირო "ერთადერთი და განსაკუთრებული" ჟოზე მაურინიუ. "ლივერპული" ოთხ წელიწადში მესამედ ლამობდა ფინალში გაძვრომას, 2004 წლის იანვრიდან "სტემფორდ ბრიჯზე" გოლი არ გაეტანა და ნავსი გატეხა - ორი გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. რაფაელ ბენიტესი: "დროგბას გოლმა თამაში მოკლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გუნდი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მაინც ყოჩაღად გამოიყურებოდა, ბაბელმა კი სხვაობა შეამცირა, მესამის გასატანად დრო აღარ გვეყო. ფერნანდო ტორესი დამატებითი დროის დაწყებისთანავე დაშავდა, იძულებული გავხდი, შემეცვალა და მეორე ფორვარდი ამის გამო ვეღარ მივახმარე". მატჩის წინ ბენიტესმა დროგბას "მყვინთავი" უწოდა, ფორვარდმა კი ორი გოლით უპასუხა. ესპანელ მწვრთნელს ჰკითხეს, თქვენმა სიტყვებმა ხომ არ გადარიაო, რაზეც რაფამ ჟურნალისტებს მიუგო: "როცა საქმე ფინალში გასვლას ეხება, არა მგონია, რომელიმე ფეხბურთელს მოტივაციისთვის მეტოქე მწვრთნელის კომენტარები სჭირდებოდეს". რაც შეეხება თამაშს, ბენიტესმა განაგრძო: "როცა ტორესმა გაათანაბრა, მეგონა, ერთსაც მივაყოლებდით და ფინალში გავიდოდით, რადგან მეორე ტაიმი აშკარად კარგად დავიწყეთ, თუმც აღარ გაგვიმართლა. გუნდმა ბოლომდე გულიანად იბრძოლა და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, მაგრამ ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებდით, განსაკუთრებით პირველ მატჩში. სულ სხვა იქნებოდა, "ენფილდზე" 1:0 რომ მოგვეგო. "ჩელსი" საუცხოო გუნდია და ფინალიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი გამოვა, ჩვენ კი პრემიერლიგაში კიდევ ორი მატჩი დაგვრჩა და მომავალი სეზონისთვის მზადება უნდა დავიწყოთ. ტომ ჰიკსი (კლუბის თანამფლობელი) გასახდელში ჩამოვიდა, ბიჭები შეაქო, მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ იღბალი გვაკლდა". "სეზონის დაწყებიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე ვოცნებობთ - ხარობდა დროგბა - მართალია, სეზონის განმავლობაში მწვრთნელი შეგვეცვალა, კლუბს პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მიზანი არ შეცვლილა და აქამდე მოვედით. "მანჩესტერი" დღეს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო რომაა, სადავო არ უნდა იყოს, თუმც ჩვენც არ ვართ სუსტები. პრემიერლიგაში "მანჩესტერის" ძლევამ თავდაჯერებულობა შეგვმატა და სწორედ ამიტომ ვითამაშეთ "ლივერპულთან" ასე კარგად". ჯეიმი კარაგერს კი გული დაწყდა, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ინგლისურ ფინალში ვერ ითამაშებს: "სამწუხაროა, რომ "ლივერპული" ვერ გახდა ამ ისტორიული ფინალის მონაწილე, მაგრამ ჩვენ ოთხ სეზონში ფინალში ორჯერ გავედით, ერთხელ მოვიგეთ და ესეც საამაყოა".
მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |