"სარბიელი"
# 98
პარასკევი, 2 მაისი, 2008 წელი

როგორ უნდა აიღონ ინგლისელებმა მოსკოვი ?

პაპუნა კედია

უეფა დარწმუნებულია, რომ ინგლისელ ფანებს მოსკოვში ჩასასვლელ ვიზებს არ დაუგვიანებენ. ინგლისელ ფანებს მოსკოვში რა დარჩენიათ. ის, რაც მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი - 21 მაისს "ლუჟნიკებზე" ჩემპიონთა ლიგის ტიტულისთვის ერთმანეთს ორი ინგლისური გუნდი, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" დაუპირისპირდება.

რამდენადაც დღესვე არის ცნობილი, ინგლისიდან რუსეთში 42 ათასი ადამიანი აპირებს ჩასვლას, ხალხის ასეთ მასას კი გვარიანი ორგანიზებით სჭირდება დახვედრა.

"ჩვენ რუსეთის მხარესთან საბოლოოდ ვათანხმებთ ვიზის გამარტივებით გაცემის წესებს - განუცხადა იის-ს ჟურნალისტებს უეფას წარმომადგენელმა - ამ საქმეში რუსეთის ხელისუფალნიც კეთილ ნებას ამჟღავნებენ. ვფიქრობთ, პრობლემები მოგვარდება".

რამდენიმე საათიც არ იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ფინალში გასვლიდან გასული, რომ კლუბის წარმომადგენლებმა მოსკოვისკენ გამგზავრების სირთულეებსა და მათ მოგვარებაზე დაიწყეს ფიქრი. მანჩესტერელები ფიქრობენ, რომ მათ გულშემატკივრებს რუსეთის დედაქალაქში შეღწევა უფრო გაუიოლდებათ, თუ ისინი თვითმფრინავის ჩარტერული რეისებით, ანუ მოწესრიგებულად, ოფიციალური სიებით აიბარგებიან სამშობლოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ჩვეულებრივი განგრიგით მოუხდებათ რუსეთის ვიზების ცდა და წაგებულებიც დარჩებიან.

გუშინ მოსკოვს "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი შეფი დევიდ გილი უნდა ჩაფრენილიყო და რუსების გარდა იქ უეფას წარმომადგენლებსაც შეხვედროდა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com