|
|
"სარბიელი"
სქოულზის ღიმილი
პაპუნა კედია
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბარსელონას" პოლ სქოულზის საუცხოო გოლით რომ მოუგო, ბუნებრივია, ყველამ კარგად იცის და გოლიც ყველას ჩინებულად ახსოვს, მაგრამ იმის მოწმე, თუ როგორ გაიპარა თამაშის შემდეგ "ოლდ ტრეფორდიდან" მატჩის გმირი, ბევრი არ ყოფილა - სქოულზის შინ გაძურწვის შემდეგ, ქალაქ მანჩესტერს კიდევ კარგა ხნის განმავლობაში აყრუებდა ათასობით ფანის შეძახილი. მაშ ასე, "მანჩესტერ იუნაიტედი" 1999 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რაც იმას ნიშნავს, რომ მანკუნიანელთა ვეტერანს კარიერაში... პირველად შეუძლია, უდიდესი საკლუბო შეჯიბრების დასკვნით მატჩში მიიღოს მონაწილეობა. რატომ პირველად. იმიტომ, რომ მაშინ, 1999-ში ის დისკვალიფიცირებული გახლდათ და მოედანზე არ იყო. კაცზე, რომელიც მოედანზე ლიდერია, მოედანს მიღმა კი ცდილობს, ყურადღების მიღმა დარჩეს, სხვები ლაპარაკობენ. პარტნიორი-ნახევარმცველი მაიკლ კარიკი: "თამაშის შემდეგ "სქულზის" ბევრი არაფერი უთქვამს, მალევე ჩაიცვა და წავიდა. ის ყოველთვის ასე იქცევა, ასეთი ტიპია. არადა, ფანტასტიკური ფეხბურთელია. ვფიქრობ, გაცილებით დიდი სახელისა და დიდების ღირსია, ვიდრე კარიერაში მიიღო. იცით, რამდენჯერ მინახავს მისი ასეთი გოლი. ხან ვარჯიშზე, ხან თამაშებისას. ისე ზუსტად იცის სისწრაფისა და დარტყმის მომენტის შერჩევა, რომ გაოცდები კაცი. ვფიქრობ, ის ნამდვილი ლეგენდაა და გულშემატკივარს ძალიან დიდხანს დაამახსოვრდება". 26 წლის კარიკი აღიარებს რომ მან, როგორც ფეხბურთელმა, პროფესიული განათლება 33 წლის მწითური თანაგუნდელის მხარდამხარ თამაშით მიიღო. "მის მხარდამხარ თამაში და სწავლა უდიდესი სიამოვნებაა - განაგრძობს კარიკი - ის ფეხბურთელთა ფეხბურთელია, უკვე რამდენი ხანია, უმაღლეს დონეზე თამაშობს. სანამ ის "მანჩესტერ იუნაიტედის" წევრია, ჩვენ გვექნება შეგრძნება, რომ რაღაცის მოგება შეგვიძლია. ვეთაყვანები საქმისადმი მის დამოკიდებულებას. არასდროს შევხვედრივარ "სქულზიზე" უფრო ძლიერი და შესაფერისი ხასიათის ადამიანს. ხომ დაკვირვებიხართ, როგორ თამაშობს სხვადასხვა სიტუაციებში, როგორ ბრძნულად იყენებს თავის გამოცდილებას. მის გვერდით რომ თამაშობ, საკუთარი თავის რწმენაც გიორმაგდება". მიკაელ სილვესტრის აზრით კი პოლ სქოულზის ემოცია იმ საღამოს სხვა არაფერი იყო, თუ არა ამოსუნთქვა: "როგორც იქნა, ფინალში გავედი!" "პოლი გასახდელში სიხარულს ვერ მალავდა - იღიმებოდა. საერთოდ, მის სახეზე კმაყოფილებას ვერ წაიკითხავ ხოლმე, იმ დღეს კი მოსვენებული იერი ჰქონდა. 1999 წელს მან ფინალში ვერ ითამაშა, სამაგიეროდ, ახლა გაგვიყვანა მოსკოვში. ის ქებასა და დიდებას იმსახურებს. პოლი დიდი პროფესიონალია და თან - მანჩესტერელი". ხოლო ერთადერთი მანჩესტერელი, რომლმაც 1999 წლის ფინალშიც ითამაშა და, თუ რამემ არ შეუშალა ხელი, 21 მაისს მოსკოვშიც იქნება, რაიან გიგზი გახლავთ. ვეს ბრაუნი. კი ბატონო, ცხრა წლის წინ ისიც "იუნაიტედის" წევრი იყო, მაგრამ მოედანზე არ ყოფილა. და გარი ნევილი. იმ, ლეგენდარულ ფინალში ნევილმაც ითამაშა, ოღონდ მხოლოდ 9 წუთი დაჰყო მოედანზე. ისევ კარიკი: "ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი გუნდის ფეხბურთელი ვიქნებოდი. ეს რაღაც განსაკუთრებული გრძნობაა. როდესაც იმ, დიდი ფინალის ჩანაწერს ვუყურებ და ბოლო წამებში გატანილ ორ გოლს ვხედავ, კითხვა მიჩნდება, რა გრძნობა დამეუფლებოდა ნეტავ, მეც რომ იქ ვყოფილიყავი. ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხს სულ მალე მივიღებ". ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ აქვს ნათამაშები 37 წლის მეკარეს ედვინ ვან დერ სარს, რომელმაც 1995 წელს "აიაქსის" შემადგენლობაში "მილანთან" გაიმარჯვა, ხოლო მომდევნო წელიწადს "იუვენტუსთან" წააგო. "მას მერე ძალიან დიდი დროა გასული, ასე რომ, კვლავ ფინალში გასვლა და კიდევ ერთხელ ცდა ჩინებული გრძნობაა" - განაცხადა მანკუნიანური კარის ჰოლანდიელმა მცველმა.
მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |