"სარბიელი"
# 98
პარასკევი, 2 მაისი, 2008 წელი

საეჭვოდ მიმავალი კაცი

პაპუნა კედია

"არსენალმა" ოფიციალურად განაცხადა, რომ, ინგლისურად თუ ვიტყვით, მენეჯინგ-დირექტორს, კით ედელმანს თანამდებობიდან უშვებს. და იცით, ვინ არის ბატონი კით ედელმანი. ეს გახლავთ ადამიანი, რომელმაც "მეთოფენი" "ჰაიბერიდან" "ემირეიტსზე" გადაიყვანა - ახალი სტადიონის აგებისა და იქ გადაბარგების გრანდიოზულმა პროექტმა სწორედ ამ მენეჯინგ-დირექტორის ხელში იმუშავა უხინჯოდ. ძალიან საინტერესოა ისიც, რომ უეცარი წასვლით კლუბს ზიანი რომ არ მიაყენოს, ბატონი ედელმანი "არსენალის" ოფისში კიდევ ერთი წელიწადი ივლის.

"ამ კლუბში გატარებლმა წლებმა ფრიად მასიამოვნა. რვა წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო ბიზნესოპერაცია ჩავატარეთ და იმაში, რომ კლუბის მოედანსმიღმა წარმატებებში ჩემი წვლილიც შევიტანე, ძალიან ვამაყობ. ამ წარმატებებს რომ ვახსენებ, "ემირეიტს სტედიუმს" არც ვგულისხმობ. ის ცალკე დგას. და ახლა, როდესაც "ემირატებზე" გადასვლიდან უკვე მეორე წელიწადი მიდის, ვფიქრობ, დროა, თანამდებობიდან წავიდე, კლუბმა კი ახალი სისხლი ეძიოს".

მაგრამ, ამ სიახლემ გულშემატკივართა შორის გაცილებით განგაშიანი გამოძახილი ჰპოვა - ჩრდილოეთ ლონდონში ხალხმა ეს დირექტორატში სიტუაციის არევად მიიღო.

კერძოდ, კით ედელმანმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია "არსენალის" უცხოელისთვის მიყიდვის იდეას - შარშან ლონდონელ "მეთოფეებს" მისივე მეწილეები, ჰოლანდიელი სტენ კრუნკი და რუსი ალიშერ უსმანოვი უტრიალებდნენ ძალიან სერიოზულად. ამ ორ ბიზნესმენს საკუთარი წილის მნიშვნელოვნად გაზრდა ჰქონდა გულში ამოჭრილი.

ედელმანი "არსენალში" 2000 წელს მივიდა და წელიწადში 750-ათასგირვანქიანი ხელფასით ბევრი დიდი წამოწყება მიიყვანა ბოლომდე. ასე, მაგალითად, სწორედ ის მართავდა "ნაიკთან" 10-წლიანი და 130-მილიონგირვანქიანი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს. ახლა, როდესაც ედელმანის "არსენალიდან" წასვლა გადაწყვეტილია, გაჩნდა შიში, რომ ამას კლუბის რომელიმე გაზულუქებული უცხოელისთვის მიყიდვა მოჰყვება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com