|
|
"სარბიელი"
არ დავთმობთ!
ნუკრი ლოლაძე
სამი ტურიც და, მე-19 ეროვნული ჩემპიონატი ისტორიას ჩაბარდება. უმაღლეს ლიგაში ახალციხის "მესხეთს" დებიუტანტის კვალობაზე ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია - ყველა თამაშში ბოლომდე იბრძვის და უმაღლესში ადგილიც, კარგა ხანია, გაინაღდა. გუშინწინ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი პეტარ სეგრტი თავისი თანაშემწეებით ახალციხეს ეწვია და "მესხეთი" ავარჯიშა. გუშინ კი ჩვენ "მესხეთის" მთავარ მწვრთნელ კობა თედიაშვილს შევეხმიანეთ და თავიდან სწორედ ამ წვრთნაზე ვკითხეთ... - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელთა შტაბი - პეტარ სეგრტი, გელა შეყილაძე, გიორგი დევდარიანი, ლევან ხომერიკი, სერგო კოტრიკაძე და ასლან ბალაძე ოთხშაბათს ახალციხეში გვ-ეწვივნენ და საკმაოდ საინტერესო წვრთნაც ჩაატარეს. ყველა კმაყოფილი დარჩა. საერთოდ, ასეთი ვარჯიშების ჩატარება მისასალმებელია - ფეხბურთელებისთვის ნაკრების მწვრთნელებთან ახლო კონტაქტი მნიშვნელოვანია. ეს მათთვის დიდი სტიმულია. კარგი წამოწყებაა, რაიონებში რომ ჩამოდიან და წვრთნებს ატარებენ. რეგიონებს დღეს დიდი ყურადღება სჭირდებათ. ასეთი ვარჯიშები თუ წელიწადში რამდენჯერმე მოეწყობა, მწვრთნელ-ფეხბურთელები ბევრ სიახლეს შევიტყობთ, რაც ქართულ ფეხბურთს აუცილებლად წაადგება. - კეთილი. რამდენიმე ტურიც და, ჩემპიონატი დასრულდება. როგორ შეაფასებთ "მესხეთის" გამოსვლას სადებიუტო სეზონში. - ენა არ მომიბრუნდება, რამე საპრეტენზიო ვთქვა. ჩვენი გარჯით ხელმძღვანელობაც კმაყოფილია... "მესხეთი" უმაღლესში პირველად თამაშობს და, მგონი, ცუდი შთაბეჭდილება არ დაგვიტოვებია, ყველა თამაშში ბოლომდე ვიბრძვით და დარჩენილ ტურებშიც არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. მიუხედავად იმისა, რომ ცხრილში წინ ვერ წავიწევთ, უმოტივაციოდ მაინც არ ვართ - გვინდა, მეექვსე ადგილი შევინარჩუნოთ. - უმაღლესლიგელ გუნდს პირველად წვრთნით და რა განსხვავება დაინახეთ უმაღლესსა და პირველ ლიგას შორის. - პირველ ლიგაში ხუთი წელი ვიმუშავე და გამოცდილებაც დამიგროვდა, მაგრამ უმაღლესთან შედარებაც არ შეიძლება - აქ გაცილებით მაღალი დონეა. - მომავალ სეზონში "მესხეთი" გაძლიერდება. - ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმც ისეთი გაქანების გუნდი მაინც გვეყოლება, როგორც დღესაა. - ადრე ითქვა, რომ ახალციხის სტადიონის რეკონსტრუქცია იგეგმება და ამ მხრივ ახალი ხომ არაფერია. - ახლაც მიდის საუბარი, იგეგმება ხელოვნურსაფარიანი მოედნის დაგებაც, მაგრამ კონკრეტულად როდის დაიწყება სამუშაოები, ჯერ არ ვიცით.
მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |