"სარბიელი"
# 98
პარასკევი, 2 მაისი, 2008 წელი

ბარსა განახლების მოლოდინში: ალვეში, სესკი, ბენზემა და კიდევ სხვანი

ლადო ხომერიკი

ზაფხული "ბარსელონას" თავკაცობისთვის საკმაოდ რთული იქნება. ცხადია, კატალონიაში სამომავლო გეგმებზე ადრეც მუშაობდნენ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში "მანჩესტერთან" მარცხმა გამარჯვებათა 2003 წელს დაწყებული ციკლის დასასრული ნათლად უჩვენა და "კამპ ნოუს" უფროსობა გუნდის სასწრაფოდ გადახალისების აუცილებლობაში დაარწმუნა. 2008-09 წლების სეზონს ღირსეულად რომ შეხვდნენ, კატალონიელები უამრავ ფეხბურთელთან მართავენ მოლაპარაკებას.

"ბარსას" ცენტრალური მცველის, განაპირა უკანახაზელის, ცენტრალური ნახევარმცველის გარემარბისა და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციებზე უმაღლესი კლასის ვარსკვლავები სჭირდება. გარდა ამისა, კლუბის მიზანი ახალ, გამოცდილ მეკარესთან თანამშრომლობაა, რომელიც ვიქტორ ვალდესს კონკურენციას გაუწევს. იწყება "პლან რენოვე" ("განახლების გეგმა") რომლის მიხედვითაც ახალწვეულები "კამპ ნოუზე" დარჩენილ რჩეულ ფეხბურთელებს მხარში უნდა ამოუდგნენ და კატალონიური გრანდი კრიზისისგან იხსნან.

ხუან ლაპორტას ბანაკის ერთ-ერთი მთავარი სამომავალსეზონო მიზანი "სევილიას" მცველი დანი ალვეში გახლავთ. ბრაზილიის ნაკრების მარცხენაფლანგელი უკვე კარგა ხანია, "ბარსას" სამიზნეა, მაგრამ ალვეშის თაობაზე გარიგების მიღწევა აქამდე ვერ მოხერხდა "სევილიას" პრეზიდენტ ხოსე მარია დელ ნიდოს გაზვიადებული ეკონომიკური მოთხოვნების გამო. "კამპ ნოუზე" კი, ჯანლუკა ძამბროტას ბოლოდროინდელი სუსტი თამაშისა და მუდამ ტრავმებით გაწამებული ოლეგერის გამო იძულებული გახდნენ, კარლეს პუიოლისთვის დაცვის მარჯვენა ფლანგზე მიეჩინათ ადგილი.

დღეს ამ პოზიციაზე მაღალი დონის ახალი ფეხბურთელის მიყვანა ბარსელონელთათვის აუცილებელია. ალვეში "სევილიას" დაცვის მარჯვენა ფლანგს დიდი ფიზიკური ძალისა და შესანიშნავი ტექნიკის გამო კარგად უვლის და როცა ამას საქმე მოითხოვს, შეტევაშიც მშვენივრად ერთვება. ისევე, როგორც მიუნხენის "ბაიერნის" უკანახაზელი და "ბარსელონას" მორიგი ფავორიტი ფილიპ ლამი, ვინც ბავარიულ გიგანტთან კონტრაქტის განახლების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკება სწორედ კატალონიაში გადაბარგების სურვილის გამო ჩაშალა.

დაცვის ცენტრში ახალწვეულების მიყვანის ამბავი კი მთლად ასე გარკვეული არ არის. ესპანური მედლის ცნობით, "ბარსას" აგენტები "ბაიერნის" ვეტერან ლუსიოსთან, "დეპორტივოს" ფაბრიციო კოლოჩინისა და სანტანდერის "რასინგის" ასევე არგენტინელ ფეხბურთელ ესეკიელ გარაისთან მართავენ მოლაპარაკებას.

დანი ალვეშის გარდა ლაპორტას ემისრების სამომავალსეზონოდ "სევილიადან" ნახევარმცველების, კრისტიან პოულსენის და სეიდუ კეიტას წაყვანაც უნდათ. ისევე, როგორც ალვეშის შემთხვევაში, ამ საქმის დამაბრკოლებელი ფაქტორი სენიორ დელ ნიდოს ზვიგენის მადა შეიძლება გამოდგეს. დანიელი პოულსენი მოქმედი კონტრაქტით კიდევ ერთი წლით უნდა დარჩეს "სევილიაში", მალელი კეიტა კი "სანჩეს პისხუანზე" "ლანსიდან" მივიდა და ხელშეკრულება 2011 წლამდე გააფორმა.

"არსენალის" სესკ ფაბრეგასიც ძველებურად "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნეზეა, თუმცა კატალონიაში კარგად იციან, რომ "ბარსას" საფეხბურთო სკოლის აღზრდილის "მეთოფეთაგან" გამოსყიდვა ბლომად ფული დაუჯდებათ. სესკი ტექნიკური, ახალგაზრდა, მაგრამ იმავდროულად გამოცდილი ოსტატია, წლების განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთ უძნელეს საკლუბო ჩემპიონატში, ინგლისურ პრიმიერლიგაში ითამაშა და "არსენალის" ერთ-ერთ ლიდერად გადაიქცა.

სესკს "კამპ ნოუზე" გუნდიდან წამსვლელთა შორის მყოფი დეკუს როლის შესრულება დაეკისრება. იმას, რასაც ფაბრეგასი ინგლისში აკეთებს, "ბარსელონაში" ხავი და ინიესტაც ჩინებულად აკვარახჭინებენ. აი, დეკუ სოუზას საქმე კი... გავიხსენოთ - საუკეთესო პერიოდში საოცარი ტალანტი, ბრძოლისუნარიანობა და მოედანზე ძალთა მაქსიმალურად დახარჯვა მასში ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს. ჯერ არავინ იცის, ფაბრეგასი დეკუს როლის მორგებას რანაირად შეძლებს, მაგრამ ის, რომ სესკი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ამას წყალი არ გაუვა.

"პლან რენოვე" ფლანგზე ახალი კაცის გამოჩენასაც სასწრაფოდ მოითხოვს. ლუდოვიკ ჟიულის "რომაში" გადაბარგებს შემდეგ, სამწვრთნელო შტაბმა შეტევის მარჯვენა ფლანგზე ჯირითი ხან ერთ და ხან მეორე ცენტრალურ თავდამსხმელს მიანდო, თუმცა, სანამ ისინი მათთვის უჩვეულო პოზიციას შეეჩვეოდნენ, მეტოქის მცველები თავიანთ საქმეს ხუთიანზე აკეთებდნენ.

კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერმა" ზღაპრული ფასი დაადო, თავად პორტუგალიელსაც თვალი უფრო მადრიდის "რეალისკენ" გაურბის და "ბარსაც" იძულებული გახდა, ყურადღება "ბაიერნის" ფრანკ რიბერიზე გადაეტანა. სხვათა შორის, კატალონიელებს სახენაიარევი ფრანგის მონადირებაც უაღრესად გაუჭირდებათ, რადგანაც გერმანელები თავიანთი ვასკვლავის ხელიდან გაშვებას არ აპირებენ. "ბაიერნმა" რიბერი გასულ ზაფხულს იყიდა, მაშინ, როცა "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" ტიერი ანრის მიყვანას ზეიმობდა.

სატრანსფერო თევზაობას პრიმერას გრანდის აგენტები ლიონშიც აპირებენ, სადაც იქაური "ოლიმპიკის" ახალგაზრდა და შესანიშნავი ცენტრფორვარდი ქარიმ ბენზემა ეგულებათ. თუმცა, როგორც ფრანგულმა კლუბმა, ასევე ფეხბურთელის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, ბენზემა "სტად ჟერლანს" არ მიატოვებს. თუ ეს ტრანსფერი არ შედგა, "ბარსელონას" სამარქაფო ვარიანტებად კლაას იან ჰუნტელაარისა და მიროსლავ კლოზეს "კამპ ნოუზე" ჩამოყვანა აქვს დარჩენილი.

როგორც კატალონიური "სპორტი" იუწყება, "ბარსას" მიზანია, განახლებული გუნდის ღერძი ახალგაზრდა ფეხბურთელთაგან შეადგინოს, რომელთაც გამარჯვების მიღწევაში ტიტულების მოპოვების წყურვილი დაეხმარებათ. ეს ფინანსურად საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა პრეზიდენტ ლაპორტას გუნდის ფინანსთა განმკარგავებს 120 მილიონი ევრო აქვთ სატრანსფერო საქმეების მოსაგვარებლად გადანახული.

"კანტერაც", ანუ "ბარსელონას" საფეხბურთო სკოლაც, სამომავალსეზონოდ უქმად არ გაჩერდება. წლეულს კატალონიელ ნორჩთაგან თავის გამოჩენის შანსი ბოიან კრკიჩს და ჯოვანი დოს სანტოსს მიეცათ, გაისად კი განახლებული გუნდის რიგებში მორიგ შინაურ ვარსკვლავს, გაი ასულინს ვიხილავთ. "კანტერა" დიდი ძალაა, ბოლოს და ბოლოს, ლეო მესის მაგალითი გაიხსენეთ.

ეს ფეხბურთელები, ხოლო რაც შეეხება მწვრთნელს, ამაზე კლუბის დირექტორატი ორ დაპირისპირებულ მხარედ დაიყო. პირველი (ლაპორტას მეთაურობით) ამტკიცებს, რომ ფრანკ რაიკარდის შემდეგ "ბარსას" მესაჭედ პეპ გვარდიოლა იქნება. რატომ. იმიტომ, რომ სახელგანთქმული ექსკაპიტანი თავისი გუნდის ავანჩავანს ბრწყინვალედ იცნობს, ყველაზე ჯიუტ ვარსკვლავებთან საერთო ენის გამონახვა ეხერხება, "კანტერას" შესაძლებლობისა სჯერა და მართვის ხელოვნებაც იცის - კარგა ხნის განმავლობაში, პეპი ვარსკვლავებით გაძეძგილი კლუბის ლიდერი იყო. თუმცა გვარდიოლას მომხრეებს "კამპ ნოუზე" ჟოზე მაურინიუს გამწვრთნელების იდეის ერთგულნი უპირსპირდებიან. ეს ბანაკი დარწმუნებულია, რომ "ჩელსის" ოდინდელი მაესტრო კატალონიაში რკინის დისციპლინას დაამყარებს და მკაცრი ხელით მართული "ბარსაც" (რაც რბილხასიათიანი რაიკარდის დროს წარმოუდგენელი იყო) უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს.

სამწვრთნელო კამათი მხოლოდ ამ ორი პიროვნების ირგვლივ არაა ატეხილი. დირექტორატში არიან ადამიანები, რომელთაც ზაფხულში კლუბის მწვრთნელად "ვილიარეალის" ამჟამინდელი თავკაცის, ჩილელი მანუელ პელეგრინის, დანიშვნა სურთ. პელეგრინის უზარმაზარი პროფესიული გამოცდილება აქვს, ხუან რომან რიკელმესთან დაპირისპირების დროს ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინა და, რაც მთავარია, "ვილიარეალს" ზუსტად ისეთი ეფექტური ფეხბურთი ათამაშა, "ბარსას" მესვეურებს რომ მოსწონთ.

"სპორტის" ვერსიით, დღეს პეპ გვარდიოლას "ბარსელონას" მწვრთნელობის 50-პროცენტიანი შანსი აქვს, მაურინიუს - 30, ხოლო მანუელ პელეგრინის - 20.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com