"სარბიელი"
# 98
პარასკევი, 2 მაისი, 2008 წელი

დურანტი პატარებში დიდია

ივანე კობიაშვილი

სეზონის საუკეთესო ახალბედის გამოსავლენ გამოკითხვას მოულოდნელი არაფერი დაუფიქსირებია - "სიეტლ სუპერსონიქსის" 206-სანტიმეტრიანმა მსუბუქმა ფორვარდმა კევინ დურანტმა დაიმსახურა საკალათბურთო ჯურნალისტთა წყალობა და 2007-08 სეზონის საუკეთესო ახალწვეულის პრიზი.

დურანტი "სიეტლში" მისვლის დღიდან იქცა მის ლიდერად და მიუხედავად იმისა, რომ მის ამ სტატუსს გარკვეულწილად აკნინებს მისი გუნდის უსუსური გამოსვლა ამ სეზონში, მოცილე პრაქტიკულად არ ჰყავდა. კარგები იყვნენ ატლანტელი ალ ჰორფორდი (რომელმაც "ჰოქსის" სასტარტო ხუთეულიდან ზაზა ფაჩულია ამოაგდო) და ჰიუსტონელი ლუის სკოლა, მაგრამ სიეტლელი საუკეთესო გახლდათ, მით უმეტეს იმ დღიდან, როცა სეზონის დაწყებამდე დაიმტვრა დრაფტის პირველი ნომერი, პორტლენდელი გოლიათი გრეგ ოდენი.

ნბა-ში პირველ სეზონში დურანტი აგროვებდა საშუალოდ 20,3 ქულას. 2003-04 სეზონის ორი ფენომენის კარმელო ენტონის (21,0) და ლებრონ ჯეიმსის (20,9) შემდეგ ასეთი მაღალი მაჩვენებლით არც ერთ ახალგაზრდას არ დაუწყია პროფესიული კარიერა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com