|
|
"სარბიელი"
უჩინარი დამჯილდოებელი...
ნოდარ ებრალიძე
თავისთავად უხმაურო, დაუყვედრებელი შეწევნა დიდი მადლია. მაგრამ, როდესაც საქმე სპორტულ ასპარეზობას ეხება, აქ ასეთი "თავმდაბლობა" გაუმართლებელი უნდა იყოს. გუშინ დელისის იპოდრომის საკონკურო მოედანზე გამართულ ასპარეზობაზე მოგახსენებთ. გათამაშდა თბილისის მერიის თასი დაბრკოლებათა გადალახვაში. ერთჰიტიან კონკურში (სიმაღლე 120 სმ) გაიმარჯვა საქართველოს შს ცხენოსანი ესკადრონის გამოცდილმა სპორტსმენმა როინ მარგიანმა (ცხენი "ხედი"), მეორე შედეგიც მისი იყო (ახალგაზრდა ენერგიული ულაყით - "ზეცა"), მესამე ადგილზე გავიდა როინის თანაგუნდელი გიორგი სამხარაძე ("ელპერილი"), მეოთხე იყო ჭაბუკი გაგა თოხაძე ("სულგრძელი"), რომელმაც ყველაზე სწრაფად კი იარა (53 წმ), მაგრამ 2 დაბრკოლება დააზიანა. მარგიანმა და სამხარაძემ თითო დაბრკოლება დაანგრიეს. ასპარეზობის პირველი დღე სასიამოვნო მოულოდნელობით აღინიშნა: "გახსნის პრიზი" (110 სმ) სწორედ თოხაძემ მოიგო. მან უჯარიმოდ იარა (54. 34 წმ) და ასევე უჯარიმოებს - ვანო ნორაკიძეს ("ეროსი") და ზაზა ჩიტრეკაშვილს ("ალი") სისწრაფით აჯობა. ბოლო ბარიერი დააზიანა შალვა გაჩეჩილაძემ ("გედი") - || ადგილი. ცხენოსნობის მოყვარულები ამ მოკლე მიმოხილვითაც მიხვდებოდნენ, რომ შეჯიბრებები რთული არ ყოფილა ("იოლ" და "ძნელ" ს კლასს განეკუთვნებოდნენ), მაგრამ მისაფუჩეჩებლად მაინც არ უნდა გავიმეტოთ. დიახ, ნუ გვეწყინება ამ სიტყვით მოხსენიება. ცხადია, აჯობებდა, რომ უშუალოდ მერიის სპეციალურ სამსახურს დაეჯილდოებინა მხედრები, მათი მწვრთნელები, ისინი, თავიანთ კარგად მოვლილ ბედაურებთან ერთად, ამას ნამდვილად იმსახურებენ. ისიც ხომ ვიცით, რომ ქალაქის მერიას, ყოველ შემთხვევაში მის ცალკეულ წარმომადგენლებს, მეტნაკლებად ჩამოყალიბებული თვალსაზრისი ჰქონდათ დელისის იპოდრომის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. საარჩევნო მოძრაობაშიც გახმინდა, მაგრამ, ჩვენი აზრით, თანდათან მიჩუმდა იმ მნიშვნელობაზე ლაპარაკი, რომელიც დელისის იპოდრომისთვის ("ცხენთსარბიელისათვის") არსებითია. ეს გახლავთ საქართველოში საცხენოსნო სპორტის განვითარება, პოპულარიზაცია, ცხენთგამოცდის სრულფასოვანი ბაზის არსებობა. ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა დღეისთვის ასეთი ერთადერთი სრულფასოვანი კერის მოშლის წინაშე დგას. ეს ნამდვილად არ დაუმსახურებია ამ დარგს. აი, ესაა გასათვალისწინებელი და განსასჯელი, ცალკეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით კი ამ ცხენოსნური კვანძის გახსნა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს.
მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |