|
|
"სარბიელი"
ნახევარფინალში ოცნებაც კარგია
შეფილდში, სნუკერისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალური მატჩები დასრულდა და ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. დავიწყოთ იმით, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე მთავარ ფავორიტებად მიჩნეული ხუთეულიდან, ნახევარფინალს მხოლოდ ერთმა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რონი ოსალივანმა უწია. მარკ სელბი პირველივე წრეში დამარცხდა, მეორე წრეში მისი ბედი დინ ჯუნხუმ და შონ მერფიმ გაიზიარეს, მეოთხედფინალში კი წლეულს ორი სარეიტინგო ტურნირის მომგები სტივ მაგუაერიც დაეცა. მაგუაერი ჯო პერის თავიდანვე 0:4 ჩამორჩა, თუმც შემდეგ სქოთმა მიყოლებით ოთხი ფრეიმი მოიგო, ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ კი მატჩი ასე, ქულა-ქულაში გაგრძელდა, 25-ე ფრეიმამდე მივიდა და ბოლო პარტიაში კი მაინც პერიმ იძალა. ახლა პერი დიდებულად მოთამაშე ალისტერ კარტერს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალისკენ სავალ გზაზე ორი ექს-ჩემპიონი, შონ მერფი და პიტერ ებდონი ჩამოიცილა და თანაც, ებდონთან მეოთხედფინალურ მატჩში კარიერაში პირველად გააკეთა მაქსიმალური, 147-ქულიანი ბრეიკი. მეორე ნახევარფინალი კი ოცნების მატჩად შეგვიძლია მოვნათლოდ - სნუკერის ჯადოქარი, "რაკეტად" წოდებული რონი ოსალივანი თანამედროვეობის ყველაზე ტიტულოვან მოთამაშეს, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ სტივ ჰენდრის დაუპირისპირდება. ამ ეტაპამდე ორივემ შთამბეჭდავად იარა - ჰენდრიმ დინ ჯუნხუს ძლევის შემდეგ არც მშვენიერ ფორმაში მყოფ რაიან დეის დაუტოვა შანსი, ხოლო ოსალივანმა მარკ უილიამსთან მატჩში გაკეთებული 147-ქულიანი ბრეიკის მერე, ჩინელ ლიან ვენბოსთან თავიდან უფერულად კი დაიწყო, მაგრამ მალევე გამოასწორა მდგომარეობა და შეფილდში გვარიანი სენსაციების მომხდენი მეტოქე სტატისტად აქცია.
მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |