"სარბიელი"
# 98
პარასკევი, 2 მაისი, 2008 წელი

ტიმ ლეინი დარწმუნებულია: განსხვავებულით დაილოცება

საქართველოს ნაკრებმა აღდგომის წინა დღეს თბილისში ესპანეთს რომ მოუგო და 2001 წლის აქეთ ერთა თასის ჩემპიონი მეორედ შეიქნა, მას შემდეგ ხუთი დღე გავიდა და ემოციებიც დაცხრა. ჩვენებმა შეძლეს და ლამის წაგებული მატჩი სათავისოდ შემოაბრუნეს. არადა, წესით, აქამდე საქმე არ უნდა მისულიყო.

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ

ტიმ ლეინს გუშინ რაგბის კავშირში შევხვდით და ინტერვიუ ჩამოვართვით, მით უმეტეს, რომ ესპანეთთან მატჩის შემდეგ კითხვები საკმაოდ დაგროვდა...- ესპანეთთან შეხვედრის წინ თქვენს თანაშემწეს, ლევან ცაბაძეს ვესაუბრეთ. მან გვითხრა, რომ ესპანეთს რუმინეთსა და რუსეთზე უკეთესი უკანახაზი ჰყავს და ერთა თასზე ყველაზე მზარდი გუნდია. ვიცით, რომ ეს მოთამაშეებსაც უთხარით, მაგრამ ჩანდა, რომ გუნდი თავიდან საბრძოლველად ვერ განეწყო. თქვენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი.

- ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მორაგბეები მოდუნებულები ან იოლ გამარჯვებაში დარწმუნებული გავიდნენ მოედანზე. ამ მხრივ, პრობლემა მართლაც არ ყოფილა. ესპანეთს ჰყავს კარგი შუამარბები, რომლებიც შეტევას გონივრულად ავითარებენ და დაცვაში ძალიან აგრესიულად თამაშობენ. აგრეთვე ჰყავთ კარგი გამთამაშებელი და მათი დახმარებით, დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადადიან. სწორედ ამან და რამდენიმე ჩემი მორაგბის პოზიციურმა შეცდომამ გამოიწვია მატჩის დებიუტში ჩვიდმეტქულიანი ჩამორჩენა. თუ გახსოვთ, პირველივე წუთებიდან ჩვენ ვუტევდით და სალელოე მომენტიც გვქონდა, მაგრამ რევაზ გიგაურმა ისეთი პასი გააკეთა, რომ მეტოქეს კონტრშეტევის საშუალება მისცა. ამ დროს დაცვაში პოზიციურად შეცდა ოთარ ბარკალაია და ლელოც მივიღეთ. მეორე ლელოც ბარკალაიას შეცდომით გავუშვით, მაგრამ ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ანგარიშს გავათანაბრებდით და მოვიგებდით კიდეც.

- ასეთი დარწმუნებული რატომ იყავით.

- თუ არ ჩავთვლით პირველ ათ წუთს, მატჩის ბოლომდე ვითარებას ჩვენ ვაკონტროლებდით და მეტოქე თავის ნახევარზე გვყავდა მომწყვდეული. მეორე ტაიმში ესპანელები ერთხელ გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე და ჯარიმა გაგვიტანეს. ამის მერე მათ ერთპროცენტიანი შანსით არ ჰქონიათ. მესმის, რომ გულშემატკივარმა ძალიან ინერვიულა, მაგრამ მწვრთნელის თვალით აშკარად ჩანდა, რომ მეტოქე ვერ გაგვიძლებდა. ეს იყო მატჩი, რომელშიც გამოიცადა საქართველოს ნაკრების ხასიათი. ბიჭებმა ეს გამოცდა ჩააბარეს.

- ესპანეთთან მატჩის წინა მოთელვაზე ტრავმა მიიღო ირაკლი ჩხიკვაძემ, მისი ადგილი ძირითად შემადგენლობაში სანდრო თოდუამ დაიკავა, სათადარიგოებში კი კუნთმტკივანი გიორგი შკინინი დაჯდა, რომელსაც საერთოდ არ უნდა ეთამაშა. ამან აგირიათ უკანახაზი.

- დიახ, რა თქმა უნდა. ირაკლი ჩხიკვაძე საკმაოდ დიდი ძალაა და დანარჩენებთან შეთამაშებულია. შკინინი კი გვიან ჩავრთეთ თამაშში, რადგან დიდ დროით დატვირთვას ვერ გაუძლებდა.

- ამიტომ ხომ არ ჯობია, შეკრებაზე 23-24 მორაგბე იყოლიოთ, რომ ასეთი პრობლემა აღარ შეიქმნას. ჩეხეთთან სულაც 21 მორაგბით ჩახვედით...

- სადაც კი აქამდე მიმუშავია, თან ყველგან ოცდაოთხი მორაგბე დამყავდა. ეს სავსებით ნორმალურია. რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ასეთ პრობლემას ორჯერ თუ სამჯერ გადავაწყდი. მერწმუნეთ, ეს ჩვენი ბრალი არაა. ჩეხეთთან მატჩისთვის გამოვიძახეთ 22 მორაგბე. იქ ჩასულებმა კი შევიტყვეთ, რომ ფრანგული კლუბები რამდენიმე მორაგბეს არ ათავისუფლებდნენ და ცაიტნოტში აღმოვჩნდით. სხვა მორაგბის გამოძახება და მისი ჩეხეთში ჩამოსვლა აღარ ესწრებოდა. ესპანთთან მატჩის წინ ჩხიკვაძემ მოთელვაზე მიიღო ტრავმა და, ცხადია, დანაკლისს აღარაფერი ეშველებოდა. მსგავსი სიტუაციისგან დაზღვეული არავინაა.

- წლევანდელი ერთა თასი არ დაემთხვა რაგბის საერთაშორისო საბჭოს კალენდარს, ფრანგული კლუბებიც გაჯიუტდნენ და მოთამაშეებს არ უშვებდნენ. მსგავსი პრობლემა რომ აღარ შეიქმნას, არ აპირებთ საგაისო კალენდრის შედგენაში ჩარევას. მით უმეტეს, მომავალი, 2009-2010 წლების ერთა თასის გამარჯვებული პირდაპირ გადის მსოფლიოს თასზე.

- ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ერთა თასელებთან, რომ მომავალი ტურნირისთვის ყველასთვის მისაღები კალენდარი შევადგინოთ. რაც მთავარია, ეს რაგბის საერთაშორისო საბჭოს განრიგს დავამთხვიოთ. რაც შეეხება ფრანგულ კლუბებს, მათ უკვე აღარ ექნებათ უფლება, მორაგბე დააკავონ. მიმუშავია ფრანგულ კლუბებში და მესმის მათი და ლეგიონერების. ჩვენ ვიცით, როგორ მივუდგეთ ამ საკითხს. ზაფხულში, საბერძნეთში ევროპის რაგბის ასოციაციის კონგრესი გაიმართება. იქ კავშირის პრეზიდენტი, გია ნიჟარაძე მიემგზავრება და დარწმუნებული ვარ, ოპტიმალურ კალენდარზე შეთანხმდებიან.

- იქამდე კი ივნისში, ბუქარესტში მსოფლიოს ერთა თასი ჩატარდება. ამ ტურნირისთვის ძირითად შემადგენლობას შეკრებთ და შესაძლო კანდიდატებს გამოცდით.

- მსოფლიოს ერთა თასზე რამდენიმე გამოცდილი მორაგბეს და ლეგიონერს წავიყვან. გუნდს კი საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებით შევავსებ. ახლა უკვე საქართველოს ჩემპიონატი იწყება, მე თბილისში ვრჩები და ჩემპიონატის ყველა ტურს დავესწრები. ვინც თავს გამოიჩენს და სანაკრებოდ მომწიფდება, შანს ყველას მივცემთ, შრომას არავის დავუკარგავთ.

ამ დროს საუბარში საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე ჩაერთო. გია ნიჟარაძემ ტიმ ლეინს მოსაწვევი მისცა, შაბათისთვის ბორჯღალოსანთა ავსტრალიელი მწვრთნელი სიღნაღში, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს...

- ღვინო გიყვართ.

- დიდი მსმელი არ ვარ, მაგრამ კარგ ღვინოს ყოველთვის გეახლებით.

- ქართული ღვინო მოგეწონათ.

- ძალიან. განსაკუთრებით ის ღვინო მომეწონა, თქვენ რომ მწვანეს ეძახით... მანავის მწვანე. "საფერავიც" ძალიან მაგარია. ახლახანს კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა გია გორგასლიძემ დამპატიჟა ღვინოზე. ისიც მომეწონა, სახელს ვერ ვიხსენებ... ერთი წუთით დამელოდეთ.

ტიმ ლეინი გვერდით ოთახში გავიდა, წუთში მობრუნდა და...

- გიას ვკითხე, "უსახელოური" ყოფილა, სადილზე ერთი ჭიქის დაყოლებას არაფერი სჯობს.

- იმედია, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს თასზე რომ გაიყვანთ, ცოტა დიდი სასმისითაც დაილოცებით.

- ამაში დარწმუნებული რომ არ ვიყო, აქ არც ჩამოვიდოდი.

- თქვით, რომ მსოფლიოს ერთა თასზე რამდენიმე გამოცდილ ლეგიონერს წაიყვანთ. მათში იმათაც გულისხმობთ, ვინც წლეულს ნაკრებში ვერ ითამაშა.

- დიახ... ძალიან ბევრი მსმენია ირაკლი მაჩხანელზე. ვიცი, რომ უნივერსალი უკანახაზელია და მისი საქმეში ნახვა რაც შეიძლება მალე მსურს. არ ვიცოდი მალხაზ ურუჯუკაშვილის შესაძლებლობები, ესპანეთთან მატჩისას მას იშვიათად მისდიოდა ბურთი და ამიტომ ვერც ახლა გავიგე ბოლომდე, რა შეუძლია ამ ბიჭს. თუმც ვარჯიშებზე კონცენტრირებული იყო და გამოცდილება და ოსტატობა ეტყობა. შემოდგომაზე ტესტები გვაქვს დაგეგმილი და ურჯუკაშვილის აუცილებლად გამოვიძახებ.

- სხვათა შორის, მალხაზ ურჯუკაშვილი ბოლო მცველის პოზიციაზეც თამაშობს. ესპანეთთან მატჩში კი ოთარ ბარკალაიამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა. ხომ არ აპირებთ ამ პოზიციაზე ურჯუკაშვილის ნახვას.

- მიუხედავად შეცდომებისა, ოთარ ბარკალაია მაინც პირველია ფულბეკის პოზიციაზე. მანამდე ბარკალაიამ ოთხი მატჩი უმაღლეს დონეზე ითამაშა. გაიხსენეთ მისი უზადო თამაში რუმინეთთან და რუსეთთან. მე არ განვეკუთვნები იმ მწვრთნელების კატეგორიას, რომლებიც შეცდომებს არ პატიობენ. ასე რომ მოვიქცე, მოედანზე ექვსი მოთამაშე დამრჩება. მე არ მყავს მორაგბე დაძაბულობაში, ამ წნეხისგან ვათავისუფლებ და შანს ვაძლევ თავის შეცდომაზე ისწავლოს და მომდევნო მატჩში გამოასწოროს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com