|
|
"სარბიელი"
ივანკოვიჩმა საინფორმაციო ბანკი გახსნა: ხორვატმა საქართველო უკვე წარმოიდგინა
კობა ინასარიძე
საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის ყველაზე რეალური კანდიდატი, ხორვატი ბრანკო ივანკოვიჩი ახლა ზაგრები-თბილისის ბილეთს ელის და დღე-დღეზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდის დასაწყებად ჩამოვა. მისი პირველი ქართული ვიზიტი მცირეხნიანი, თუმცა საბოლოო სიტყვის სათქმელად, ჩაიბარებს თუ არა ჩვენს ეროვნულ გუნდს, საკმარისი იქნება. სადღეისოდ კი, ვითარებას ისე ეტყობა, ფედერაციასა და ივანკოვიჩს ერთმანეთთან თანამშრომლობის პირი უჩანთ და, კაცმა რომ თქვას, ეს ურიგო ვარიანტი არ უნდა იყოს. ივანკოვიჩის საქმე თუ გამოვიდა, ის მეორე ხორვატი იქნება, რომელიც საქართველოს ნაკრებს გაუძღვება. აქამდე, გეხსომებათ, ჩვენებმა ორი მატჩი ივანკოვიჩის თვისტომ ივო შუშაკის ხელმძღვანელობითაც ჩაატარეს. ესენი კი ერთმანეთის კარგა ხნის მეგობრები არიან და მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრებშიც ერთად მუშაობდნენ - ორივე მწვრთნელ მიროსლავ ბლაჟევიჩის თანაშემწე იყო. ხოლო ახლა მათ ძველი მეგობრობა გაიხსენეს და თბილისში წამოსვლის წინ ერთმა მეორეს აქაური ამბები გამოჰკითხა. ბრანკო ივანკოვიჩს გუშინ ზაგრებში შევეხმიანეთ და შუშაკთან მისი საუბრის გარდა ჩვენი ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატისგან სხვა საინტერესოც შევიტყვეთ... - ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ყველაზე აქტიურად თქვენს კანდიდატურას განიხილავს... - სასიამოვნოა ამის მოსმენა. დიახ, ჩემსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის მართლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურადაა და იმედია, ასეც გაგრძელდება. ჩემთვის მართლაც საინტერესოა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინადადება. - ეს სიტყვები ისე გავიგოთ, რომ თანახმა ხართ ჩვენთან მუშაობაზე. - პროფესიონალი და ამბიციური მწვრთნელი ვარ. ზურგს საკმაო გამოცდილება მიმაგრებს და კარგად ვიცი ახალი შემოთავაზების ფასი. ჩემთვის საქართველოში მუშაობა გამოწვევაა და მსურს, ეს გამოწვევა სასურველ შედეგად გარდავსახო. - საქართველოზე რა იცით, როგორი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს ქვეყანაზე. - მოლაპარაკებების დაწყებისთანავე ვცდილობ, მაქსიმალური ინფორმაცია მივიღო საქართველოზე. ნოდარ ახალკაცისგან საკმაოდ ბევრი შევიტყვე, ვესაუბრე ჩემს მეგობრებს, ივო შუშაკსა და პეტარ სერგტს. მათ ეს ქვეყანა ისე დამიხასიათეს, უკვე გარკვეული სიმპათიები გამიჩნდა. - თავის დროზე თქვენ სწორედ ივო შუშაკთან ერთად მუშაობდით... - დიახ. ჩვენ ძველი მეგობრები ვართ. საფრანგეთის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ერთად ვეხმარებოდით მიროსლავ ბლაჟევიჩს და გეხსომებათ, ხორვატიის ნაკრებმა მაშინ როგორი ფურორიც მოახდინა. ივოზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, ის ძლიერი სპეციალისტია. - იმ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კი თქვენი გზები გაიყო და სამუშაოდ გერმანიაში წახვედით... - დიახ, მომდევნო სეზონშივე "ჰანოვერი" ჩავიბარე. შემდეგ რამდენიმე წელიწადი ირანში ვიყავი, მათი ეროვნული გუნდი კორეა-იაპონიის მსოფლიოს თასზე ვათამაშე. მერე კი სამშობლოში დავბრუნდი და მუშაობა ზაგრების "დინამოში" გავაგრძელე. - ირანი ახსენეთ და, ალბათ იცით, იმ ქვეყნის ნაკრების მწვრთნელად ცოტა ხნის წინ დანიშნულ ხავიერ კლემენტეს როგორი პრობლემებიც შეექმნა... - დიახ, ვიცი და მიმაჩნია, რომ ნაკრების მწვრთნელმა იმ ქვეყანაში უნდა იცხოვროს, სადაც მუშაობს. თუ ადგილობრივი ჩემპიონატის მატჩებს არ დაესწარი, არ დააკვირდი ფეხბურთელებს და არ შეისწავლე მათი მენტალური მხარე, სხვანაირად კარგი შედეგი არ მიიღწევა. ჩემი შეხედულებით, მწვრთნელი მაქსიმალურად მეტი დროით სწორედ იმ ქვეყანაში უნდა იყოს, სადაც სამსახური აქვს. - რაკი ასე საუბრობთ, ალბათ კლაუს ტოპმიოლერის ქართულ ამბებზე და მის აქაურ პრობლემებზეც იცით... - ვიცი, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ რა პრობლემებიც ტოპმიოლერს ჰქონდა, შესაძლოა, იგივე მეც შემექმნას, ან სხვანაირად მოხდეს და მე შემაწუხოს იმ პრობლემამ, რაც ტოპმიოლერს არ შექმნია. ყველაფერი ინდივიდუალურია და წინასწარ ვერავინ იტყვის, რამ შეიძლება, შეუშალოს ხელი და რამ - არა. საამისო მაგალითის მოყვანა შეუძლებელია. - ზოგადად ქართულ ფეხბურთზე რისი თქმა შეგიძლიათ. - თბილისის "დინამოს" შესახებ ივო შუშაკისგან ვიცი. ვიცი, რომ საქართველოში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია, უცხოეთში მოთამაშე ქართველების თამაშიც ხშირად მინახავს. მოკლედ, ქართულ ფეხბურთზე გარკვეული წარმოდგენა მაქვს და თუ ფედერაციასთან მოლაპარაკებები წარმატებით დამთავრდება, ცხადია, მერე საქმეში დეტალურად და ბოლომდე საფუძვლიანად ჩავიხედები. - თბილისში ჩამოსვლას როდის აპირებთ. - უახლოეს 4-5 დღეში. მოლაპარაკებები სწორედ თბილისში გაგრძელდება და ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება. ახლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან ბილეთს ველი და როგორც კი მივიღებ, მაშინვე გამოვფრინდები.
მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |