"სარბიელი"
# 98
პარასკევი, 2 მაისი, 2008 წელი

პარასკევს ქვევით, შაბათს ზევით

ილია ნანობაშვილი

დარჩენილი სამი ტურიდან ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი რომელიაო, რომ იკითხოთ, პასუხი მაშინვე მზად იქნება - დამდეგი, ოცდამესამე. ნახეთ, რა ორი თამაშია შაბათს და საწყენია, რომ გულშემატკივრები ორივეს ვერ ნახავენ, თუმც

ასეც იქნებოდა: ყველგან ასეა ბოლო ტურებში და საქართველო რა გამონაკლისია - პრინციპული და სატურნირო ვითარებით ერთმანეთს გადაჯაჭვული შეხვედრები ერთდროულად იწყება. მოკლედ, შაბათს ჩემპიონი ოფიციალურად შეიძლება

გაირკვეს, ოღონდ ამის შანსი შედარებით მცირეა: "დინამომ" ზესტაფონში უნდა

იმარჯვოს, "ვიტ ჯორჯიამ" კი მცხეთაში "ამერთან" წააგოს...ზესტაფონი - დინამო

"ზესტაფონი" ძალიან ხშირად ამწარებს ხოლმე "დინამოს". ბოლოს თბილისელებმა იმერლებთან შარშან დეკემბერში იმარჯვეს (2:0).

ფეროელები ხვალაც ფავორიტები არიან თუნდაც იმიტომ, რომ შინ თამაშობენ და, სულ მცირე, 5 000 გულშემატკივრის მხარდაჭერის იმედი აქვთ. ინტრიგა გაცილებით მეტი იქნებოდა, თემურ მახარაძის გუნდს აღდგომისწინა დღეს გორში ცხინვალის "სპარტაკთან" ორი ქულა რომ არ დაეტოვებინა, ახლა კი, ჩემპიონობის რა შანსი აქვთ ზესტაფონელებს. "დინამოს" რომც მოუგონ, მერე თბილისელებმა კიდევ ერთხელ უნდა წააგონ ორ ტურში და ამასთან, "ვიტ ჯორჯიამ", სულ მცირე, ორი ქულა უნდა დაკარგოს.

...მაგრამ სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ იმერლები თავს არ შეაკლავენ დინამოელებს. ჯერ ერთი, ქვეყნის უტიტულოვანეს კლუბს ეთამაშებიან და მეორეც, მეორე ადგილზე გასვლის შანსი აქვთ, ეს კი უეფას თასის საგზურს უნაღდებს, თუნდაც თასი ვერ აიღოს.

დუშან უჰრინი საღ-სალამათ შემადგენლობას ჩაიყვანს ფეროს ქალაქში, მასპინძლებს კი ედიკ საჯაია დააკლდებათ დისკვალიფიკაციის გამო.

კიდევ ერთი, "იონას" ფაქტორი... ზურაბ იონანიძეს არაერთხელ გაუმწარებია "დინამო" და ალბათ მასზე გაორმაგებული თვალ-ყური იქნება უჰრინის მცველებისგან.

ისე, არაა გამორიცხული, მახარაძემ საქართველოს ჩემპიონატის ყველა დროის მთავარმეგოლე შეცვლაზე შეიყვანოს - ბექა გოცირიძე გაცილებით კარგ ფორმაშია, პლუს, ნიკა გელაშვილიც გამოჯანმრთელდა და წინა ტურში გოლიც გაიტანა. გაბონელი ეტიენ ბიტოოც არ დაგვავიწყდეს...

სავარაუდო შემადგენლობები:

ზესტაფონი: რ. კვასხვაძე, ს. თოდუა, უ. ლობჟანიძე, შ. ღონღაძე, აკუასაგა, კესანი, ნ. კვასხვაძე, რ. ონიანი, ვიეირა, ბ. გოცირიძე, იონანიძე (ან გელაშვილი).

დინამო: ოვონო, შ. კაშია, კრშკო, ზელიჩი (გ. კაშია), გველესიანი, ხმალაძე, დიღმელაშვილი, ოდიკაძე, ხუციშვილი, გ. მერებაშვილი, აკირემი.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ 7 მაისს ზესტაფონში კიდევ ერთხელ ჩავა "დინამო", ამჯერად თასის საპასუხო ნახევარფინალში სათამაშოდ.

ვიტ ჯორჯია - ამერი

ისევე, როგორც "დინამოსთვის" "ზესტაფონი", "ამერისთვისაც" უხერხული მეტოქეა "ვიტ ჯორჯია" - გლდანელებმა მხოლოდ ერთხელ სძლიეს ვეტერინარებს, ამ გუნდების საპირველწრეო შეხვედრა კი გეხსომებათ - ამერელთა კარში პენალტი დაინიშნა, რასაც "ყვითლების" აღშფოთება, ვითარების უკიდურესად დაძაბვა და მსაჯ ლევან კვარაცხელიას გაუგებარი გადაწყვეტილებები მოჰყვა და კლუბის პრეზიდენტ ზურაბ ფოცხვერიას ჩარევით, თამაში აღარ გაგრძელდა.

ესეც დამატებით ინტრიგას სძენს სახვალიო მატჩს...

"ვიტ ჯორჯია" უძლიერესი შემადგენლობით იქნება, გიორგი ჩიხრაძის გუნდს კი ნახევარდაცვის ლიდერი გიორგი დეკანოსიძე და მცველი გიორგი მემარნიშვილი არ ეყოლება - დისკვალიფიკაცია აქვთ.

მცხეთური მატჩიდან ოთხი დღის თავზე გლდანელებს ბორჯომში აქვთ სათამაშო სათასო ნახევარფინალი - ცალი ფეხით უკვე ფინალში არიან და ვეჭვობთ, ჩემპიონატს იმხელა ყურადღებას აქცევდნენ, რამდენსაც თასს. ნესტორ მუმლაძის გუნდს კი ჩემპიონობის შანსი კიდევ აქვს, გააჩნია, რას იზამს "დინამო" ჯერ ზესტაფონში, მერე კი შინ - "ლოკომოტივთან".

ისე, ვიტელებიც და "ამერიც" ორგანიზებულ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობენ, ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევიან და სხვანაირ მატჩს არც 3 მაისს ველოდებით.

ახლა კი მოკლედ სხვა მატჩებზეც ვთქვათ: შაბათიდან დავიწყეთ და ამ დღეს "ოლიმპი" - "ბორჯომიცაა". ხვიჩა ქასრაშვილის გუნდმა ბოლო თამაშები მოიგო და მეოთხე ადგილზე გასვლის შანსი გაუჩნდა. მართალია, რუსთაველები მეხუთეზე არიან, მაგრამ მხოლოდ ქულას აგებენ "ამერთან", რომელსაც გაცილებით ძნელი კალენდარი დარჩა.

დღეს კი ოთხი მატჩია, სულ ცხრილის შუა და ქვედა ზონაში მყოფები ხვდებიან და არანაკლებ ჯახებს ველოდებით. "მესხეთის" ხელშია "ბათუმის" ბედი - ზღვისპირელებმა ახალციხეშიც თუ ვერ მოიგეს, ხელი უნდა ჩაიქნიონ უმაღლეს ლიგაზე. ერთი კია, ახალციხელები გაჭირვებულთათვის ხელის გაწვდომაში შემჩნეულნი არ არიან, რაც ქართულ რეალობაში იშვიათი, მაგრამ სასიამოვნო ხილია.

ბოლოხანს მოყოჩაღებული "ლოკომოტივი" ძნელად დასამარცხებელ "სპარტაკს" მასპინძლობს და ცხრილიდანაც ჩანს, რომ რისკის თამაშია. ვაკელებმა თუ მოიგეს, არანარი საფრთხე აღარ დაემუქრებათ, თუმც არც ფრე უნდა იყოს მათთვის მიუღებელი. აი, "სპარტაკი" კი გამარჯვებას კბილებით ეცდება.

რატომ ეცდება და, მის ზურგსუკან მყოფი "მერანი" უკვე გავარდნილ "დილას" სტუმრობს და, დიდი შანსია, სამი ქულაც აიღოს - სწორედ ეს სამი ქულაა "სპარტაკსა" და "მერანს" შორის სხვაობა. ისე, თამაშის ხარისხით ცხინვალელები სჯობნიან დავით ეჯიბიშვილის გუნდს. მარტო ის რად ღირს, რომ ჟორჟიკაშვილის გუნდმა წლეულს "ვიტ ჯორჯიასა" და "ზესტაფონს" ასწაპნა ოქროს ქულები.

ტურის ყველაზე ნაკლებად ინტრიგული თამაში კი ზუგდიდშია.: "მგლებიც" და "სიონიც" უმაღლეს ლიგაში დარჩნენ და ახლა ერთმანეთს თუ გაუცვლიან ადგილს.

დისკვალიფიცირებულნი:

"ამერი": გიორგი დეკანოსიძე, გიორგი მემარნიშვილი;

"სიონი": გიორგი ოქროპირიძე, დავით ასლანაძე (მწვრთნელი);

"დილა": ქრისტეფორე შატაკიშვილი, ჯაბა ბერიანიძე, ალბერტ საყვარელიძე;

"ზესტაფონი": ედიკ საჯაია.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com