|
|
"სარბიელი"
Forza, MILAN ! ანტონიო ლაბატე
"ფიორენტინამ" კი დაიმსახურა მეოთხე ადგილზე გასვლა, მაგრამ ჟურნალისტი ანტონიო ლაბატე ხსნის, რატომ აჯობებს იტალიური ფეხბურთისთვის, თუ "იებს" "მილანი" წაართმევს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს რთული იყო შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების ყურება. იტალიური ინტერესი მხოლოდ ის გახლდათ, თუ როგორ ითამაშებდა "ბარსელონას" მცველი ჯანლუკა ძამბროტა. სერია ფ-ს მოყვარულები იძულებულნი იყვნენ, დათანხმდებოდნენ იმას, რომ იტალიური კლუბები წელს სათანადოდ ძლიერნი არ იყვნენ. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ "ჩელსის" ნახევარფინალამდე იოლი გზა ჰქონდა, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო დროს იტალიური სტილით თამაშობსო. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ამჟამად ამ ორ ინგლისურ გუნდს ბადალი არ ჰყავს. რასაკვირველია, იტალიური გრანდები მომავალ სეზონში ხელახლა ჩაებმებიან ბრძოლაში და წარმატების მიღწევას ეცდებიან. "ინტერმა", "რომამ" და "იუვენტუსმა" უკვე გაინაღდეს ჩემპიონთა ლიგის საგზური, მაგრამ ვინ შეუერთდება მათ. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე "ფიორენტინა" "მილანს" 2 ქულით უსწრებს. ტოსკანელები უდავოდ იმსახურებენ ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებას მას მერე, რაც კალჩოპოლის სკანდალმა ისინი ორი სეზონი არ გააკარა ამ ტურნირს. თუმცა, თუ კარგად დაფიქრდებით და გაიაზრებთ, რა აჯობებს იტალიური ფეხბურთისთვის, მიხვდებით, რომ აჯობებს, თუ მეოთხე ადგილზე "მილანი" გავა. "როსონერის" ცუდი სეზონი აქვს, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ, რომ მომავალ ჩემპიონთა ლიგაში უფრო წარმატებით შეუძლია თამაში, ვიდრე "იებს". დღეს იტალიაში ყველაზე ნიჭიერი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი პატარა საოცრებებს ახდენს, მაგრამ "ფიორენტინა" რჩება ფინანსურად არცთუ ძლიერ და ჩემპიონთა ლიგაში ბრძოლის გამოცდილების არმქონე კლუბად. მიკი მაუსის (უეფას) თასზე ფლორენციელთა ასე თუ ისე წარმატებულმა თამაშმა არ შეგაცდინოთ. "როსონერის" ფინანსურად მშვენიერი მდგომარეობა აქვს და მომავალი სეზონისთვის რამდენიმე ფეხბურთელის დამატება შეუძლია და საჭიროებს კიდეც. თუ "მილანი" ტაქტიკურადაც გამართულად ითამაშებს, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, შესაძლოა, იტალიის მთავარი იმედიც კი იყოს მომავალ ჩემპიონთა ლიგაში. დიდი შანსია, "ინტერმა" კიდევ ერთხელ გაუცრუოს ქომაგებს იმედი და დიდი პოტენციალისა და მოლოდინის მიუხედავად, წარუმატებლად ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაში. "რომამ", შესაძლოა, კვლავ დაკარგოს ერთ-ერთი ლიდერი - ამანტინო მანსინი, რაც "ჯალოროსის" დამატებით პრობლემებს შეუქმნის. "იუვენტუსი" კი ჯერ დასახვეწია და მისგან ბევრს არ უნდა ველოდოთ, მით უმეტეს, რომ ტურინელებს ევროსარბიელზე კალჩოპოლის სკანდალამდეც უჭირდათ ხოლმე, თავიანთი სუპერშემადგენლობით. ასე რომ, ვინ უნდა გავიდეს მეოთხე ადგილზე - "ფიორენტინა" თუ "მილანი". ეს დამოკიდებულია იმაზე, გინდათ თუ არა მომავალი სეზონის ბოლოს რომის "სტადიო ოლიმპიკოზე" ინგლისური ფინალის ხილვა. არავის ეწყინოს, მაგრამ მე არ მინდა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |