|
|
"სარბიელი"
წყევლა: აქ რისთვის ჩამოხვედით? ვაჟა ხუციშვილი
დაწყევლილი უწოდა ფაბიო ლივერანიმ მატჩს, რომელშიც "ფიორენტინამ" რამდენიმე ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა, პენალტების სერიაში კი თავად ფაბიოს მეკარემ აუღო. "დარწმუნებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან გავუტანდით - თქვა ლივერანიმ - მაგრამ 90 წუთის შემდეგ ტაბლოზე ისევ ნულები დავინახე". ადრიან მუტუს, ჯამპაოლო პაცინის და შეცვლაზე შესულ კრისტიან ვიერის შეეძლოთ გატანა, თუმც ვერცერთმა მოახერხა ნილ ალექსანდერის კარში ბურთის შეგდება. პენალტების სერიაში პირველი დარტყმა ბარი ფერგიუსონმა წაახდინა, მაგრამ გლაზგოელებს მერე ფეხი აღარ არევიათ. ფაბიო ლივერანის ალექსანდერმა აჯობა, ვიერიმ კი კარს ააცილა. გადამწყვეტი პენალტი ნაჩო ნოვომ გაიტანა. "ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს გაფუჭებული პენალტის გამო - აღმოხდა თვალცრემლიან ლივერანის - მათ საოცრად გვიქომაგეს და ფინალს იმსახურებდნენ. მგონია, რომ ვიღაცამ დაგვწყევლა". მასპინძელი ტომაშ უიფალუშიც დაახლოებით ლივერანის ტალღაზე დადგა: "ფინალში თამაში ჩვენ გვეკუთვნოდა, მაგრამ ძლიერი ყოველთვის ვერ იგებს. იღბალიც ფეხბურთის ნაწილია და ის დღეს "ფიორენტინას" მხარეს არ იყო. ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, თუმც მეტოქე მთელი გუნდით იცავდა თავს და საბოლოოდ მათ გაუმართლა". მასპინძელთა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ და კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ "რეინჯერსის" დაცვითი ტაქტიკის წინააღმდეგ გაილაშქრეს და ამ საქმეში პირველები არ არიან. ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგაში, სადაც "ბარსა" და "რეინჯერსი" ერთად იყვნენ, ლიონელ მესიმ გლაზგოური მატჩის შემდეგ მასპინძელთა ტაქტიკას უსახური უწოდა. "ჩაფართა" მწვრთნელმა უოლტერ სმითმა საპასუხოდ განაცხადა, ის დრო წავიდა, ევროთასებზეც ისე ლაღად რომ ვუტევდით, როგორც ჩემპიონატშიო. ამ დაცვითი ფეხბურთით "რეინჯერსმა" ისევე, როგორც "ზენიტმა", უეფას თასის ფინალში გზა გაიკვალა. "რაც უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ფინალში გასვლას ჩვენ ვიმსახურებდით, ფაქტია - "რეინჯერსმა" მოიგო და გვაჯობა. არადა, დამატებითი დროის ბოლო წუთამდე უკანმოუხედავად ვუტევდით. სამწუხაროდ, დღეს ფეხბურთი ისეთია, რომ ვინც მთელი მატჩის განმავლობაში დაცვაში დგას, სწორედ ის იგებს. "რეინჯერსი" აქ იმ მიზნით ჩამოვიდა, რომ ჩვენი შეტევებისთვის ხელი შეეშალა და თვითონ შეტევა, მგონი, არც უცდია. თამაშიც უფრო საინტერესო გამოვიდოდა, მეტოქედ ფეხბურთის მოთამაშე გუნდი რომ გვყოლოდა". მწვრთენლს კვერი დაუკრა პრეზიდენტმაც: "რეინჯერსს" საქმის პენალტებამდე მიყვანა სურდა და ამას კიდეც მიაღწია, თორემ ფეხბურთი არ უთამაშია".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |