|
|
"სარბიელი"
ნერვების ტური: ფერგიუსონის შაბათი ორშაბათამდე გაიწელება
ვაჟა ხუციშვილი
პრემიერლიგა მთავრდება და ნერვების მოსინჯვის დროა. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებიდან რომელს დაუცდება ფეხი დარჩენილ ორ მატჩში - "მანჩესტერს" თუ "ჩელსის". ბოლო ტური 11 მაისს გაიმართება და ყველა მატჩი ერთ დროს დაიწყება, მაგრამ "მანჩესტერი" დღეს "ვესტ ჰემთან" თამაშობს, "ჩელსი" კი ზეგ, ორშაბათს, "ნიუკასლს" ესტუმრება. ასეთი განრიგი უპირატესობას ალბათ არცერთს ანიჭებს, რადგან ჩემპიონობის მსურველებმა, უბრალოდ, უნდა მოიგონ. "ვესტ ჰემის" მწვრთნელმა ალან კერბიშლიმ ორი კვირის წინ საგაზეთო სვეტში დაწერა, დიდი უსამართლობა იქნება, "მანჩესტერი" ჩემპიონი თუ ვერ გახდებაო, რითაც ავრაამ გრანტი გაანაწყენა. "ვესტ ჰემს" "მანჩესტერთან" ბოლო სამი თამაში მოგებული აქვს და ვერავინ იტყვის, რომ ფეარ პლეის პრინციპს არღვევს, მაგრამ კერბიშლისგან ასეთი რამის გამომზეურება "მანჩესტერთან" მატჩის წინ, არასწორია - განაცხადა გრანტმა - გაბრაზებული კი არ ვარ, არამედ ვერც ამიხსნია, თუ რისთვის დასჭირდა მწვრთნელს ამის თქმა. დარწმუნებული ვარ, "ვესტ ჰემს" საკუთარი წარმატება უფრო უხარია, ვიდრე სხვისი და თუ ასე არაა, ნებისმიერ იქურ ფეხბურთელს ან ქომაგს ჰკითხეთ. ბოლო კვირების განმავლობაში ათასნაირი ჭორი მოვისმინე, თითქოს მსაჯებიც "მანჩესტერისკენ" იქნებიან და "ვესტ ჰემიც" დათმობსო. აღარ ვიცი, ვის და რას დავუჯერო". "ჩელსისთან" დამტვრეული ნემანია ვიდიჩი გამოკეთდა და დღეს ალბათ ძირითად შემადგენლობაში იქნება, უეინ რუნის და ედვინ ვან დერ სარის თამაში კი საეჭვოა. "ვესტ ჰემს" ჟულიენ ფობერი გამოუჯანმრთელდა, მაგრამ ფრედი ლიუნგბერგი, ენტონ ფერდინანდი და მეტიუ აპსონი დაშავებულნი არიან. პრემიერლიგაში ადგილის გასანაღდებლად "უიგანს" ქულაღა სჭირდება და დღესვე, ბირმინგემში, "ასტონ ვილასთან" შეეცდება მიზნის მიღწევას, თუმც ეს იოლი არ იქნება. ვილელები უეფას თასის საგზურისთვის იბრძვიან და ქულები თვითონაც არ აწყენთ. მარტინ ონილის გუნდმა ბოლო ოთხ ტურში სამი მატჩი მოიგო და 17 გოლი გაიტანა, "უიგანი" კი, ამდენივე ტურია, არ დამარცხებულა. აქვე ვთქვათ, რომ "ასტონ ვილას" პრემიერლიგაში" "უიგანისთვის" შინ არ მოუგია. სტუმრებს ერიკ ედმანი და მარიო მელხიოტი დააკლდებათ, ტრავმამოშუშებული ფორვარდი ემილ ჰესკი კი ითამაშებს, ხოლო მასპინძლებს კრეიგ გარდნერი და ოლოფ მელბერგი ვერ დაეხმარებიან. დიდი ამბავი იქნება ლონდონში, სადაც "ფულემი" "ბირმინგემს" დაუხვდება, რომელსაც სტუმრად დეკემბრის აქეთ არ მოუგია. როი ჰოჯსონი და ალექს მაკლიში - შარშან შესაბამისად ფინეთისა და შოტლანდიის ნაკრებთა მწვრთნელები - ახლა პრემიერლიგაში დასარჩენად ჯახირობენ და ჰოჯსონის "ფულემმა" თუ წააგო, ხოლო "რედინგმა" "ტოტენჰემთან" ქულა აიღო, ფულემელები მომავალ სეზონს ჩემპიონლიგაში დაიწყებენ, საიდანაც 2001 წელს ამოვიდნენ და მას შემდეგ არ გავარდნილან. მშვიდი ძილისთვის ერთი გამარჯვება ეყოფა მე-15 ადგილზე მყოფ "მიდლსბროსაც", თუმც სამ ქულაზე მისი მეტოქე "პორტსმუთიც" არ იტყვის უარს, რადგან უეფას თასის საგზურს ეპოტინება. "მიდლსბროს" პორტელები შინ 1994 წლის მერე არ დაუმარცხებია, მაშინ კი ეს გუნდები პირველ დივიზიონში, ამჟამინდელ ჩემპიონლიგაში იყვნენ. ჰაერივით სჭირდებათ გამარჯვება "რედინგსა" და "ბოლტონს", რათა სახიფათო ზონისგან თავი შორს დაიჭირონ. "რედინგი" "ტოტენჰემს" იბრაჰიმა სონკოსა და ემერს ფაეს გარეშე დაუხვდება, რადგან მათ რეზერვში თამაში იუარეს და ამის გამო მოკვეთილები არიან. "ბოლტონს" კი სასჯელმოხდილი ფორვარდი კევინ დეივისი დაუბრუნდება "სანდერლენდთან", რომელმაც პრემიერლიგაში ადგილი წინა ტურში, "მიდლსბროსთან" გამარჯვებით დაიბევა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |