"სარბიელი"
# 99
შაბათი, 3 მაისი, 2008 წელი

ტრანსებთან სკანდალმა კიჭას ქალი დააკარგვინა

ლადო ხომერიკი

ტრანსვესტიტებთან რონალდოს სექსუალურ სკანდალს ბრაზილიაში დიდი გამოძახილი მოყვა, რის გამოც ფეხბურთელი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა. რონი ახლა დედამისის, დონია სონიას ბინაშია გამოკეტილი და პრესასთან თუ ტელევიზიასთან ყოველგვარ კონტაქტზე უარს ამბობს. ყოველ შემთხვევაში, ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ სახელგანთქმული კაცი ერთი კვირის შემდეგ რიო დე ჟანეიროს სასამართლოს არ მიაკითხავს - რონალდო ტრანსვესტიტებისადმი აგრესიულ მოპყრობაშია ბრალდებული, თან არშემდგარი ორგიის მონაწილე ქალ-კაცები აცხადებენ, რომ "კიჭა" მაშინ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

რონალდო "ნაიკის" სარეკლამო სახეა, ამიტომაც რამდენიმე ბრაზილიურმა გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკული კომპანია სახელშერცხვენილ სახესთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს (ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, თუ ფეხბურთელი სკანდალში გაეხვევა, ფირმის იმიჯის გადარჩენის მიზნით, "ნაიკს" უფლება აქვს, კონტრაქტის ანულირება მოახდინოს). თუმცა ეს განცხადება ფირმის ბრაზილიურმა ფილიალმა ოფიციალურად გააბათილა - "კიჭასთან" ვადაზე ადრე დაშორების შემთხვევაში "ნაიკი" 100 მილიონ ევროს დაკარგავდა. "ფეხბურთელთან სარეკლამო თანამშრომლობას არ შევწყვეტთ და მას მუხლის ტრავმის მალე მორჩენას ვუსურვებთ" - ნათქვამია "ნაიკის" კომუნიკეში. ფირმამ აპატია, საცოლე კი ულმობელი გამოდგა. ბეატრისმა, რომელიც 2007 წლის იანვრიდან რონალდოს გელფრენდია, როგორ თუ მეძავ ქალ-კაცებთან სკანდალით თავი შეირცხვინეო, "კიჭა" მიატოვა და საცხოვრებლად მშობლიურ ქალაქ ბრაზილიაში დაბრუნდა.

მარტო დარჩენილ სასოწარკვეთილ ფეხბურთელს თითქოს უსიამოვნო ამბები აკლდაო, ოტელ "პაპილიონის" ჩეკი მიუვიდა. რონალდოსთვის ამ ავად სახსენებელ სასტუმროში მოხდა ტრანსვესტიტებთან ჯერ დამეგობრება, მერე ჩხუბი და ახლა "პაპილიონის" უფროსობა ნომრის, ვისკის, მარტინის, კონიაკისა და არყის ღირებულების ანაზღაურებას, სულ 300 ევროს ითხოვს. ეს ფული დაბნეულმა რონალდომ სკანდალის დღეს ვერ გადაიხადა, საწყალ "კიჭას" ადგილზე რა თანხაც ჰქონდა, მთლიანად მეძავებისთვის მიუცია...



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com