"სარბიელი"
# 99
შაბათი, 3 მაისი, 2008 წელი

მადლობა, რომ მოგვიგეთ

ივანე კობიაშვილი

1 მაისი

აღმოსავლეთი

დეტროიტი 4:2 ფილადელფია

ფილადელფია 77:100 დეტროიტი

ფილადელფია: იგუდალა (16), მილერი (11), უილიამსი (11)

დეტროიტი: ჰამილტონი (24), ბილაფსი (20), პრინსი (12), ჯონსონი (10)

ყველაფერი ძალზე პროზაულად დასრულდა: ძლიერმა შეჭამა სუსტი. არადა, გმირობის ჩადენის სურვილით ანთებულმა "ფილადელფიამ" რამდენიმე დღის განმავლობაში სუნთქვა გაუხშირა საკალათბურთო ამერიკას, როცა სერიოზულად დაემუქრა ერთ-ერთ გრანდ "დეტროიტს" და მასთან სერიაში ორჯერ დაწინაურდა.

მაგრამ ცაში მფრინავი ფილადელფიელები 2:1 ანგარიშიდან მიწაზე დაუშვეს და აგრძნობინეს, მხოლოდ იმ სიმაღლეზე იფრენთ, სადამდეც მეტოქე აგიშვებთო. "დეტროიტმა" ზედიზედ სამჯერ დაამარცხა შეთამამებული რაყიფი და ფლეი ოფიდან ასე გაისტუმრა, თავად კი მეორე წრეში დუაიტ ჰოვარდის "ორლანდოსთან" საომრად გაემზადა.

სერიის მეექვსე მატჩში განსაკუთრებით იგრძნობოდა "დეტროიტის" ძალა და "ფილადელფიის" უძლურება. უკვე პირველ მეოთხედში ითქვა ყველაფერი, როდესაც ფავორიტმა 30:12 მოიგო და ჩააჩუმა მასპინძელთა 14 ათასი მგზნებარე ქომაგი. გამარჯვებულთა თავკაცი ფლიპ სანდერსი მადლობასაც კი უხდიდა მეტოქეს კარგი წინა თამაშებისთვის, ამბობდა - "ფილადელფიამ" გამოგვაფხიზლა, ბოლო ორ-ნახევარი მატჩი მაქსიმალურად მობილიზებულებმა ჩავატარეთ და მომავლისთვის გამოგვადგებაო.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com