|
|
"სარბიელი"
უფასო და ეროვნული სპორტის დედოფალი
ზურაბ მიგრიაული
ქართველი მძლეოსნები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაბრუნდნენ. ამიერიდან მენაკრებეებიც და დამწყები მძლეოსნებიც ოდინდელ სარბიელზე ივარჯიშებენ. საქმე ისაა, რომ ქართველ მძლეოსნებს უკვე 20 წელია, სტაბილური თავშესაფარი არ ჰქონდათ. ახლა კი მათთვის ღიაა განახლებული "დინამოს" სტადიონი და გუშინ პირველი კომბინირებული ვარჯიშიც ჩაატარეს მწვრთნელებმა. საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ მდინარაძესაც ვარჯიშის დროს ვესაუბრეთ. აი, რა გვითხრა მან: - როგორც იცით, ქართველ მძლეოსნებს 20 წელია, სტაბილურად კარგ პირობებში არ უვარჯიშიათ. ჩვენი სპორტსმენები ხან საზღვარგარეთ გადიოდნენ მომზადებას, ხანაც უვარგის პირობებში გვიწევდა ვარჯიში. დღეის შემდეგ კი, იმედი მაქვს, საქართველოში მძლეოსნობას ძველი დიდება და პოპულარობა დაუბრუნდება. ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ ყველა მშობელს: მოიყვანეთ ბავშვები ჩვენთან სავარჯიშოდ, კვირის გარდა ნებისმიერ დღეს, 4 საათის შემდეგ. ამიერიდან მძლეოსნობაზე სიარული უფასოა. ჩვენს მწვრთნელებს ხელფასს სახელმწიფო გადაუხდის, ხოლო სტადიონის იჯარისთვის თანხებს სპორტის დეპარტამენტი გაიღებს. გეტყვით იმასაც, რომ 10 დღეში საქართველოში აზერბაიჯანის მძლეოსნების ნაკრები ჩამოდის. მათ შორის 5 ოლიმპიადის ლიცენზიის მფლობელია. ისინი საქართველოს ნაკრებთან ერთად გაივლიან შეკრებას. აქვე დავით ილარიანსაც გავესაუბრეთ. იგი, სავარაუდოდ, პეკინში თარჯრბენში წარადგენს საქართველოს. "ვფიქრობ, სულ ცოტაც და ლიცენზიას მოვიპოვებ, პეკინში აუცილებლად გავემგზავრები. რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ სტადიონზე დაბრუნებას, რა თქმა უნდა, სასიხარულო ფაქტია. ახლა ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი სავარჯიშოდ. ვფიქრობ, ჩემიც და მთლიანად საქართველოს მძლეოსანთა შედეგებიც საგრძნობლად გაუმჯობესდება" - განაცხადა ილარიანმა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |