"სარბიელი"
# 99
შაბათი, 3 მაისი, 2008 წელი

ნდიაკენგურუკიე ეთიოპიელებს ვერ შესწვდა

ივანე კობიაშვილი

დიდი ზარ-ზეიმით არა, მაგრამ მასპინძელთა გამარჯვებით კი გაიხსნა ეთიოპიის დედაქალაქ ადისაბებაში აფრიკის მე-16 ჩემპიონატი მძლეოსნობაში. ორგანიზატორებმა პირველივე დღისთვის დაგეგმეს ეთიოპიელთა საყვარელი სახეობა 10 კილომეტრზე სირბილი და აკი აუხდათ ჩანაფიქრი: კაცთა გარბენში სამივე მედალი ეთიოპიელებს შეხვდათ, მიუხედავად იმისა, რომ არ მონაწილეობდნენ ამ დისტანციის ყოფილი და მოქმედი ვარსკვლავები - კენენისა ბეკელე და ჰაილე გებრსელასიე. ბეკელემ ერთი თვის წინ შოტლანდიაში კროსის (მიწაზე, გორაკოვან რელიეფზე სირბილი) მსოფლიოს ჩემპიონატი რომ მოიგო, მას შემდეგ არსად გამოჩენილა. ჩანს, ოლიმპიადისთვის ზოგავს თავს. გებრსელასიე კი კარგა ხანია, 10 კილომეტრს შეეშვა და მარათონებზე გადაერთო, სადაც, სხვათა შორის, მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა შარშან.

ადის-აბებაში 10 კილომეტრის გარბენის დაწყებამდე კოკისპირულმა წვიმამ დასცხო (სწორედ ეს წვიმები ადიდებს ცისფერ ნილოსს, რაც ძველ ეგვიპტეში ღვთაებრივ მოვლენად მიაჩნდათ), მაგრამ მალე გადაიღო და გარბენიც დაიწყო. მასპინძლებმა უკვე მეორე წრეზე აგრძნობინეს ყველას, რომ მედლების დათმობას არ აპირებდნენ. ეთიოპიელთა ტრიო სათავეში ჩაუდგა გუნდს და ისეთი ტემპი აიღო, 10 კილომეტრზე კი არა, 1 500 მეტრზე მორბენლებს გაუჭირდებოდათ. ვინც მიჰყვა, მიჰყვა, უმრავლესობა კი უკან დარჩა. ლიდერთა გუნდი შვიდმა კაცმა შეადგინა - სამი ეთიოპიელი იყო, სამი კენიელი და ერთიც რუანდელი, სახელად ჩირიაკუ ნდიაკენგურუკიე. ამ უკანასკნელს მეოთხე წრის მერე მოეკვეთა მუხლი და ბრძოლა სამ-სამი კაცით წარმოდგენილ მეზობლებს შორის გაჩაღდა, თუმც ჩანდა, რომ კენიელებს ამ გარბენიდან ბევრიც არაფერი შეხვდებოდათ. ბევრი კი არა, საერთოდ არაფერი შეახვედრეს ეთიოპიელებმა და კვარცხლბეკი პირველიდან მესამე ადგილის ჩათვლით მათ დაიკავეს. აფრიკის ჩემპიონი გახდა გებრეგზიაბჰერ გებრემარიამი, ვინც ექვსი კილომეტრის გარბენის შემდეგ თავისიანებიც და სხვისიანებიც უკან დატოვა, ბოლო 10 წრე მარტომ შემოურბინა მინდორს და 10 კილომეტრი 28 წუთსა და 17,11 წამში ჩაატია. გებრემარიამმა ფინიშზე ბარე 80 მეტრით მიასწრო ჯეელ თანამემამულეს, 10 კილომეტრზე და კროსში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების მომგებ იბრჰიმ იელანს, რომელიც, სხვათა შორის, თვით ბეკელეს ცვლიდა და რიგიანადაც. მესამეზე კი კიდევ ერთი ეთიოპი, ეშეტუ ვუნდემუ გავიდა.

პირველ დღეს სხვა მნიშვნელოვანი შედეგი არ აღნიშნავდა, რაც უნდა იყოს, ეს ხომ აფრიკის ჩემპიონატია და შავი კონტინენტის მძლეოსნები ზოგ სახეობაში დიდად ვერ გამოირჩევიან. მაგალითად, ქალთა შორის უროს ტყორცნა ზედიზედ მეოთხედ მოიგო მარკა აჰმედ ჰუსეინმა სულ რაღაც 62,26-მეტრიანი შედეგით, რაც მსოფლიო რეკორდს კარგა 15 მეტრით ჩამოუვარდება. მაგრამ მეორე დღეს ადის-აბებაში გამოჩნდა კიდევ ერთი მსოფლიო დონის მძლეოსანი, ასევე ეთიოპიელი სტაიერი მესერეტ დეფარი, 2007 წელს მსოფლიოს უძლიერესი მძლეოსანი ქალი, რომელმაც, სხვათა შორის, თავისი საყვარელი 5-კილომეტრიანი გარბენი წააგო თანამემამულე მესელეტ მეკლამუსთან, რომელიც ქვეყნის ნაკრებშიც კი გაჭირვებით მოხვდა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com