|
|
"სარბიელი"
დინამო ჩემპიონი მათ ქალაქში რომ გახდეს: ინტერესთა წრე: სპარტაკი და ლოკომოტივი სხვებმა საგულშემატკივროდ გაინაწილეს
"ვიტ ჯორჯიასა" და "ამერის" დღევანდელ მატჩს მცხეთის "არმაზზე" თუ ვერ დაესწრებით, პირდაპირ რეპორტაჟს "მზე" შემოგთავაზებთ და ამ გუნდების დაპირისპირებათა ისტორია თუ გახსოვთ, დიდი ბრძოლა რომ იქნება, ეჭვი არ შეგეპარებათ. დღესვე "დინამო" შედარებით მშვიდად, ეგებ არხეინადაც ეთამაშოს "ზესტაფონს". ეს სიმშვიდე კი დინამოელებს "ლოკომოტივის" და "სპარტაკის" გუშინდელმა დრამატულმა მატჩმა მოჰგვარა... ცხინვალელები ორი ბურთით უგებდნენ რკინიგზელებს და საქმე ბოლომდე რომ მიეყვანათ, იცოცხლეთ, ცხრილის ქვედა ნაწილში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბებოდა. "სპარტაკის" გამარჯვება იმის ნიშანი იქნებოდა, რომ "ლოკომოტივს" დარჩენილ ორ ტურში ორი მოგება დასჭირდებოდა უმაღლეს ლიგაში უპლეიოფოდ დასარჩენად და, შესაბამისად, მომდევნო ტურში მედგარ ბრძოლას გაუმართავდა "დინამოს". და ვინ იტყვის, რომ მედგარ ბრძოლაში "დინამო" უეჭველად მოუგებდა ბოლო ხანს გაძლიერებულ ვაკელებს. არადა, თუ დღეს დინამოელები ზესტაფონში წააგებენ, ჩემპიონობისთვის უეჭველად დასჭირდებათ "ლოკომოტივის" დამარცხება. აი, ასეთი წრე შეიკრა: "ვიტ ჯორჯია" და "ზესტაფონი" გუშინ "სპარტაკს" ქომაგობდნენ, "დინამო" კი "ლოკომოტივს". რკინიგზელებმა კი ძალიან მოინდომეს და ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს. მეორე გოლი 89-ე წუთზე გაიტანეს... გუშინ "ლოკომოტივს" კიდევ ერთი გუნდი ქომაგობდა - "მერანი", რომელმაც "დილასთან" თავისი მატჩი მოიგო და დარჩენილ ტურებში "სპარტაკის" გადასწრების, ანუ თავის გადარჩენის შანსი შეინარჩუნა. ხოლო ახალციხეში დამარცხების მერე "ბათუმი" უმაღლეს ლიგაში თუ დარჩა, სასწაული იქნება, სასწაულები კი ასე იოლად არ ხდება...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |