"სარბიელი"
# 99
შაბათი, 3 მაისი, 2008 წელი

თითო გუნდის თითო ტაიმი

სოსო გულუა 

ზუგდიდიდან

სტადიონზე მოსულ გულშემატკივრებს არ მოუწყენიათ, ისეთი თამაში გააჩაღეს გუნდებმა.

შეხვედრა სტუმართა შეტევებით დაიწყო და აქვე ვიტყვით, რომ მთელი პირველი ნახევარი ასევე წარიმართა, თუმცა კარში პირველად მაინც მასპინძლებმა დაარტყეს. ეს კი მე-9 წუთზე ჭკადუას ჩაწოდებისას წურწუმიამ გააკეთა - ბურთი მცირე მანძილით გადასცდა ხარიხას.

შემდეგ ისევ "სიონმა" შეუტია. ჯერ ჭელიძე-ბაჯელიძის კომბინაცია ჩაშალეს მასპინძელთა მცველებმა, შემდეგ ვაშაკიძემ, რომელიც სტუმართაგან საუკეთესო იყო, გაიყვანა კარგ პოზიციაზე ნაკანი, რომელმაც კარს ააცილა ბურთი.

მე-19 წუთზე სანიკიძის უძლიერესი საჯარიმო დარტყმა მოიგერია ივარდავამ. 25-ე წუთზე კი ივარდავა შორს გამოვიდა კარიდან და უხეიროდ მოიგერია ბურთი, რითაც შანსი მისცა ნაკანს, მაგრამ აქ "მგლების" მცველმა ითამაშა თავგანწირვით და განმუხტა მდგომარეობა. ორიოდე წუთში ისევ ნაკანი ურტყამს, ოღონდ არაზუსტად.

"მგლებმა" საპასუხო შეტევა განახორციელა და 28-ე წუთზე ქირიამ შესანიშნავი პასით თითქმის პირისპირ გაიყვანა წურწუმია, ის კი ბურთს ვერ მისწვდა.

41-ე წუთზე წურწუმიას საჯარიმო მოიგერია იაშვილმა, თუმცა ბურთი ხელიდან გაუვარდა და მისი დამატება ქირიამ სცადა - მეკარეს ფეხი სახეში მოხვდა და, საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ გამოდგა.

ასე ნულოვანი ფრით ჩაამთავრეს გუნდებმა პირველი ნახევარი.

მეორე ნახევარში მოედანზე სრულიად საპირისპირო სურათი ვიხილეთ. არ ვიცით, რა დარიგება მისცა "მგლების" მწვრთნელმა შესვენებისას თავის შეგირდებს, მაგრამ გუნდი მთელი ძალით ათამაშდა.

ჯერ წურწუმიას ჩაწოდებულზე დაარტყა ქირიამ, შემდეგ კი 5 წუთის განმავლობაში მამუკა ჭკადუამ ორჯერ უძლიერესად გაისროლა კარში, მაგრამ იაშვილი სამივეჯერ უშეცდომო იყო.

"მგლებმა" ზედიზედ რამდენიმე კუთხურიც ჩააწოდ, გოლიც თითქოს მომწიფდა და 64-ე წუთზე გავიდა კიდეც - ზამირ ჯანაშიამ ისარგებლა მცველთა შეცდომით და ეფექტური გოლი გაიტანა.

შეხვედრა იგივე სცენარით გაგრძელდა - მასპინძლები უტევდნენ, სტუმრები კი იშვიათი კონტრიერიშებით პასუხობდნენ.

ეს იყო და ეს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com