|
|
"სარბიელი"
ბედნიერი ვარ, რომ სეგრტმა შუშაკს მოსკოვი აღუთქვა - ახალი სტილი: დაემორჩილე, როგორც გერმანელი, შეუტიე, როგორც ქართველი
ირაკლი პერტაია ავტორის ფოტორეპორტაჟი
დიდი ხანი არ არის, რაც კლაუს ტოპმიოლერმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა საქართველო დატოვეს. ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა ჩვენი ეროვნული და სხვა ასაკობრივი ნაკრებების თავკაცებს უფერული შედეგები არ აპატიეს და თავაზიანად დაემშვიდობნენ. დარჩა მხოლოდ ერთი უცხოელი - ახალგაზრდული ნაკრების ხორვატი თავკაცი პეტარ სეგრტი. მართალია, ვერც ამ დაუდეგარმა კაცმა აიყვანა ჩვენი 21-წლამდელები ზეცაში, მაგრამ მის მუშაობასა და ნაკრების თამაშში პროგრესი ყველამ დაინახა. თანაც სეგრტის შეგირდებს ჯერაც შერჩენიათ ევროშესარჩევი ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი და მასთან კონტრაქტის გაწყვეტაც არავის უფიქრია. ხორვატი სპეციალისტი ასაკობრივი ნაკრებების ტექნიკური დირექტორიცაა და ტოპმიოლერისგან განსხვავებით, თითქმის სულ საქართველოშია - დადის სხვადასხვა კუთხეში, საჩვენებელ წვრთნებს ატარებს კლუბებსა თუ სკოლებში და არც ქველმოქმედება ავიწყდება. 30 აპრილს ის ახალციხეში ჩავიდა, იქაური "მესხეთი" წაავარჯიშა, მეორე დღეს კი ზემო ბოდბის უსახლკარო ბავშვებს ესტუმრა და საჩუქრები ხომ ჩაუტანა, კარგა გვარიანადაც აბურთავა პატარები. ამ საქველმოქმედო ღონისძიებისას კახეთში პეტარ სეგრტს ჩვენც ვახლდით და ეს ინტერვიუც იქ ჩამოვართვით...- რატომ ამოირჩიეთ მაინცდამაინც ზემო ბოდბის ბავშვთა სახლი. - აქამდეც ვყოფილვარ სხვადასხვა ბავშვთა სახლებში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით არაერთხელ მოეწყო საქველმოქმედო აქცია. - კეთილი, მაგრამ ამჯერად ინიციატორი თქვენ ბრძანდებით... - მე მყავს კარგი მეგობარი, ჰაინც ლიერი, რომელიც ყოფილი მასწავლებელია და ამჟამად გერმანულ მედია-ჰოლდინგ რუდზ გთ ეწ დშმუ-ში მოხალისედ მუშაობს. ესაა ოცამდე მსხვილი გაზეთის გაერთიანება, რომელიც მთელ მსოფლიოში ქველმოქმედებითაა დაკავებული. ჰაინც ლიერი საქართველოს კოორდინატორია და ახლა ზემო ბოდბის უსახლკარო ბავშვთა სახლს ეხმარება. ეს რომ გავიგე, მეც მომინდა აქ ჩამოსვლა და ბავშვების დახმარება. ფეხბურთის ფედერაციამაც აიტაცა ეს იდეა. ბედნიერი ვარ, რომ ბავშვებს ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ. - საჩუქრებთან ერთად, ბავშვებს მართლაც დიდი სიხარული აჩუქეთ, როცა ავარჯიშეთ და მათთან ერთად ფეხბურთი ითამაშეთ... - დამიჯერეთ, ამაზე დიდი სიხარული არ არსებობს, როცა ბავშვების გაბრწყინებულ სახეებს ხედავ. თავიდან, რომ ჩავედით, პატარები მოღუშულები დაგვხვდნენ, მათ აშკარად აკლიათ მშობელთა სითბო. თუმცა ჩემმა ვარჯიშებმა და განსაკუთრებით ფეხბურთის თამაშმა იმხელა სიხარული მოჰგვარა მათ, რომ უკან აღარ გვიშვებდნენ. ყველამ სათითაოდ გვკითხა, კიდევ როდის გვესტუმრებითო. იცით, ყველა ბავშვს აქვს იმის სურვილი, რომ მასზე ზრუნავდნენ და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ მათზე. - ქველმოქმედებას სასელექციო მუშაობაც კარგად შეუთავსეთ და ბოდბეში ტალანტიც აღმოაჩინეთ... - მართლა ძალიან დავინტერესდი 11 წლის ომარ ლეკიაშვილით, რომელსაც კარგი მონაცემები აქვს და მას აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას. ვიცი, როგორ უნდა დავუკაშვირდე მას და უახლოეს დღეებში ომარს თბილისში ჩავიყვან. იმედი მაქვს, ის კარგი ფეხბურთელი გაიზრდება და ნაკრებსაც გამოადგება. - ნაკრებსაც მივადექით. თქვენმა გუნდმა მშვენივრად ჩაატარა ბოლო მატჩები - 4 შეხვედრაში ისე იმარჯვეთ, გოლი არ გაგიშვიათ... - ახალგაზრდული ნაკრების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. როგორც იქნა, ბიჭებმა ისწავლეს სწორი თამაში, თუმცა ეს დასაწყისია და ტაქტიკის სრულყოფისთვის მომავალი მატჩებიც დაგვეხმარება. - თუმცა დარჩენილ ორ ტურში იმის შანსიც არსებობს, რომ შესარჩევი ჯგუფიდან გახვიდეთ... - ამის ალბათობა მცირეა, მაგრამ გამორიცხული არაფერია. რუსეთმა ესპანეთში უნდა წააგოს, ჩვენ კი პოლონეთს ვძლიოთ და თუ ასე მოხდა, ბოლო ტურში მოსკოვში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გვექნება. რუსეთს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ ერთ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. - მით უმეტეს, რუსეთი თბილისში უკვე დაამარცხეთ... - ის იყო დიდებული მატჩი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ვიცი, რას ნიშნავს ქართველებისთვის რუსების დამარცხება. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი მატჩის მოგება. მე იმ გამარჯვების გემო საფინალო სასტვენის შემდეგ რეალურად შევიგრძენი. მოედნიდან რომ გამოვედი, ტრიბუნებსა და სტადიონს გარეთ მყოფ ადამიანებს ისეთი სახეები ჰქონდათ, ისეთი ამაყები და ბედნიერები იყვნენ, რომ თავი ზღაპარში მეგონა. მივხვდი, რამხელა სიხარული მიანიჭა მათ იმ საღამოს ჩემმა გუნდმა და ამით ძალიან ამაყი ვიყავი. - ალბათ სწორედ ამ მატჩს მიიჩნევთ თქვენი ახალგაზრდული ნაკრებისთვის საუკეთესოდ... - რა თქმა უნდა. მატჩის წინა ღამეს მე და ჩემს ასისტენტ გელა შეყილაძეს არ გვეძინა. ვფიქრობდით, რა ტაქტიკით გვეთამაშა რუსების წინააღმდეგ. მეტოქეს არაერთი შემსრულებელი ჰყავდა და, პირველ რიგში, სიფრთხილე იყო საჭირო. ფრთხილმა და კონტრშეტევებზე აწყობილმა თამაშმა გაამართლა. 1:0-ზეც ეკლებზე ვიჯექი და ველოდი მეორე გოლს, რომელიც ბექა გოცირიძემ შეაგდო და ყველაფერი გაარკვია. მატჩის შემდეგ ივო შუშაკმა დამირეკა და მითხრა, ხორვატებს კარგად გამოგვდის რუსების დამარცხებაო. ვუპასუხე, ეგ მოსკოვური მატჩის შემდეგ უკეთ გვეცოდინება-მეთქი. - ეროვნულ ნაკრებს არანაკლებ კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ გუნდური თამაში ახალგაზრდულზე უკეთ არ გამოსდის. როგორ ახერხებთ გუნდის მთლიან სისტემაში მოქცევას. - ჩემი აზრით, ჩვენ ახალ ქართულ სათამაშო სტილს მივაგენით. თავიდან ძალიან მიჭირდა, მოთამაშეებისთვის გამეგებინებინა, რომ მთავარია სისწრაფე და ბურთის დაკარგვის მინიმუმამდე შემცირება. ამას მუყაითი შრომა, ვარჯიშები და საქმისადმი პროფესიონალული მიდგომა სჭირდება. ჩემი თანაშემწეებისა და მოთამაშეთა მონდომებით მივაღწიეთ იმას, რომ შეცდომების რაოდენობა მნიშვნელოვნად შევამცირეთ. მოედანი დავყავით სამ ზონად. საკუთარი კარისკენ მონაკვეთში ბურთის დაკარგვა უპატიებელია. ცენტრში შედარებით მეტი თავისუფლება დავუშვი, აი, თავდასხმაში კი მოთამაშეს სრული იმპროვიზაციის უფლება აქვს. ყველა ისე ემორჩილება დისციპლინას, როგორც გერმანელი და ისე უტევს, როგორც ქართველი. - პროგრესი დისციპლინამ უფრო განაპირობა თუ კლასმა. - პირველი შობს მეორეს, ანუ, როცა დისციპლინა მაღალ დონეზეა, კლასიც იმატებს. კლასის პროგრესი კი აშკარაა. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი ბოლო მატჩი - 40 კანდიდატიდან 16 სხვადასხვა მიზეზის გამო გვაკლდა, მაგრამ მაინც იოლად მოვიგეთ ლატვიელებთან. ახალგაზრდები ნელ-ნელა უმატებენ და ამ ნაკრების ძირითადი მიზანიც ხომ ესაა - ეროვნული გუნდი შეავსოს. - თქვენი გუნდიდან ვინ მიგაჩნიათ დღესდღეობით ეროვნული ნაკრებისთვის ღირსად. - ღირსეულობისა რა გითხრათ და, ეროვნულთან ახლოს არიან უჩა ლობჟანიძე, გიორგი მერებაშვილი, ბექა გოცირიძე, რევაზ ბარაბაძე, გიორგი ნავალოვსკი და ირაკლი კლიმიაშვილი. თუ ეს ბიჭები პროგრესს არ შეწყვეტენ, მალე მათთვის ძირითადი ნაკრების კარიც გაიღება. - დაბოლოს, ეროვნული გუნდის თავკაცზე გკითხავთ. იყო ლაპარაკი, რომ მომავალ მატჩამდე ახლის დანიშვნა ვერ მოესწრებოდა და ნაკრებს დროებით თქვენ ჩაგაბარებდნენ... - რასაც ფედერაცია გადაწყვეტს, მეც ისე მოვიქცევი. ეროვნულ გუნდს უფრო სახელიანი მწვრთნელი სჭირდება, მე კი ჯერ ბევრი მაქვს დასამტკიცებელი. თუმცა ყოველთვის მზად ვარ და დიდი სიამოვნებით გავუძღვები ეროვნულ ნაკრებს, თუკი ამ პასუხისმგებლობას თუნდაც ერთ მატჩში დამაკისრებენ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |