"სარბიელი"
# 102
ოთხშაბათი, 7 მაისი, 2008 წელი

დიდებული ოცდამეთვრამეტემა

შ ასე - ინგლისის ჩემპიონს ბოლო ტური გამოავლენს, რაც აქამდე პრემიერლიგაში არასოდეს მომხდარა. მომავალ კვირას, 11 მაისს "ჩელსი" "ბოლტონს" უმასპინძლებს, "მაჩესტერი" კი უიგანში ჩავა.

ორშაბათს "ჩელსიმ" ნიუკასლში მასპინძლები მეორე ტაიმში გატეხა და "სენტ ჯეიმს პარკზე" 2001 წლის შემდეგ პრემიერლიგის მატჩი პირველად მოიგო.

ავრაამ გრანტის გუნდს "ლივერპულთან" ასოცწუთიანი ბრძოლის კვალი ეტყობოდა და შესვენებამდე ვერაფერი შექმნა, მაგრამ მეორე ტაიმში ლონდონელებმა კუნთები გაახურეს და დაწინაურდნენ.

დიდიე დროგბამ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმო შეასრულა, ბალაკმა კი ხუთი მეტრიდან თავით გაიტანა.

გერმანელმა ნახევარმცველმა სეზონის ბოლო გაიპიროვნა. ჩემპიონატში "მანჩესტერს" ხომ მისი დუბლით მოუგეს, "ლივერპულთან" ნახევარფინალში პენალტი მოინაგრა და ამჯერად "ნიუკასლთანაც" იყოჩაღა.

"ჩელსის" მეორე გოლი კი სამაგალითო იყო - შვიდპასიანი კომბინაცია საჯარიმოში შესულმა მალუდამ დაასრულა.

ავრაამ გრანტი: "ჩემი ფეხბურთელები ადამიანები არიან და არა მანქანები. ბუნებრივია, რომ ისინი დაიღალნენ და პირველი ტაიმიც ამიტომ არ გამოუვიდათ. თავად განსაჯეთ: ჯერ "ლივერპულთან" ითამაშეს, მერე "მანჩესტერს" მოუგეს და შემდეგ კი ისევ "ლივერპულთან" 120 წუთი იბრძოლეს".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com