"სარბიელი"
# 102
ოთხშაბათი, 7 მაისი, 2008 წელი

ლიგა ლიგაში ანუ პესიმისტი კიგანი

პაპუნა კედია

კევინ კიგანი შიშობს, რომ პრემიერლიგის ზედა ოთხი გუნდის უპირატესობა დანარჩენებთან შედარებით, ინგლისურ საკლუბო ფეხბურთს დააზარალებს. "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი", "არსენალი", და "ლივერპული" აგერ უკვე სამი სეზონია, ცხრილის მწვერვალთან ახლოს არავის უშვებენ და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მომდევნო სეზონშიც იგივე გაგრძელდება.

კიგანი: "იქნებ, ჩვენი კლუბის პრეზიდენტს ჰგონია, რომ მომავალ სეზონში ოთხეულში შესვლას მოვახერხებთ, მაგრამ ეს შეუძლებელია. პრემიერლიგა საშიშროების წინაშე დგას. შესაძლოა, ის გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ ყველაზე მოსაწყენი ლიგა".

მოგეხსენებათ, კიგანმა "ნიუკასლ იუნაიტედის" მწვრთნელის თანამდებობაზე იანვარში შეცვალა სემ ალარდაისი. ალბათ, მოგეხსენებათ ისიც, რომ კიგანი ცნობილია, როგორც გამოუსწორებელი ოპტიმისტი და სწორედ ამიტომ ენიჭება მის მიერ იის-სთვის ნათქვამ და ჩვენს მიერ თქვენს სამსჯავროზე გამოტანილ ამ სიტყვებს საგანგებო მნიშვნელობა. ის ამბობს, რომ მაქსიმუმი, რაც დანარჩენ ინგლისურ კლუბებს შეუძლიათ ქნან, მეხუთე ადგილზე გასვლაა.

"ზედა ოთხეული მომავალ სეზონშიც იგივე იქნება - დასძინა "ნიუკასლ იუნაიტედის" თავკაცმა - ერთადერთი, რაც მე შემიძლია, ნიუკასლელ ფანებს დავპირდე, მეხუთე დაგილისთვის ბრძოლაა. სხვა სიტყვებით, ჩვენ შევეცდებით, მოვიგოთ პრემიერლიგის შიგნით შექმნილი მეორე ლიგის ჩემპიონობა. მე დიდძალი ფული არ მაქვს და ვერც ფეხბურთელებს მოვთხოვ შესაძლებელზე მეტს. ერთი სიტყვით, რა რესურსიც მაქვს, იმით განვაგრძობ მუშაობას. შესაძლოა, ორი ან მაქსიმუმ სამი ახალი ფეხბურთელი დავამატო. ეს გამოყოფილ თანხაზე იქნება დამოკიდებული".

კევინ კიგანი "ნიუკასლ იუნაიტედს" 1992-1997 წლებშიც წვრთნიდა და მაშინ, მისი ხელმძღვანელობით "კაჭკაჭები" ტიტულისთვის მებრძოლთა შორის მოხვდნენ, მაგრამ წარსულის დიდი ვარსკვლავი ამბობს, რომ დღევანდელ ეპოქაში იგივეს განმეორება შეუძლებელია. კიგანის პესიმისტური მოსაზრებანი ორშაბათს ნიუკასლელთა "ჩელსისთან" მარცხმა კიდევ უფრო განამტკიცა:

"თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ამ გუნდებს მომავალ სეზონში ვერანაირი ხერხით ვერ მივუახლოვდებოდით და მწარე სინამდვილეც სწორედ ესაა. ვიჯექი თამაშზე და ვფიქრობდი, ნეტავ ამ "ჩელსის" მოთამაშეებიდან რომლის აყვანა შემეძლება მეთქი. რამდენადაც ვიცი, მათგან შეიძლება შევჩენკო, ლამპარდი და ჯო კოული წავიდნენ".

თუმცა, როგორც ინგლისური პრესა წერს, "ნიუკასლის" პატრონებმა კიგანს საზაფხულოდ მაინც აღუთქვეს იმდენი ფული, რომ მან ერთი-ორი ვარსკვლავი მოხიბლოს.

კლუბის თავმჯდომარე კრის მოტი: "ზაფხულზე ჩვენ აუცილებლად გავძლიერდებით. გარდა აუცილებელი ნასყიდობებისა, შევეცდებით ისეთი მოთამაშეების შეძენასაც, რომლებიც ჩვენს გუნდს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად აქცევენ და თან არა ერთი და ორი წლით".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com