"სარბიელი"
# 102
ოთხშაბათი, 7 მაისი, 2008 წელი

ბოლო ტონი: უიგანი და ბოლტონი

პაპუნა კედია

"ჩელსის" თავკაცი ავრაამ გრანტი ამბობს, რომ პრემიერლიგის ტიტულის მთავარ კანდიდატსა და მისი გუნდის კონკურენტს "მანჩესტერ იუნაიტედს" კვირას, შეჯიბრების ბოლო შეხვედრის ჩატარება ლონდონელებზე უფრო დიდი წნეხის ქვეშ მოუწევს. შეგახსენებთ სატურნიო ვითარებას: ნიუკასლში გამარჯვების შემდეგ გრანტი და მისი რაზმი "იუნაიტედს" ქულებით გაუთანაბრდა, მაგრამ გატანილ-გაშვებულთა სხვაობით ჩამორჩება და ამდენად ფავორიტად მაინც მანჩესტერელებს მიიჩნევენ. ბოლო დღე კი ასეთია: "იუნაიტედი" უიგანში მიდის, ხოლო "ჩელსი" "ბოლტონს" მასპინძლობს.

"ჩვენ "ბოლტონი" უნდა დავამარცხოთ და შევხედოთ, რას იზამს "იუნაიტედი". მთავარი ზეწოლა მასზეა - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გრანტმა - ჯერ კიდევ როდის დავდე პირობა, რომ ხელს არავითარ შემთხვევაში არ ჩავიქნევდით და ბრძოლას ბოლო წამამდე არ შევწყვეტდით. "ჩელსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედს" გვარიანი ბრძოლა შესთავაზა. განა ვინმე ფიქრობდა, რომ ჩვენ ჩემპიონობის კანდიდატები ვიქნებოდით. ჰოდა, ბრძოლას განვაგრძობთ კიდეც. მინდა, იმედიანად ვიყო. ვნახოთ, ყველაფერი ბოლო წამს გადაწყდება".

და მართლაც, ლონდონელებმა თავი მეტწილად შობის შემდეგ, მეორე წრეში გამოიჩინეს. გარდა იმისა, რომ პრემიერლიგის ბოლო ტურს ისინი ლიდერთან თანაბარი ქულებით შეხვდნენ, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდნენ, სადაც იმავე "იუნაიტედთან" აქვთ სათამაშო.

გრანტი: "როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ დიდი ძალისხმევა და ბრძოლა დაგვჭირდა, მაგრამ ამ შრომამ და ბრძოლამ შედეგი გამოიღო. "ჩელსი" სულ უკეთ და უკეთ თამაშობდა, მითუფრო ბოლო პერიოდში. "ნიუკასლთან" შეხვედრაში თავიდან ისე ვერ ვყოჩაღობდით, როგორც ბოლოხანს გვჩვევია, ხოლმე, მაგრამ ამას ახსნაც აქვს - დაღლა. აბა, გაიხსენეთ, მოკლე დროში რამდენი უმნიშვნელოვანესი თამაში გადავიტანეთ. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში უბრალოდ ფანტასტიკურად ვითამაშეთ და ის შედეგი მივიღეთ, რომელსაც ვეშურებოდით. ერთადერთი, რაც იმ დღეს მოთამაშეებს ვთხოვე, იმის გაკეთება გახლდათ, რაც გამარჯვებისთვის იქნებოდა საჭირო, მეტი არაფერი. "იუნაიტედი" დიდი გუნდია, მაგრამ ჩვენ მას ტოლს არ ვუდებთ და მომავალშიც ასე განვაგრძობთ".

"ჩელსის" კაპიტანი ჯონ ტერი კი ასე ფიქრობს:

"ვფიქრობ, "უიგანი" პრემიერლიგაში სამართლიანობა აღადგენს. ამ გუნდს საფრთხე აღარ ემუქრება და მოტივაციაც თითქოს არ აქვს, მაგრამ ისეთი დიდი მენეჯერის წინამძღოლობით, როგორიც სტივ ბრიუსია, ის დიდ ამოცანასაც შეეჭიდება. ერთი სიტყვით, თუ შინ "ბოლტონს" დავამარცხებთ, ჩემპიონობის შანსი გვექნება".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com