|
|
"სარბიელი"
ჩაო რონალდო?
სტივ უილსონი
სტივ უილსონი თვლის, რომ ტრანსვესტიტებთან სექსუალურ სკანდალში გახვევამ რონალდოს იტალიურ კარიერას საბოლოოდ დაუსვა წერტილი. კიდევ ერთხელ გაღმერთებული ვარსკვლავი კენწეროდან გადმოეშვა, რაც თავის თავს უნდა დააბრალოს ასე მგონია, ეს უკვე 100-ჯერ მაინც მაქვს დაწერილი, მაგრამ ეს ნამდვილად ბოლოჯერ იქნება. მომავალ სეზონში "მილანის" ფეხბურთელად რონალდოს სერიოზულად ალბათ აღარავინ აღიქვამს. ყველანი გაოცებულნი ვიყავით, როცა მოლოდინის საპირისპიროდ, მან მაინც შეძლო მწყობრში ჩადგომა და კარგადაც ათამაშდა. ასევე ყველას ძალიან დაგვწყდა გული, როცა იგი კიდევ ერთხელ დაშავდა. თუმცა დაიმსახურა კი "ილ ფენომენომ" ის თანაგრძნობა და ყურადღება, რომელსაც მისდამი "როსონერის" ფანები იჩენდნენ. გაისარჯა კი იგი ისე, რომ მისთვის "მილანის" მიერ გაწეული ამაგი აენაზღაურებინა. ეჭვი მეპარებოდა, რომ დაბრუნებას შეძლებდა და კარლო ანჩელოტის გუნდისთვის რაიმე სასარგებლოს გააკეთებდა. ვფიქრობდი, რომ მისი საუკეთესო წლები დიდი ხნის ჩავლილი იყო და ისევ ტრავმები შეუშლიდა ხელს. არ გამხარებია, როცა მართალი გამოვდექი. მესიამოვნა, როცა დავინახე, თუ რამდენ ადამიანს სჯეროდა მისი და როგორ გვერდით დაუდგნენ ცნობილ "ცხრა ნომერს". 2006-2007 წლების სეზონის 14 თამაშში მისი 7 გოლი შთამბეჭდავი იყო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიკითხოთ - გააკეთა კი მან იმდენი "როსონერის" მაისურით, რომ ასეთი გულშემატკივრობა დაემსახურებინა. ჩემი გულის ნაწილი იმედოვნებდა, რომ რონალდინიო ამ მძიმე ტრავმის გადალახვასაც შეძლებდა და დაბრუნდებოდა. ბევრი ამაში დარწმუნებული იყო. თუმცა ამოუდგება ახლა ეს ხალხი ბრაზილიელს მხარში. ვნახეთ კარნავალის სურათები, რომელზეც რონალდო ლათინოამერიკელი ოსტინ პაუერივით ჩაცმული იყო. ამას მოყვა ეს გახმაურებული სკანდალი სამ ბრაზილიელ ტრანსვესტიტთან... და არა მგონია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ის გამოჯანმრთელებაზე და სერია ფ-ს მომავალ სეზონზე სერიოზულად და ბევრს ფიქრობდეს. დიახ, შესაძლოა, ეს მისი პირადი ცხოვრებაა და ვინ ვართ ჩვენ, რომ განვსაჯოთ. თუმცა არ აქვს მას პასუხისმგებლობა "მილანის" წინაშე, რომ დაიცვას წესრიგი, მშვიდად და ნორმალურად მოიქცეს, სანამ ტრავმას არ მოიშუშებს. თუ ფიქრობს, რომ ამგვარი საქციელი ნორმალური და მისაღებია, მაშინ მისთვის "როსონერის" სამომავლო გეგმებში მცირე ადგილიც არ იქნება. მით უმეტეს, როცა გუნდს ისეთი ნიჭიერი და ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავთ, როგორიც "ილ ფენომენოს" თანამემამულე ალეშანდრე პატოა. "იხვის" კუმირი სწორედ რონალდოა, მაგრამ აჯობებს, თუ პატო მისი თამაშის ძველ ვიდეოჩანაწერებს ნახავს, აქედან ისწავლის რამეს და ამით შემოიფარგლება, თორემ რონალდოსგან საშინელი მენტორი და ამღზრდელი რომ გამოვა, ფაქტია. რონიმ ისიც თქვა, რომ გამოვჯანმრთელდები, შესაძლოა, სამშობლოში დავრჩე და თამაში აქ გავაგრძელო, "ფლამენგოს" მაისურითო. ეგებ ეს ჭკვიანურიც იყოს და ჯობდეს სერია ფ-ს დაძაბულ ცხოვრებაში დაბრუნებას. თუმცა, მეორე მხრივ, უმჯობესია, დისციპლინა დაიცვას, "მილანელოზე" ვარჯიში გააგრძელოს, გუნდის წევრად დარჩეს და ფეხბურთში დაბრუნებაზე იფიქროს, ვიდრე მსოფლიოს მეორე ნაწილში რაღაც სისულელეების კეთებით იყოს დაკავებული. ასეა თუ ისე, ბრაზილიელისადმი ნდობა მისმა ყველაზე თავგადაკლულმა დამცველებმაც დაკარგეს და ისინი ნელნელა ფარ-ხმალს ყრიან.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |